ახალი ამბები

კანონპროექტი სამთავრობო ცვლილებების შესახებ პარლამენტში არ შესულა

20 ნოემბერი, 2017 • 1279
კანონპროექტი სამთავრობო ცვლილებების შესახებ პარლამენტში არ შესულა

სამთავრობო ცვლილებების შესახებ კანონპროექტთა პაკეტი პარლამენტში ამ დრომდე არ შესულა. მმართველი გუნდის დეპუტატები ამას ცვლილებების პაკეტის მოცულობას უკავშირებენ, ოპოზიციას კი ამ საკითხზე კითხვები აქვს.

როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი რომან გოცირიძე ამბობს, პარლამენტში კანონპროექტის განხილვის დაწყების გაჭიანურება იმაზე მიანიშნებს, რომ პროცესი ნაჩქარევი იყო. ენმ-ში ეჭვობენ, რომ ცვლილებები საკადრო გადაადგილებების შენიღბვას ემსახურება:

“როგორც ჩანს, ძალიან ბევრ კანონში იყო შესატანი ცვლილება. ეს აჩვენებს, რომ ნაჩქარევი პროცესი იყო. ეს არსებითად არაფერს არ ნიშნავს. ალბათ, მომავალ ბიუროზე მოესწრება, მაგრამ თავისთავად აჩენს ეჭვს, რომ ხომ არ ხორციელდება ეს ცვლილებები საკადრო გადაადგილებების შენიღბვისა და მისი რეალური შინაარსის დამალვის მიზნით.

როდესაც ეკონომიკის მინისტრს აბრუნებ ერთი წლის შემდეგ იმავე ადგილას და ეჭვები რომ არ გაჩნდეს მას უმატებ ენერგეტიკის სამინისტროს, თუმცა ენერგეტიკის სამინისტრო აბსოლუტურად უფუნქციო ორგანო იყო, ამით არაფერი დაშავდა, ეს იმას ნიშნავს, ხომ არ მოხდა ეს ყველაფერი ფინანსთა მინისტრის დასანიშნად, ზედმეტი ხმაური რომ არ გამოეწვია იმას, რომ ერთი ნდობით აღჭურვილი ქართუ ჯგუფი შეცვალა კიდევ უფრო ნდობით აღჭურვილმა საოჯახო ჯგუფმა,” – ამბობს გოცირიძე.

კითხვები აქვთ “ევროპულ საქართველოშიც”. როგორც გიგი წერეთელი ამბობს, მნიშვნელოვანია ცვლილებების საპარლამენტო განხილვა მალე დაიწყოს, რადგან არსებობს უამრავი შეკითხვა როგორც სტრუქტურულ, ასევე ფინანსურ საკითხებთან:

“ფაქტი ერთია, რომ დღეს არ შემოვიდა ეს კანონპროექტი. რა არის ამის მიზეზი, ალბათ, გახმოვანდება მთავრობის მხრიდან. გვესმის, რომ ძალიან დიდი სამუშაოა, მაგრამ არსებობს გარკვეული ვადები და და მით უმეტეს, ასეთი ცვლილებები სასურველია, რომ დროზე შემოვიდეს პარლამენტში იმისათვის, რომ განხილვები დაიწყოს. შეკითხვები არის ბევრი. როგორც სტრუქტურულ ნაწილთან, ასევე, მთავარ და მნიშვნელოვან თემაზე, რომელიც უკავშირდება ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებას და თანხების გამოთავისუფლებას გაცილებით უფრო საჭირო საქმეებისთვის,” – ამბობს “ევროპული საქართველოს” დეპუტატი.

უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ კანონპროექტი პარლამენტს სავარაუდოდ კვირის ბოლომდე წარედგინება. ის ფაქტი კი, რომ დღეს აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტში არ შესულა, დოკუმენტის მოცულობით არის გამოწვეული:

“შემოტანას რაც შეეხება მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებები ასახვას ჰპოვებს ასზე მეტ კანობში. შესაბამისად, ის ცვლილებები რომლებიც იქნება შემოტანილი, იქნება ასზე მეტ კანონში შემავალი ცვლილებები. ასე რომ, დღეს რომ არ შემოვიდა ეს იმას ნიშავს, რომ ნაჩქარევად არ შემოვიდა. ხუთშაბათამდე შესაძლებელია იქნას ან კვირის ბოლომდე ჩემი აზრით იქნება უკვე ეს პაკეტი შემოსული,” – ამბობს თამარ ჩუგოშვილი.


სამთავრობო ცვლილებების პაკეტით სამინისტროების რაოდენობა 18-დან 14-მდე მცირდება, თანამდებობები დატოვეს შს და განათლების მინისტრებმა, ხოლო რამდენიმე მინისტრმა როტაციული პრინციპით შეცვალა ერთმანეთი. სტრუქტურული ცვლილებების პაკეტი მთავრობამ 15 ნოემბერს დაამტკიცა.

ცვლილებების ამოქმედების შემდეგ მთავრობის სტრუქტურა შემდეგნაირად შეიცვლება:

  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უერთდება ენერგეტიკის სამინისტრო და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების პოსტზე ინიშნება დიმიტრი ქუმსიშვილი, რომელიც ინარჩუნებს პირველი ვიცეპრემიერის სტატუსს და კოორდინაციას გაუწევს ეკონომიკური გუნდის მუშაობას;
  • შინაგან საქმეთა სამინისტროში, დღეს მოქმედი საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს შერწყმისა და რეორგანიზაციის შედეგად, იქმნება საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი და მას უხელმძღვანელებს გიორგი მღებრიშვილი. იგი პირდაპირ პრემიერს დაექვემდებარება. ხოლო შს მინისტრის პოსტს დაიკავებს გიორგი გახარია, რომელიც იმავდროულად იქნება ვიცეპრემიერი;
  • განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უერთდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდობის საქმეთა მართვის კომპონენტი და მინისტრის პოსტს დაიკავებს მიხეილ ჩხენკელი;
  • კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უერთდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის კომპონენტი და მინისტრის თანამდებობას დაიკავებს მიხეილ გიორგაძე;
  • გარემოს დაცვის სამინისტროს უერთდება სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ამ უწყებას უხელმძღვანელებს ლევან დავითაშვილი;
  • საგარეო საქმეთა სამინისტროს უერთდება სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში და მინისტრის პოსტს ვიცეპრემიერი მიხეილ ჯანელიძე დაიკავებს;
  • პარლამენტს წარედგინება ცვლილება, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უერთდება საგარეო დაზვერვის სამსახური.

მასალების გადაბეჭდვის წესი