თბილისში “სასკი ბასკონიას” საკალათბურთო სკოლა გაიხსნება

თბილისში “სასკი ბასკონიას” საკალათბურთო სკოლა გაიხსნება. ცნობილ ესპანურ კლუბს საკალათბურთო სკოლების გახსნა საქართველოს სხვა ქალაქებშიც სურს. ამ საკითხთან დაკავშირებით თბილისში ვიზიტით იმყოფება კლუბის გენერალური დირექტორი ხესუს ვასკესი.

როგორც კალათბურთის ფედერაციიდან გვაცნობეს, უმსხვილეს ესპანურ კომპანიასთან საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას მჭიდრო საქმიანობა აკავშირებს და ვასკესის ეს ვიზიტიც ესპანურ-ქართული საკალათბურთო აკადემიის გახსნას უკავშირდება. ფედერაციის ინფორმაციით, მიმდინარეობს დეტალების დაზუსტება და სხვა საჭირო საკითხების შეჯერება.

მიუხედავად იმისა, რომ მის გეგმებში არ შედიოდა, “სასკი ბასკონიას” გენერალურმა დირექტორმა ქართველ ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენცია გამართა, რათა, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის განცხადებით, ბოლო პერიოდში მასმედიით გავრცელებული არასწორი ინფორმაციის ფონზე განმარტება გაეკეთებინა.

ხესუს ვასკესმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ყველა საკითხის შესახებ დეტალურად ისაუბრა და განიხილა, თუ რას გულისხმობს ესპანურ და ქართულ მხარეებს შორის დადებული შეთანხმება, რა განსზღვრავს მათ მოტივაციას და რა მიზნები თუ ამოცანები აქვს “ბასკონიას” დასახული, რომლებსაც უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში უკვე ახორციელებს. პირველ რიგში, ხესუს ვასკესმა მისი კლუბის შესახებ ისაუბრა.

“ბასკონიას” შესახებ

“სასკი ბასკონია” მსოფლიოში აღიარებულ საკალათბურთო კლუბია, რომელსაც ზურგს 60-წლიანი ისტორია უმაგრებს. გუნდი დაარსების წლიდანვე უმაღლეს საკლუბო დონეზე ასპარეზობს და არსებობის მანძილზე 5-ჯერ უთამაშია ევროლიგის ოთხთა ფინალში, ხოლო ერთხელ – ფინალში.

მიუხედავად წარმატებებისა, კლუბის ინტერესი უფრო მიმართულია ახალგაზრდობისკენ. როგორც ხესუს ვასკესი ამბობს, მრავალი წლის მანძილზე დამკვიდრებული პრაქტიკისა და გამოცდილების წყალობით, ისინი ამჯობინებენ, რომ პერსპექტიული კალათბურთელები აღმოაჩინონ და მომავალი თაობა კლუბს თავადვე აღუზარდონ.

ბასკონიის საკალათბურთო სკოლამ 20 წლის მანძილზე გაზარდა არაერთი მსოფლიო დონის ვარკვლავი – მათი სკოლა გაიარეს ანდრეს ნოჩიონიმ, ლუის სკოლამ, ტიაგო სპლიტერმა, ხორხე გარბახოსამ, ნიკოლა მარსელომ და არაერთმა სხვა ცნობილმა კალათბურთელმა.

“ტალანტების აღმოსაჩენად ჩვენი სკაუტები მთელი წლის მანძილზე აკვირდებიან სხვადასხვა ქვეყნებში ახალგაზრდა კალათბურთელებს და მათგან განსაკუთრებული მონაცემებისა და პოტენციალის მქონეებს არჩევენ. შერჩეული ბავშვები ხვდებიან სტიპენდიანტების სიაში და მათზე ზრუნვას 12 პროფესიონალისგან შემდგარი გუნდი იწყებს, რომელშიც მწვრთნელებთან ერთად შედიან ექიმები, ფიზიოთერაპევტი, დიეტოლოგი, მეთოდოლოგი, ფსიქოლოგი,” – ამბობს ხესუს ვასკესი.

საქართველოს ეროვნული კალათბურთის ფედერაციასთან დადებული შეთანხმების საფუძველზე, როგორც კლუბის გენერალური დირექტორი ამბობს, გაკეთდა გამონაკლისი და ხელშეკრულების ფარგლებში შეიმუშავეს სამუშაო პროგრამა, რათა იმ ახალგაზრდა კალათბურთელებს, რომლებიც უშუალოდ მათი კლუბის სკაუტებს არ შეურჩევიათ, მიეცეთ ექსკლუზიური შესაძლებლობა, ამ სამუშაო პროგრამაში ჩაერთნონ.

პროგრამა განხორციელდა ფონდ “5+11”-ის ფარგლებში, რომელიც 2011 წელს დაარსდა – მაშინ, როდესაც კლუბმა ცნობილი საფეხბურთო გუნდი “დეპორტივო ალავესი” შეიძინა და ერთ ფონდში გააერთიანა “ალავესისა” და “ბასკონიის” სასწავლო, სოციალური თუ სამუშაო პროგრამები.

რატომ დაიდო ეს ხელშეკრულება?

ხესუს ვასკესის თქმით, ოთხი წლის წინ ბასკონიაში პირველად უნდა ეთამაშა ქართველ კალათბურთელს, რამაც განაპირობა შეხვედრა საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასთან:

“ჩვენი ურთიერთობის საფუძველზე, გამომდინარე საქართველოს კალათბურთის ფედერაციის იდეების გამჭირვალობისა და პროფესიონალიზმისგან, გადავწყვიტეთ, საქმიანი ურთიერთობები გაგვეღრმავებინა. ქართულ მხარეს ჰქონდა სურვილი, რომ მათ ქვეყანაში საკალათბურთო დონე გაზრდილიყო და მიუხედავად იმისა, რომ აქამდე ასეთი სახის საერთაშორისო პარტნიორი არ გვყოლია, გადავწყვიტეთ ისეთი სახის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გაგვეფორმებინა, რომელიც ორივე მხარისთვის იქნებოდა ხელსაყრელი.”

“ბასკონიის” გენერალური დირექტორის განცხადებით, ძირითადი მიზანი, რომელიც ფედერაციას ჰქონდა, იყო ქართველი ახალგაზრდა მოთამაშეების პროფესიონალური დონის ამაღლება, რაც მომავალში საქართველოს ასაკობრივი და ეროვნული ნაკრებების წარმატებების საფუძველი იქნებოდა:

“ამისათვის დაიდო შემდეგი სახის ერთობლივი ხელშეკრულება, რომლის თანახმად, სახელმწიფო ყოველწლიურად, ხუთი წლის მანძილზე, აწარმოებდა 300 000 ევროს ინვესტიციას, რაც მთლიანად შეადგენს არა 2,5 მილიონს, როგორც ამას ახმიანებენ ნეგატიურად განწყობილი ადამიანები, არამედ – 1,5 მილიონს. დაიგეგმა, რომ ამ ინვესტიციის საშუალებით ქართველი ახალგაზრდა მოთამაშეებიც ჩაერთვებოდნენ ჩვენ მიერ შემუშავებულ სტიპენდიების პროგრამებში, სადაც გაივლინდნენ სწავლებას იმავე პროფესიონალების მიერ, რომელნიც მუშაობენ დანარჩენ სტიპენდიანტებთან. შესაბამისად, მოხდებოდა მათი მომზადება პროფესიოანლური კალათბურთისთვის, სპეციალურად შერჩეული პროგრამით.”

ხესუს ვასკესის თქმით, გადაწყდა, რომ ახალგაზრდა კალათბურთელების რაოდენობა დაახლოებით 15 მოთამაშით განისაზღვრებოდა.

“თავდაპირველად გადავწყვიტეთ, რომ დაგვეწყო 16 წლამდე მოზარდებით, რომლებიც ნაკრებში გადასვლამდე ჩვენი პროგრამით ივარჯიშებდნენ. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ქართული მხარის მიზანი იყო, არ მომხდარიყო თაობებს შორის წყვეტა და ყოველ ასაკში სოლიდური კონტიგენტი ყოფილიყო, მოხდა ასაკობრივი დიფერენციაცია.

კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ეს პროგრამა სპეციალურად ამ ხელშეკრულების ფარგლებში საქართველოსთვის შემუშავდა და სხვას არავის აქვს იმის შესაძლებლობა, რომ გარკვეული თანხის გადახდის შედეგად მოხვდეს ამ სამუშაო პროგრამაში – ანუ ჩვენს კლუბში.

შედეგად, ქართველ კალათბურთელებს მიეცათ შესაძლებლობა, ჩვენ მიერ შემუშავებული განსაკუთრებული პროგრამის ფარგლებში ისარგებლონ “ბასკონიის” უნიკალური ინფრასტრუქტურით, ივარჯიშონ თანამედროვე სისტემებით, გაეჯიბრონ მაღალი დონის გუნდების წევრებს და ამ ყველაფრის მატერიალური ღირებულების დადგენა ძალიან რთულია.

გარდა ამისა, ნუ დაგვავიწყდება, რომ მათ, ვინც  ესპანეთში  ამ სამწლიან კურსს  გადიან, სხვა პროფესიონალური სტატუსი ენიჭებათ, ისინი არ განიხილებიან როგორც უცხოელი მოთამაშეები და საკალათბურთო ბაზარზე მათი ფასი ბევრად მატულობს.

ვფიქრობთ, რომ ჩვენს პროგრამაში მონაწილე ქართველი მოზარდების პერსპექტივა და მათი მიღწევები უდიდესი მოტივაცია იქნება დამწყები კალათბურთელებისთვის. სწორედ ამ შესაძლებლობებს იძლევა ჩვენი და საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ერთობლივი პროექტი, რაც არა მხოლოდ მოთამაშეთა ინდივიდუალური ოსტატობის ამაღლების გარანტიაა, არამედ თქვენი ქვეყნის სამომავლო წარმატებებისთვის საკმაოდ ძვირფას ინვესტიციას წარმოადგენს.

აღნიშნული ხელშეკრულება მხოლოდ ახალგაზრდების აღზრდის საკითხს არ მოიცავს. “ბასკონია” ღიაა თქვენი ფედერაციისთვის და მზადაა, გაუზიაროს მას საკუთარი გამოცდილება და ცოდნა ნებისმიერი სფეროსა თუ მიმართულების კუთხით.

მას შემდეგ, რაც შევიმუშავეთ  მიზნები და ამოცანები, გაგვაგებინეს, რომ საკმაოდ მაღალი იყო ფინანსური შენატანი და უნდა განგვეხილა, თუ რამდენად შესაძლებელი იყო ამ გადასახადის შემცირება. და ასეთი აზრი გაგვიჩნდა, რომ მომხადიყო ამ თანხის ამოღება ქართველ კალათბურთელთათვის 100-პროცენტიანი სასწავლო უფლებების დაწესების საფუძველზე. მაგრამ ვინაიდან ჩვენთვის ჯერ უცნობი იყო ქართველი ბიჭების  პროფესიონალური დონე, კლუბმა დააწესა  50-%-იანი გადასახადი ქართველ კალათბურთელთათვის და 30%-იანი გადასახადი იმ სტიპენდიანტებისთვის, რომელთა  დონე ჩვენთვის ცნობილია და ვიცით, რამდენად რენტაბელურია ამის განხორციელება. ამ მონაცემების   თანახმად, შეიძლება ითქვას, რომ  აღნიშნული უფლებების დაწესებით  შესაძლებელი გახდებოდა არა მხოლოდ  ჩადებული თანხის ამოღება, არამედ  მოგების ნახვაც,” – ამბობს ხესუს ვასკესი.

“სასკი ბასკონიას” გენერალურმა დირექტორმა ქართველ ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენცია გამართა. ფოტო: GBF

ესპანური კლუბის გენერალური დირექტორის განცხადებით, ამ ეტაპზე სტიპენდიანტების პროექტში ჰყავთ სხვადასხვა ქვეყნის 19 მოთამაშე, რომელთა შორის 5 ქართველია:

“კლუბის ისტორია გვიჩვენებს, რომ  ჩვენი სკოლის მიერ აღზრდილი კალათბურთელების ძირითადი  ნაწილი ითამაშებს პროფესიონალურ გუნდებში, ზოგიერთი მათგანი- ევროპის პირველი რანგის კლუბებში,  მინიმუმ 2 მოთამაშე გვეყოლება NBA-ში.

ამიტომ მინდა ყველასთვის ნათელი იყოს ის, რომ ხელშეკრულების თანხით სხვა ქვეყნის  ახალგაზრდა მოთამაშეების მომზადება არ ხდება. ჩვენ ამ საქმიანობას 20 წელია ვეწევით და ასე გავაგრძელებდით საქართველოსთან დადებული ხელშეკრულების გარეშეც. ერთადაერთი, რაც ქართულ მხარეს ჩვენი სკოლის უცხოელ მოთამაშეებთან აკავშირებთ, არის ის ფორმულა, რომელიც შევიმუშავეთ იმისთვის, რომ მომხდარიყო საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციისთვის  ჩადებული ინვესტიციის ამოღება.

ამიტომ  საუბარია არა იმაზე, რომ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მიერ ინვესტირებული თანხით ჩვენ ვამზადებთ ისეთ მოთამაშეებს, რომლებიც მომავალში თქვენს ნაკრებებს დაუპირისპირდებიან, არამედ იმაზე, რომ აღნიშნული თანხით ვეხმარებით უცხოელ ახალგაზრდა მოთამაშეებს დაოსტატებაში და ამის სანაცვლოდ ქართველებს უფასოდ ვთავაზობთ პროფესიონალური სწავლების პროგრამას. იმ 300 000 ევროდან უნდა გაიმიჯნოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის მეორე ნაწილი, რაც შეადგენს ყოველწლიურ 200 000 ევროს, რომელიც საჭიროების შემთხვევაში დაიხარჯებოდა.”

როგორც ხესუს ვასკესი აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ ეს თანხა შეადგენდა 200 000 ევროს, ჯამში, 100.000 მეტ ევროზე მეტი არ დახარჯულა და ეს თანხაც ძირითადად უკავშირდებოდა მშობლების სამგზავრო ხარჯებს, ტრენინგების მოწყობას და ასე შემდეგ.

რა მოგება შეიძლება მიიღოს საქართველომ ამ პროექტით?

ხესუს ვასკესის განცხადებით, ზემოთქმულიდან გამომდინარე ნათელია, რომ საქართველოს კალათბურთის ფედერაცია ამ  შეთანხმების საფუძველზე ქართველ მოთამაშეებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, პროფესიული ევროპული გუნდის დახმარებით მიიღონ სიღრმისეული გამოცდილება, ივარჯიშონ მათ სპორტულ ცენტრებში, ითამაშონ მაღალი რანგის საერთაშორისო კალათბურთელებთან ერთად, რისი მიღწევაც საქართველოში დარჩენით, სამწუხაროდ, შეუძლებელი იქნებოდა:

“მთელი ეს ინვესტიცია, რასაც საქართველოს კალათბურის ფედერაცია აღნიშნულ პროექტში დებს, სწორი ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაში და თანამშროლობის საფუძველზე 8-9 წელიწადში უკან დაუბრუნდება და მთელ იმ სარგებელს, რასაც ახალგაზრდა თაობების აღზრდით ნახავს, სრულიად უსასყიდლოდ  მიიღებს.

კიდევ ერთი კომენტარი, რომელიც გახმიანდა, არის ის, თითქოს “ბასკონია მოგებას ნახულობს იმით, რომ ბევრი მოთამაშე ჰყავს, ვისზეც გარკვეული უფლებები გააჩნია. ჩვენ ამას არ ვეთანხმებით, ვინაიდან, სამუწუხაროდ, ძალიან დიდ სირთულეს წარმოადგენს, რომელიმე მოთამაშე მოხვდეს ესპანურ კლუბში კონკურენტუნარიანობის მაღალი დონიდან გამომდინარე. “

ის ფაქტი, რომ “ბასკონიაში” ერთი წლის მანძილზე ნავარჯიშებმა 16 წლამდე მოთამაშეებმა შეძლეს საქართველოს ნაკრების  ევროპის “ბ” დივიზიონიდან ელიტაში გადასვლა, კიდევ უფრო გვიმყარებს იმედს, რომ ჩვენ მიერ შემუშავებული პროგრამის საფუძველზე და ესპანეთში ახალგაზრდა ქართველ კალათბურთელთა პროფესიონალური პრაქტიკების გავლით დასახული მიზნების მიღწევა შესაძლებელია.”

ესპანური კლუბის გენერალური დირექტორის თქმით, ბუნებრივია, რომ ეს მხოლოდ “ბასკონიის” დამსახურება არ არის, მაგრამ ფიქრობენ, რომ გარკვეული წვლილი მათაც შეიტანეს.

ფინანსური ასპექტი და პროფესიონალური სწავლება

გამოითქვა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ფედერაცია მაინც წაგებაში იქნება, 8-9 წლის შემდეგ ზუსტად იგივე თანხა რომ დაიბრუნოს. ხესუს ვასკესის თქმით, ამგვარი სახის მსჯელობა მიუთითებს იმაზე, რომ არ ითვალისწინებენ იმ შრომას, რომელიც ამ ხნის მანძილზე გასწიეს ქართველი კალათბურთელების მიმართ, ასევე, არ ითვალისწინებენ ახალგაზრდების პროფესიულ ზრდას, რაც ისევ და ისევ საქართველოს ასაკობრივი და ეროვნული ნაკრების წარმატებების საწინდარი იქნება:

“არსებობენ სხვა კლუბებიც, რომელთაც აკადემიური სასწავლო სისტემის სანაცვლოდ ფიქსირებული ტარიფები აქვთ და ისინი წელიწადში 30-დან 50 ათასი ევროს ფარგლებში მერყეობენ.

ჩვენმა კლუბმა ახალგაზრდა ქართველი მოთამაშეები აკადემიაში კი არ გააწევრიანა, არამედ სტიპენდირებულ პროექტში ჩართო, რომელსაც 12 პროფესიონალი ავარჯიშებს, სთავაზობს მაღალი დონის მომსახურებას, ყოველდიურად სამ სამუშაო ეტაპს, კერძო ძვირადღირებულ საცხოვრებელს, სადაც კლუბის პრფესიონალი კალათბურთელები და ფეხბურთელები იმყოფებიან.

გარწმუნებთ, რომ  ამგვარი ტიპის ხელშეკრულებას არავისთან არ გაიმეორებდნენ. მხოლოდ აღნიშნულმა გარემოებამ და სამინისტროსა თუ ფედერაციის წარმომადგენელთა დიდმა  მონდომებამ და პროფესიონალიზმმა განაპირობა ის, რომ ამ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.”

ფიქრობთ, რომ კლუბი, რომლის ბიუჯეტი 80 მილიონ ევროს შეადგენს ფეხბურთის და კალათბურთის ჩათვლით, თავის “ნოუ ჰაუს”, თავის პროფესიონალურ გამოცდილებას ამ თანხაში გაუზიარებდა? – ბუნებრივია, რომ ამ ხელშეკრულებისთვის ფინანსური ინტერესის გამო ხელი არ მოგვიწერია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს საქმე უსასყიდლოდ უნდა ვაწარმოოთ.”

კლუბის გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ აღნიშნულ პროგრამაში ინვესტირებული თანხა მთლიანად დაუბრუნდება ისევ ქართულ კალათბურთს, ხოლო ამასთან ერთად საქართველო გაცილებით ძვირფას საჩუქარს მიიღებს – არაერთ პროფესიონალ სპორტსმენს, რომელიც ქართულ კალათბურთს გამოადგება.

სამომავლო გეგმა

ხესუს ვასკესის იდეაა, რომ გაგრძელდეს ესპანეთში ვარჯიშები: “წელს გვეყოლება  5 ახალგარდა “ბასკონიაში” და ერთიც ჩვენს მეგობარ გუნდში, მიერესში. ასევე, ვიწყებთ ახალი თაობის წარმომადგენლებთან მუშაობას. საუბარია 2003 წელს დაბადებულ მოზარდებზე.  ჩვენი მიზანია, მინიმუმ სამმა თაობამ ისარგებლოს ამ პროექტით და არ მოხდეს ასაკებს შორის წყვეტა.

ვაგრძელებთ ტექნიკური განათლების პროექტებს და კლინიკებს. შეგვიძლია  გამცნოთ, რომ ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოში დაარსდება მუდმივმოქმედი საკალათბურთო სკოლა, სადაც  ქართველი და ესპანელი მწვრთნელები შეიმუშავებენ როგორც ვაჟთა, ისე გოგონათა სავარჯიშო მეთოდოლოგიას,  გარდა ამისა, შევიმუშავებთ    გარკვეულ სასწვლო პროგრამებს მწვრთნელთათვის.”

ესპანურ კლუბს სურს, რომ 12 წლამდე ასაკის ბავშვებით დაიწყონ პროექტი – იმისთვის, რომ ბავშვები თავიდანვე ამ მეთოდოლოგით აღიზარდონ და წლების მანძილზე ეს ჯაჭვი იყოს უწყვეტი.

როგორც ხესუს ვასკესი აცხადებს, კლუბში მომზადება ხელმისაწვადომ ფასად შეეძლებათ ბავშვებს, ხოლო პერსპექტიული მოზარდებისთვის დაწესდება მნიშვნელოვანი შეღავათები. თბილისის გარდა, ესპანურ კლუბს სურს, რომ შემდგომში მსგავსი სკოლები საქართველოს სხვა ქალაქებშიც (ქუთაისი, ბათუმი და სხვა) გახსნან.

სასკი ბასკონიას საწვრთნელი კემპი საქართველოში. ფოტო: GBF

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.