ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარედ პატრიოტთა ალიანსის წევრი აირჩიეს

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ პატრიოტთა ალიანსის წევრი ზაზა ჩაჩანიძე აირჩიეს, ხოლო თავმჯდომარის მოადგილედ- ამავე პარტიის წევრი გიორგი გოგიჩაიშვილი.

როგორც ზაზა ჩაჩანიძემ “ნეტგაზეთს” განუცხადა, მას მხარი დაუჭირა საკრებულოს 15-მა წევრმა, ხოლო 13 წინააღმდეგ წავიდა.

ზაზა ჩაჩანიძის განცხადებით, მის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა “ქართული ოცნების” არცერთმა წარმომადგენელმა, ხოლო ოპოზიციის ყველა წარმომადგენელმა, მათ შორის ენმ-ის, ევროპული საქართველოსა და ლეიბორისტული პარტიის წევრებმა დაუჭირეს მხარი.

ბორჯომის საკრებულოში 13 წევრი ჰყავს ქართულ ოცნებას, 11 -პატრიოტთა ალიანსს, 2 წევრი ერთიან ნაციონალურ მოძრაობას და თითო-თითო წევრი ლეიბორისტებსა და ევროპულ საქართველოს.

“ჩვენ ვართ ბორჯომელები, ვთვლით, რომ აქ ქართული ოცნების მესვეურები არ მიმართავენ სწორად თავის მმართველობას და ამატომაც იყო ჩვენი გაერთიანება, მათ თავისი ხედვები აქვთ”, – განაცხადა ზაზა ჩაჩანიძემ.

ზაზა ჩაჩანიძე ფოტო: ბორჯომის საკრებულო

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა, რომელზეც თავმჯდომარე, მოადგილე და კომისიის წევრები აირჩიეს, დაპირისპირებების ფონზე მიმდინარეობდა, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ ქართული ოცნების წარმომადგენლებს.

“სულ მაიმუნობდნენ. უხუცესი თავმჯდომარე ხან ავად ხდებოდა, გაიყვანდნენ… მაქსიმალურად წელეს დრო”, – განაცხადა ზაზა ჩაჩანიძემ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com