ახალი ამბები

ერთი ქალის აქცია ტრანსგენდერი ადამიანების მხარდასაჭერად [ვიდეო]

20 ნოემბერი, 2017 • 2721
ერთი ქალის აქცია ტრანსგენდერი ადამიანების მხარდასაჭერად [ვიდეო]

დღეს, 20 ნოემბერს იუსტიციის სახლთან ლგბტ აქტივისტმა ნინო ბოლქვაძემ ერთწევრიანი აქცია გამართა.

აქტივისტის თქმით, იუსტიციის სამინისტროს პოლიტიკა გააპროტესტა, რომლის მიხედვითაც, ტრანსგენდერ ადამიანებს სთხოვენ, რომ დოკუმენტებში სქესის შესახებ ჩანაწერის შესაცვლელად  არაერთი პროცედურა გაიარონ, მათ შორის ოპერაციაც, რაც შესაძლოა არ სურდეს ტრანსგენდერ ადამიანებს.

საქართველოში დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, სქესის შესახებ ჩანაწერის შეცვლა შესაძლებელია დაბადებისა და გარდაცვალების მოწმობებში, ასევე, პირადობის მოწმობაში, თუმცა მხოლოდ მას შემდეგ, რაც პიროვნება ქირურგიული ოპერაციის შედეგად შეიცვლის სქესს. საერთაშორისო სამართალი კი ამბობს, რომ ადამიანს დოკუმენტებში სქესის შესაცვლელად არ უნდა სჭირდებოდეს ქირურგიული ოპერაციის ან სტერილიზაციის ჩატარება.

გირჩევთ: კაცი ქალის პირადობის მოწმობით და პირიქით.

აქციაზე ნინო ბოლქვაძე ბანერით “იუსტიციის სამინისტრო აიძულებს ტრანსგენდერ ადამიანს სტერილიზაციას” მივიდა. იგი დაახლოებით 1 საათის განმავლობაში იდგა იუსტიციის სახლის შესასვლელთან, სადაც რამდენიმე გამვლელი გამოელაპარაკა.

ერთმა კაცმა ტრანსფობიური რეპლიკების პარალელურად, ურჩია, რომ წასულიყო, რადგან  ხალხი შეირკიბებოდა და მასსავით “რბილად” არ დაელაპარაკობდნენ.

ერთერთმა გამვლელმა ქალმა კი უთხრა, რომ იგი “რეკლამირებას” უწევდა აღნიშნულ საკითხს და არ სურდა, რომ მის შვილებს მსგავსი რამ ენახათ. ორივეს ნინო ბოლქვაძემ აუხსნა, რომ ეს აქცია არა რეკლამისთვის, არამედ სამინისტროს პოლიტიკის გასაპროტესტებლად გამართა. აქცია მშვიდობანად დასრულდა.

20 ნოემბერს მსოფლიოში ტრანსგენდერი ადამიანების ხსოვნის საერთაშორისო დღე, პირველად საქართველოში 2011 წელს ვაკის პარკში აღნიშნეს. ტრანსგენდერთა ხსოვნის საერთაშორისო დღე 1999 წლიდან აღნიშნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი