ახალი ამბები

ჩაბუქი vs ლტოლვილთა სამინისტრო – სასამართლო გადაწყვეტილებას სავარაუდოდ ხვალ გამოიტანს

20 ნოემბერი, 2017 • 1682
ჩაბუქი vs ლტოლვილთა სამინისტრო – სასამართლო გადაწყვეტილებას სავარაუდოდ ხვალ გამოიტანს

დემირელის კოლეჯის მენეჯერის, მუსტაფა ჩაბუქისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებას სავარაუდოდ ხვალ მიიღებს.

როგორც ჩაბუქის ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა განაცხადა, ხვალინდელ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე და მოპასუხე მხარეები სასამართლოს წინაშე სიტყვით გამოვლენ და სავარაუდოდ ხვალვე მიიღებს მოსამართლე გადაწყვეტილებას.

დღეს, 20 ნოემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე, ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირში ბრალდებულმა მუსტაფა ჩაბუქმა სასამართლოს სიტყვით მიმართა და ტერორიზმთან კავშირი კატეგორიულად უარჰყო.

“თურქეთში არასწორი ბრალდება წამიყენეს, თითქოს ტერორისტული ორგანიზაციის წევრი ვარ. არც იქ და არც აქ ტერორიზმთან კავშირი არ მქონია. ფეთულა გიულენს არ ვიცნობ, მას არასოდეს შევხვედრივარ. მე არანაირი დანაშაულია რ ჩამიდენია, მაგრამ მეუბნებიან, რომ ჩავიდინე. თავს დამნაშავედ არ ვგრძნობ, არც ერთი თეთრი არ გადამირიცხავს საეჭვო ორგანიზაციისთვის ან ადამიანისთვის, იმედი მაქვს, რომ ჩემი ოჯახი ლტოლვილის სტატუსს მიიღებს”, – განაცხადა ჩაბუქმა.

ჩაბუქის ადვოკატებმა მუსტაფა ჩაბუქისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე დევნილთა და განსახლების სამინისტროს უარი თბილისის საქალაქო სასამართლოში  2 აგვისტოს გაასაჩივრეს.

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ მუსტაფა ჩაბუქს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა. ჩაბუქი ლტოლვილის სტატუსის მინიჭებას ითხოვდა, რადგან მას, როგორც ფეთულა გიულენთან კავშირში ბრალდებულს თურქეთში წამება ელოდა.

თურქეთის ციხეებში ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევებისა და გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკული შეფასებები სოსო ბარათაშვილმა სამინისტროს მიაწოდა, რის საფუძველზეც ისინი ლტოლვილის სტატუსის მინიჭებას ითხოვდნენ.

თუმცა სამინისტრომ უარი განაცხადა, რადგან მათი მტკიცებით, ჩაბუქს თურქეთის ხელისუფლებისთვის გადაცემის შემთხვევაში ჩაბუქს წამება არ ელის.

ჩაბუქისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებას საქართველოს სახალხო დამცველიც მოითხოვს.

დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მენეჯერი, თურქეთის მოქალაქე მუსტაფა ემრე ჩაბუქი 24 მაისს დააკავეს. მუსტაფა ჩაბუქს თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა 23 აგვისტოს. პატიმრობის ვადა მას კიდევ სამი თვით – 24 ნოემბრამდე გაუხანგრძლივეს.

ჩაბუქის დაკავებას თურქეთის მხარე ითხოვს, რომელიც ამტკიცებს, რომ იგი “ტერორისტულ ორგანიზაცია” FETO-ს საქმიანობას უწყობდა ხელს. ამ ფაქტს ერთი დღით წინ უსწრებდა თურქეთის მთავრობის ვიზიტი საქართველოში, რომელზეც ოფიციალური ინფორმაციით, ეკონომიკური და კულტურის საკითხები იქნა განხილული.

თურქეთში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების საქართველოზე შესაძლო გავლენაზე ნეტგაზეთის სტატია წაიკითხეთ აქ. ფეტულა გიულენისა და ერდოღანის დაპირისპირების შესახებ – აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი