ახალი ამბები

კბილაშვილის თქმით, ბედუკაძის საქმის სამართლებრივად გადახედვა არ მოხდება

9 ივლისი, 2013 • • 891
კბილაშვილის თქმით, ბედუკაძის საქმის სამართლებრივად გადახედვა არ მოხდება

როგორც კბილაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ეს გადაწყვეტილება კანონით მთავარი პროკურორის კომპეტენციაში შედის და მანამ, სანამ იგი ბედუკაძესთან განსაკუთრებული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების გაფორმების გადაწყვეტილებას მიიღებდა, ამ საკითხზე პროკურატურის შიგნით გაიმართა მსჯელობა. გარდა ამისა, მას საუბარი ჰქონდა სამართალდამცავი სტრუქტურების სხვა წარმომადგენლებთან.

 

‘მე ამ შაბათს მქონდა პრემიერთან საუბარი. არგუმენტები, რომელიც თქვენ მოისმინეთ, მასაც მოვახსენე”, – განაცხადა დღეს კბილაშვილმა.

 

კბილაშვილის თქმით, პრემიერი თავის პოზიციას იმ მაღალი მორალური სტანდარტიდან აფიქსირებს, რომლის მიხედვითაც, როდესაც საუბარია წამებაზე, ადამიანის პასუხისმგებლობისაგან სრულად გათავისუფლება არ შეიძლება. მთავარი პროკურორი ამბობს, რომ იგი ამ პოზიციას პატივს სცემს, თუმცა ჩათვალა, რომ ბედუკაძის შემთხვევაში უფრო სამართლიანი იქნებოდა ის გადაწყვეტილება, რომელიც მან მიიღო. ამასთანავე, მთავარი პროკურორი არ ფიქრობს, რომ განსხვავება, რომელიც მის გადაწყვეტილებასა და პრემიერის პოზიციას შორის არსებობს, შეიძლება კონფლიქტად ჩაითვალოს.

 

იგი ასევე გამოეხმაურა პრემიერის მოწოდებას, რომლის მიხედვითაც ბედუკაძის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების გადახედვა უნდა მოხდეს. კბილაშვილის თქმით, საპროცესო კანონმდებლობა ასეთ შესაძლებლობას არ ითვალისწინებს, შესაბამისად, გადაწყვეტილების გადახედვა ვერ მოხდება.

 

კბილაშვილმა ასევე უპასუხა ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას, რომელიც თანადმებობიდან მის შესაძლო გადადგომას ეხებოდა. კბილაშვილის თქმით, მისი თანამდებობაზე ყოფნისათვის გარკვეული დადგენილი ვადა არ არსებობს:

 

“ეს [თანამდებობიდან გათავისუფლება] შეიძლება მოხდეს ნებისმიერ დროს: დღეს, ხვალ, ერთი წლის ან 10 წლის მერე, ნებისმიერ დროს. მე ყოველთვის მზად ვარ, რომ ასეთი გადაწყვეტილება დაიდოს”, – განაცხადა მან.

მასალების გადაბეჭდვის წესი