ახალი ამბები

საია უპერსპექტივოდ მიიჩნევს კბილაშვილის უკანონო გადაწყვეტილების გამოსწორებას

9 ივლისი, 2013 • • 1010
საია უპერსპექტივოდ მიიჩნევს კბილაშვილის უკანონო გადაწყვეტილების გამოსწორებას

“საია ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომელიც შეეხება ვლადიმერ ბედუკაძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმებას.

არჩილ კბილაშვილი
არჩილ კბილაშვილი

საია ეთანხმება საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას იმ ნაწილში, რაც წამების ჩამდენი პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან სრულად გათავისუფლების დაუშვებლობას ეხება. ამასთან, საია სამართლებრივად უპერსპექტივოდ მიიჩნევს ვლადიმერ ბედუკაძის მიმართ დამდგარი განაჩენის შეცვლის შესაძლებლობას.

 

საიას აზრით, საქართველოს მთავარმა პროკურორმა დაარღვია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 218-ე მუხლის მე-8 პუნქტი, რომელიც კრძალავს 1441 (წამება), 1442 (წამების მუქარა) და 1443 (დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა) მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩამდენი პირის სასჯელისაგან სრულად გათავისუფლებას. მთავარ პროკურორთან ერთად კანონმდებლობის მოთხოვნები დაარღვია იმ მოსამართლემაც, რომელმაც არსებითი განხილვის გარეშე მიღებული განაჩენით დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 213-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე მოსამართლეს უნდა დაებრუნებინა საქმე პროკურორისათვის, ვინაიდან დარღვეული იყო საპროცესო კოდექსის 21-ე თავის მოთხოვნები. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ აღნიშნული კანონდარღვევა არ არის საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე არსებითი განხილვის გარეშე მიღებული განაჩენის გაუქმების საფუძველი.

 

ეს განაჩენი შეიძლება გაუქმებულიყო თავად ვლადიმერ ბედუკაძის საჩივრის საფუძველზე 15 დღის ვადაში თუ ის დაიდო მოტყუებით, იძულებით, ძალადობით, მუქარით ან დაშინებით, ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება ან სასამართლომ უგულველყო საპროცესო შეთანხმების დასადებად აუცილებელი საპროცესო წესები. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ პროკურატურას არა აქვს უფლება ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე საფუძვლით მოითხოვოს საპროცესო შეთანხმების გაუქმება. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი მხოლოდ ერთ შემთხვევას ითვალისწინებს, როდესაც პროკურატურას შეუძლია საპროცესო შეთანხმების გაუქმების მოთხოვნა და ეს არის 215-ე მუხლის მე-4 ნაწილი. ეს ნორმა აძლევს პროკურატურას უფლებას, ზემდგომ სასამართლოში შეიტანოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების გაუქმების თაობაზე, თუკი მსჯავრდებულმა დაარღვია ამ შეთანხმებით ნაკისრი რაიმე პირობა. ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია, თუ რა პირობის დარღვევას შეიძლება შეედავოს პროკურატურა ბედუკაძეს.

 

გარდა განაჩენის გასაჩივრებისა, არსებობს მისი გადასინჯვის შესაძლებლობა ახლად აღმოჩენილი და ახლად გამოვლენილი გარემოების გამო. ამ საფუძვლის ვლადიმერ ბედუკაძის საქმის მიმართ გამოყენებაც ამ ეტაპზე ბუნდოვანია, ვინაიდან უცნობია ის, თუ რა ახალი ფაქტობრივი ან სამართლებრივი გარემოება გამოიკვეთა, რა ისეთმა საპროცესო ხასიათის დარღვევამ იჩინა თავი, რაც უცნობი იყო ვლადიმერ ბედუკაძესთან საპროცესო შეთანხმების დადების მომენტისათვის.

 

აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის თხოვნის შესრულებას ვლადიმერ ბედუკაძის სასჯელისაგან სრულად გათავისუფლების თაობაზე სამართლებრივად დაუსაბუთებლად მივიჩნევთ. 

 

ამრიგად, მსგავსი გადაწყვეტილების შეცვლას შეიძლება საფუძვლად დაედოს მხოლოდ კანონით ზუსტად და ნათლად განსაზღვრული საფუძველი, რისი არარსებობის შემთხვევაშიც საიას დაუშვებლად მიაჩნია სასამართლოს მიერ თუნდაც სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების დარღვევით დამტკიცებული უკანონო საპროცესო შეთანხმების გაუქმება. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქნება ერთი უკანონობის მეორე უკანონობით გამოსწორების მცდელობა, რაც, როგორც წესი, ვერასოდეს იძლევა სასურველ შედეგებს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი