ტრანსგენდერი ადამიანების მხარდამჭერი აქცია თელავში გაიმართა

20 ნოემბერს ტრანსგენდერი ადამიანების მხარდამჭერი აქცია თელავშიც გაიმართა “თანასწორობის მოძრაობის” თელავის რესურს-ცენტრი ორგანიზებით.

ერეკლე მეორის ძეგლთან აქციის მონაწილეებმა სანთლები დაანთო დაღუპული ტრანსგენდერი ადამიანების მოსაგონებლად. მათ ასევე მიიტანეს ბანერი წარწერით “ჩვენ გვახსოვს საბი, ბიანკა, ზიზი”.

საბი ბერიანი 2014 წლის 11 ნოემბერს საკუთარ სახლში მოკლული იპოვნეს. მის მჯვლელს,ლევან კოჭლოშვილს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

ტრანსგენდერი ადამიანების მხარდამჭერი აქცია თელავში

ზიზი შეყილაძე კი 2016 წელს მოკლეს. იგი 16 ნოემბერს დაჭრეს, 23 ნოემბერს კი ინფექციურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. მის მკვლელს 13 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

ბიანკა შიგუროვა კი საკუთარ სახლში იპოვნეს გარდაცვლილი. გამოძიების ვერსიით, იგი გაზის გაჟონვის შედეგად დაიღუპა.

აქციის ორგანიზატორები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ ყოველწლიურად ასობით ტრანსგენდერი ადამიანის სიცოცხლე ეწირება სიძულვილსა და აგრესიას.

მათი თქმით, 1,700-ზე მეტი ტრანსგენდერი მოკლეს გასული 7 წლის მანძილზე. 131 მათგანი 20 წელს მიუღწეველი იყო და ეს მხოლოდ ოფიციალური სტატისტიკაა.

ყოველწლიურად 20 ნოემბერს მსოფლიოს ხვადასხვა ქვეყნის აქტივისტები პატივს მიაგებენ ძალადობისა და სისასტიკის მსხვერპლი ტრანსგენდერი ადამიანების ხსოვნას.

ტრანსგენდერი ადამიანების მხარდამჭერი აქცია თელავში

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com