ახალი ამბები

ომბუდსმენი 7 უცხოელისთვის საქართველოში შესვლაზე უარის ბათილად ცნობას ითხოვს

21 ნოემბერი, 2017 • 1210
ომბუდსმენი 7 უცხოელისთვის საქართველოში შესვლაზე უარის ბათილად ცნობას ითხოვს

სახალხო დამცველი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სთხოვს, ქვეყანაში შემოსვლაზე უარის თქმის პრაქტიკა შეცვალოს. ომბუდსმენის აპარატი 2014 დან 2017 წლის ჩათვლით პერიოდში 7 უცხოელისთვის საქართველოში შემოსვლაზე უარის შესახებ გადაწყვეტილებებს სწავლობდა. მათ შორის  იყვნენ ერაყის, ინდოეთის, თურქეთის რუსეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეები. როგორც სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, მოცემულ შემთხვევაში შსს-ს გადაწყვეტილება კანონთან შესაბამისობაში არ მოდის.

სახალხო დამცველი 2017 წლის 15 ნოემბერს 7  უცხოელი პირისათვის ქვეყანაში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებების
ბათილად ცნობას ითხოვს და სამინისტროში კანონის ნორმის გამოყენებასთან დაკავშირებით დამკვიდრებული პრაქტიკის შეცვლის წინადადებით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართავს.

“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უცხოეთის 7 მოქალაქეს „საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევების“
საფუძვლით უარი უთხრა საქართველოში შემოსვლაზე. საკითხის შესწავლის მიზნით, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა სამინისტროდან ყველა საქმეზე გამოითხოვა სრულყოფილი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული კონკრეტულად რომელი შემთხვევა გახდა საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის საფუძვლი; ასევე, რომელი სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ შემთხვევებს მოიცავდა „საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები პრაქტიკაში“. სახელმწიფო უწყებამ სახალხო დამცველის აპარატს მოთხოვნილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია არ მიაწოდა” – ნათქვამია ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც სახალხო დამცველის აპრატში აცხადებენ, საკითხის შესწავლის შემდეგ საქართველოს სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო „კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევების“ საფუძველს პრაქტიკაში იყენებს საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის დამოუკიდებელ, თვითკმარ მიზეზად და უფლების შეზღუდვის რაიმე დამატებით, კანონმდებლობაში მითითებულ შემთხვევას არ უკავშირებს.

ომბუდსმენის შეფასებით, აღნიშნული მიდგომა ეწინააღმდეგება კანონს, ვინაიდან განსახილველი ნორმა თავისი ბუნებით მიმთითებელი ხასიათისაა. სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, რომ „კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები“ არ გულისხმობს შესაბამისი რეგულირების გარეშე მისი გამოყენების შესაძლებლობას და აქედან გამომდინარე ცალკე აღებული არ წარმოშობს სამართლებრივ შედეგებს.

“ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მითითებულ შემთხვევებში საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებები არსებითად ეწინააღმდეგება კანონს. ამდენად, სახალხო დამცველმა შესაბამისი სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა მოითხოვა. გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა დარღვევის პრევენციის მიზნით, სახალხო დამცველი ითხოვს ზემოთ განხილული საფუძვლით სამინისტრომ ისარგებლოს მხოლოდ შესაბამისი სამართლებრივი აქტის კონკრეტულ დებულებაზე მითითებით, თუ კანონმდებლობით დადგენილი იქნება საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის სხვა შემთხვევა” – ნათქვამია ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი