ახალი ამბები

მეჭიაური: წარმომადგენლობითი ხარჯების 70% ზაქარიას დუქანშია დახარჯული

21 ნოემბერი, 2017 • 6188
მეჭიაური: წარმომადგენლობითი ხარჯების 70% ზაქარიას დუქანშია დახარჯული

თიანეთში დაპირისპირება ხალხის მიერ არჩეულ მერსა და მაჟორიტარ დეპუტატს შორის გრძელდება. თამაზ მეჭიაური ამბობს, რომ თიანეთის გამგეობამ სტუმრების გამასპინძლებისთვის გათვალისწინებული თანხის 70% “ზაქარია ქუცნაშვილის დუქანში” დახარჯა.

“ბიუჯეტის შესწავლა მთლიანად ვერ მოვასწარი იმიტომ, რომ 5 დღეა, რაც უფლებამოსილების შესრულებას შევუდექი. ძირითადად რაც ვნახე და პრობლემის წინაშე დავდექი, იყო ის, რომ სოცილაური დახმარებებისთვის მაკითხავს ხალხი და ამ კუთხით გამოყოფილი სახსრები უკვე მთლიანად არის ათვისებული, მათ შორის, მეოთხე კვარტალიც. კულუტურლ ღონისძებებზე მიზერია დარჩენილი  და ასევე წარმომადგენლობითი ხარჯები… ამას როგორმე ავიტანთ და ყველა ჩვენ თავს თვითონ მივხედავთ და სტუმრებსაც მივხედავთ, მაგრამ ესეც სამწუხაროა, რომ ესეც გახარჯულია ჩვენი წინამორბედების მიერ, ბევრ შემთხვევაში -უაზროდ… უფრო სწორად, აზრიანად, რადგან წარმომადგენლობით ხარჯების 70 პროცენტის თითქმის გადარიცხულია ზაქარია ქუცნაშვილის კერძო დუქანზე”, – აცხადებს მეჭიაური.

“წარმომადგენლობით ხარჯებს გახარჯვის წესი აქვს და აბსოლუტურად კანონიერად, გამჭვირვალედ ხდებოდა ეს ყველაფერი. ბევრი პროექტის განხილვა მოგვიწია, ბევრი სტუმარი გვყავდა: უცხოელიც, ზოგი აქაური. ის, რომ თითქოს სოციალურ მიმართულებას მოაკლდა ფული და რესტორნებში დაიხარჯა, აბსოლუტური სიცრუეა. ქუცნაშვილის რესტორანი თიანეთში არ არსებობს. კვების რამდენიმე  ობიექტთან გვქონდა ჩვენ წლის განმავლობაში ხელშეკრულება დადებული”, – აცხადებს ყოფილი გამგებელი ლელა ქიტესაშვილი.

თამაზ მეჭიაური ნეტგაზეთთან ამბობს, რომ სტუმრების მიღება-გასტუმრებაზე გამგეობას წლის განმავლობაში 20 ათასი ლარი ჰქონდა გათვალისწინებული და ამ თანხის 70% “ერწოს იდილიაზეა” გადარიცხული პირდაპირი შესყიდვის წესით.

“შეიძლება ჩემი წინამორბედიც [ქიტესაშვილი] მართალია, როცა ამბობს, არანაირი რესტორნაი არ ფიქსირდებაო, მე ვთქვი დუქანი და მაგან დაარქვა ლაუნჯი… რესტორანი არ უწერია ნამდვილად”, – აცხადებს მეჭიაური.

მეჭიაურს ვკითხეთ, როგორ ადასტურებს იმას, რომ ზემოხსენებული ლაუნჯი სწორედ ზაქარია ქუცნაშვილს ეკუთვნის? თიანეთის მერი ამბობს, რომ დეპუტატის ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, იგი ფლობს იმ მიწას და შენობას, სადაც ეს რესტორანია განთავსებული.

ზაქარია ქუცნაშვილი უარყოფს, რომ რესტორანი მისია, თუმცა მიწასთან დაკავშირებით ადასტურებს, რომ ერთ-ერთი მფლობელი [70%] თვითონაა. დეკლარაციის თანახმად, მიწას 3 ადამიანი ფლობს. ქუცნაშვილი არ ფიქრობს, რომ სახეზეა რაიმე ტიპის ინტერესთა კონფლიქტი, როდესაც გამგეობა წარმომადგენლობითი ხარჯების 70%-ს ხარჯავს რესტორანში, რომელიც თავის მხრივ მისგან ქირაობს ფართს. ქუცნაშვილმა საქმის ვითარებაში კარგად გარკვევა გვირჩია.

“რომ ნახოთ, თიანეთში საერთოდ რა ფუნქციონერებს, გამგეობას რისი რესურსი აქვს, რომ საქმის გაკეთება სთხოვოს… შემდეგ იქიდან ვინ სჯობია… თიანეთში, სამწუხაროდ, სულ 2-3 ობიექტია, ვინც კვების ინდუსტრიითაა დაკვებული. უნდა ნახოთ,  ამ 2-3-დან ვისთანაა დაკვეთების 90 პროცენტი და ვისთან 5-10 პროცენტი, შემდეგ მიხვდებით. ბაზრის კანონის თანახმად, როცა რამდენიმე მიმწოდებელი არსებობს, გამგეობა რამდენიმესთან იჭერს საქმეს, უნდა შეისწავლოთ რამდენი არსებობს თიანეთში და იქიდან რამდენთან აქვს კომუნიკაცია და ხელშეკრულება გამგეობას, და გახვალთ იქამდე, რომ მეჭიაურს ქეიფის ფული უნდა და რომ არ დახვდა საქეიფო ფული, ამას განიცდის…”, – აცხადებს ქუცნაშვილი.

“ინტერესთა კონფლიქტი იმ შემთხვევაშია, როცა შენი მართვის ქვეშაა, როცა ამხანაგობაა და სულ სხვა პირია. ეგ ჭ კლასის იურისტმაც იცის, რომ ამხანგობა სულ სხვა პირია, ფიზიკური პირი – სხვა და შპს სხვა არის”.

მასალების გადაბეჭდვის წესი