ახალი ამბები

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ ინსპექტორად ქეთევან ცინცაძე აირჩიეს

20 ნოემბერი, 2017 • 2934
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ ინსპექტორად ქეთევან ცინცაძე აირჩიეს

დღეს, 20 ნოემბერის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე დამოუკიდებელი ინსპექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით, ქეთევან ცინცაძე აირჩიეს.

დამოუკიდებელი ინსპექტორი საქართველოში ახალი ინსტიტუტია, რომელიც შეიქმნა ე.წ. მესამე ტალღის სასამართლო რეფორმის ფარგლებში. ქეთევან ცინცაძე ამ პოსტზე 5 წლის ვადით განმწესდა. მისი ფუნქცია, დისციპლინარული სამართალწარმოების პროცესში პირველადი მოკვლევის ჩატარება იქნება.

დამოუკიდებელ ინსპექტორს დისციპლინური სამართალწარმოება დაევალება, ასევე, მოსამართლის საქმიანობის შესწავლა, შესაბამისი დასკვნის მომზადება და იუსტიციის საბჭოსთვის წარდგენა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ნაწილი ჩატარებული კონკურსით უკმაყოფილოა და აღნიშნავენ, რომ არ იყო კონკურენცია. როგორც ისინი აცხადებენ, კონკურსის მონაწილეების კვალიფიკაცია მათთვის არადამაკმაყოფილებელია.

საბჭოს წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, რომ ქეთევან ცინცაძე კანონით მოთხოვნილ მინიმალურ სტანდარტებს აკმაყოფილებს, თუმცა მისი არჩევა მაინც ოპტიმალური გამოსავალი იყო: “ვინაიდან, თუკი არ ავირჩევდით რომელიმე კანდიდატს, იუსტიციის საბჭო კვლავ დაარღვევდა კანონს.”

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს იურისტი, ოლიკო შერმადინი აცხადებს, რომ პროცესი გაუმჭვირვალედ წარიმართა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ უკვე აირჩიეს ინსპექტორი, ამ დრომდე უცნობია კონკურსში მონწილე კანდიდატების ვინაობა:

“ასევე, არ გვქონდა გასაუბრების პროცესზე დაკვირვების შესაძლებლობა. სწორედ აქდეან გამომდინარე, მოვუწოდებთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, ახლა მაინც გაასაჯაროოს მონაწილე კანდიდატების ბიოგრაფიული მონაცემები.”

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, გიორგი მიქაუტაძე აცხადებს, რომ გასაუბრება სულ 17-მა კანდიდატმა გაიარა, რაც, მისი თქმით, მაღალი აქტივობის მაჩვენებლია. მისი თქმით, კანდიდატებს შორის იყვნენ ძლიერებიც და სუსტებიც, ხოლო 15-დან 14-მა საბჭოს წევრმა ჩათვალა, რომ ქეთევან ცინცაძე იყო საუკეთესო კანდიდატი.

ქეთევან ცინცაძის ბიოგრაფია, საბჭოს ვებ-გვერდის მიხვედვით

  • ქეთევან ცინცაძე 1988 წლის 5 სექტემბერს დაიბადა ქ. თბილისში. 2005 წელს დაამთავრა ქ. თბილისის 61-ე საშუალო სკოლა;
  • 2005-2009 წლებში სახელმწიფოს სრული დაფინანსებით (გრანტით) სწავლობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, უნივერსიტეტი დაამთავრა წარჩინებით და მიენიჭა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი სამართალმცოდნეობის სპეციალობით;
  • 2009-2011 წლებში სწავლობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, უნივერსიტეტი დაამთავრა წარჩინებით და მიენიჭა სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი;
  • 2013 წლიდან – დღემდე არის გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის დოქტორანტი;
  • 2009 წლიდან – დღემდე მუშაობდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში სხვადასხვა თანამდებობაზე, კერძოდ – რეფერენტის, მოსამართლის თანაშემწის და მწერალი-თანაშემწის თანამდებობებზე;
  • 2017 წლის სექტემბრიდან – ღია კონკურსის საფუძველზე 4 წლის ვადით;
  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტზე უკავია ასისტენტის აკადემიური თანამდებობა;
  • 2007-2017 წლებში მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ საერთაშორისო პროექტში;
  • ტრენინგსა თუ კონფერენციაში, მათ შორის, 2007 წელს გაიარა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საერთაშორისო სამართლის 6 თვიანი ინტენსიური სასწავლო კურსი; სხვადასხვა სტატუსით არაერთგზის მიიღო მონაწილეობა „ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის იმიტირებულ სასამართლო პროცესებში“; 2010 წელს მონაწილეობდა „უცხოური პირდაპირი ინვესტიციების იმიტირებულ სასამართლო პროცესებში“ (Foreign Direct Investment Moot Court Competition) და იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, მალიბუში, პეპერდინის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში; 2012 წელს მონაწილეობდა;
  • „ფრანკფურტის საინვესტიციო საარბიტრაჟო იმიტირებულ პროცესებში“ (Frankfurt Investment Arbitration Moot) და იმყოფებოდა გერმანიაში, ფრანკფურტის საარბიტრაჟო ცენტრში. ასევე, მონაწილეობდა ევროპის მულტიდისციპლინურ ფორუმსა და სამართლისა და ეკონომიკის საერთაშორისო ფორუმებში; კერძო სამართლის საერთაშორისო კონფერენციებში;
  • 2013 წელს სწავლობდა გერმანიაში, დიუსელდორფში, ჰაინრიხ ჰაინეს საერთაშორისო ურთიერთობის (კომუნიკაციის) ინსტიტუტში (Institute for Internationale Kommunikation (IIK));
  • 2014 წელს გერმანიაში, ფრანკფურტში, ფრანკფურტის გოეთეს სახელობის უნივერსიტეტში გაიარა სასწავლო კურსი სახელწოდებით „სამართალი თანამედროვე საზოგადოებაში – ფუნდამენტური, საერთაშორისო და ინტერდისციპლინარული ასპექტები“. ჩაბარებული აქვს მოსამართლის თანაშემწის და ადვოკატთა საკვალიფიკაციო;
  • იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებ-გვერდზე აღნიშნულია, რომ ქეთევან ცინცაძეს გამოქვეყნებული აქვს არაერთი სამეცნიერო სტატია ქართულ და ინგლისურ ენებზე, როგორც ადგილობრივ, ისე უცხოურ ჟურნალებში (European Scientific Journal). ფლობს რუსულ, ინგლისურ და გერმანულ ენებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი