ახალი ამბები

ქრთამის აღების ბრალდებით მარტვილის გამგეობის ორი მაღალჩინოსანი დააკავეს

20 ნოემბერი, 2017 • 1535
ქრთამის აღების ბრალდებით მარტვილის გამგეობის ორი მაღალჩინოსანი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორი მაღალჩინოსანი სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა.

როგორც საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, დაკავებულები არიან მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო და ინფრასტუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის  სამსახურების ხელმძღვანელი პირები:

“ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების  და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო და ინფრასტუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის  სამსახურების ხელმძღვანელი პირები დააკავეს” – ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების განცხადებით, დაკავებულები სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არაკანონიერი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ინფრასტრუქტურული პროექტის განმახორციელებელი ერთ-ერთი კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენელს დაუკავშირდნენ. საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ბრალდებულებმა, მას სამსახურებრივი მფარველობის და ობიექტზე შესასრულებელი სამუშაოების მოცულობის ხელოვნურად გაზრდის, ასევე,  ვითომდა შესრულებული სამუშაოების დადასტურების სანაცვლოდ, თანხა გამოართვეს.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  332-ე და 338-ე მუხლების პირველი ნაწილებით მიმდინარეობს. საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, რომ  ამ ეტაპზე, ტარდება ღონისძიებები დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით.

მასალების გადაბეჭდვის წესი