ახალი ამბები

გარდაცვლილ მიქაუტაძეს დამატებითი ექსპერტიზა ჩაუტარდება

9 ივლისი, 2013 • • 993
გარდაცვლილ მიქაუტაძეს დამატებითი ექსპერტიზა ჩაუტარდება

როგორც მიქაუტაძის ცოლმა ზიზი ეძგვერაძემ “ნეტგაზეთს” განუცხადა, გარდაცვლილის შინაგანი ექსპერტიზის ჩატარების გადაწყვეტილება იმ უნდობლობის გამო მიიღო, რაც მას სამართალდამცავი უწყების მიმართ აქვს.

 

ზიზი ეძგვერაძეს გუშინ, 8 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლები გვიან ღამემდე კითხავდნენ სახლში. დაკითხვას ესწრებოდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის  ორი იურისტი.

 

ზიზი ეძგვერაძე ამბობს, რომ დაკითხვამ მშვიდ გარემოში ჩაიარა, პოლიციელები კი კითხვებს უსვამდნენ მამუკა მიქაუტაძის მიერ თვითმკვლელობის ჩადენამდე მონაყოლზე, მასზე განხორციელებულ ზეწოლაზე და ა.შ. სამართალდამცავებმა მიქუტაძის სახლიდან ექსპერტიზის მიზნით წაიღეს ის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, რომელიც მიქაუტაძეს დაკითხვისას თბილისის მთავარ სამმართველოში ეცვა.

 

გარდაცვლილის მეუღლე ამბობს, რომ ის არ ენდობა პოლიციას, რის გამოც მათგან მოითხოვა იმ ჩვენების ასლი, რომელიც გვიან ღამით მისცა მათ.

 

ოჯახი აცხადებს, რომ მამუკა მიქაუტაძე პოლიციაში რამდენიმე დღის წინ დაკითხვაზე ჰყავდათ მიყვანილი, რა დროსაც მასზე განხორციელდა ფიზიკური და სიტყვიერი ძალადობა სხვისი დადანაშაულების მოთხოვნით, რის შემდეგაც სახლში დაბრუნებულმა მიქაუტაძემ ცოლს განუცხადა, რომ მას ცრუ ჩვენება მიაცემინეს გამოძიებისთვის და ამ სიცრუით ვერ იცხოვრებდა. რამდენიმე საათის შემდეგ მიქაუტაძე თბილისის ზღვაზე ჩამომხრჩვალი იპოვეს. გამოძიება დაწყებულია თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით.

მასალების გადაბეჭდვის წესი