ახალი ამბებიკომენტარისაზოგადოება

თურქეთის გეოპოლიტიკური პაზლი და საქართველო

20 ნოემბერი, 2017 • 10449
თურქეთის გეოპოლიტიკური პაზლი და საქართველო

ე.წ. ისლამური სახელმწიფო თითქმის დამარცხებულია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ახლო აღმოსავლეთში მომენტალურად მშვიდობა დაისადგურებს. ვინ  და როგორ უნდა აკონტროლოს ISIS-ისგან გამოთავისუფლებული ტერიტორიები? ვისი გავლენა იქნება რეგიონში ყველაზე ძლიერი და ა.შ. ეს ის საკითხებია, რომელიც პოსტ-ISIS-ურ ეპოქაში დადგება დღის წესრიგში. ახლო აღმოსავლეთში (და არა მხოლოდ) მიმდინარე პროცესებში აქტიურად არის ჩართული საქართველოს მეზობელი თურქეთი, რომელსაც “აღარ აკმაყოფილებს მხოლოდ სხვის, მაგალითად დასავლეთის მიერ შექმნილი სივრცის წევრობა და მსოფლიოს საკუთარ გეოპოლიტიკურ პროექტს სთავაზობს”. როგორ უნდა გავიგოთ თურქეთის გეოპოლიტიკური ამბიციები და რა გავლენას იქონიებს ეს ყველაფერი მის მეზობელ საქართველოზე? – ჩვენს შეკითხვებს საერთაშორისო ურთიერთობები სპეციალისტი დავით ბატაშვილი პასუხობს

საუბარი დავიწყოთ ერაყის ქურთისტანის საკითხით, რომელიც შედარებით ახალი და ცხელი ამბავია. ანკარამ გააპროტესტა ერაყის ავტონომიურ რეგიონში მცხოვრები ქურთების მიერ ჩატარებული დამოუკიდებლობის რეფერენდუმი და სანქციებითაც დაემუქრა მათ. რატომ არის ეს საკითხი ასეთი მნიშვნელოვანი?

თურქეთისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან მას თავად აქვს სერიოზული პრობლემა – არსებობს პარტიზანული მოძრაობა, ქურთისტანის მუშათა პარტია (PKK), რომელიც უკვე ათწლეულებია ებრძვის. რა თქმა უნდა, თურქეთისთვის მის მეზობლად დამოუკიდებელი ქურთული სახელმწიფოს ჩამოყალიბება, რასაც ერაყელი ქურთები ცდილობენ, მიუღებელია. იგივე ითქმის ირანაზე, რადგან იქაც არის ქურთული მოსახლეობა, რომლის ნაწილს ასევე როგორც მინიმუმ ფართო ავტონომია სურს. მოგეხსენებათ, რომ ორივემ – თურქეთმაც და ირანმაც – ერაყის ქურთისტანთან საზღვრები ჩაკეტეს, რაც სავარაუდოდ დროებითი ნაბიჯია. ზოგადად თურქეთისთვის ახლო აღმოსავლეთში ირანის გავლენის ზრდა სასურველი არ არის, ერაყი კი ფაქტობრივად სწორედ ირანის გავლენის სფეროა, თუმცა დღეს თურქეთის უსაფრთხოებისთვის უმთავრესი პრიორიტეტი სწორედ ერაყის ქურთისტანის დამოუკიდებლობის ამბიციების შეჩერება აღმოჩნდა.

და ანკარაში მზად არიან, რომ სანაცვლოდ  ბაღდადზე ირანის გავლენა აიტანონ?

ერაყის ქურთისტანის დამოუკიდებელ, ძლიერ ერთეულად ჩამოყალიბებას, მათ ეს ურჩევნიათ. 1990-იანი წლებიდან მოყოლებული ერაყის ქურთისტანი თურქეთის საკმაოდ ახლო პარტნიორი იყო. ერაყის ქურთისტანი ბაღდადისაგან დაუკითხავად თურქეთის გავლით ნავთობის ექსპორტს ახორციელებდა. თუმცა მას შემდეგ რაც ერაყელმა ქურთებმა  სარისკო ნაბიჯი გადადგეს და დამოუკიდებლობის რეფერენდუმი ჩაატარეს, ეს თურქეთისთვის ცალსახად მიუღებელი აღმოჩნდა.

თუმცა გარდა იმისა, რომ ანკარას და ერაყის ქურთისტანს ეკონომიკური კავშირები ჰქონდათ, სხვა მნიშვნელოვან საკითხებშიც თანამშრომლობდნენ, მაგალითად იგივე ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) წინააღმდეგ მოქმედებაში, ერაყის ქურთისტანი თურქეთს უფლებას აძლევდა, რომ ჰაერიდან დაებომბა PKK-ს პოზიციები ისინი კი სწორედ ერაყის ქურთისტანის ტერიტორიაზე, კერძოდ მთებში იმალებიან. ერაყის ქურთისტანი თურქეთს უფლებას აძლევდა, რომ მის ტერიტორიაზე სამხედრო ბაზა ემუშავებინა და ა.შ. რამდენად მოსალოდნელია, რომ თურქეთმა რეალურად გააფუჭოს ურთიერთობები მათთან თუნდაც ამ რეფერენდუმის გამო? ანუ ამ რეფერენდუმს იმხელა საფრთხედ აღიქვამს, რომ რეგიონში თავის მნიშვნელოვან პარტნიორთან ურთიერთობა დააზიანოს?

ერაყის ქურთისტანი ისედაც არის თვითმმართველი რეგიონი, მაგრამ მათი მხრიდან ოფიციალურ დამოუკიდებლობაზე პრეტენზიის გამოცხადება თურქეთისთვის წითელი ხაზი აღმოჩნდა. თუ ეს რეალობა შეიცვლება და ქურთისტანი ერაყისგან გამოყოფაზე უარს იტყვის, მაშინ, დიახ, ისევ შეიძლება, რომ თურქეთის ურთიერთობა ერაყის ქურთისტანთან შეიცვალოს.

ანუ სტატუს-კვოს შენარჩუნებაა თურქეთის მიზანი?

დიახ, როგორც მინიმუმ. თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ დღევანდელმა დაძაბულობამ თავისი კვალი  დატოვოს და ეს ურთიერთობები გრძელვადიანად გააფუჭოს.

თურქეთი ფიქრობს, რომ თუ ქურთები ერაყში შეძლებენ დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბებას შეიძლება ამან დომინოს ეფექტი იქონიოს და უკვე თურქეთის ტერიტორიაზეც დაიწყოს ანალოგიური პროცესი?

მყისიერი დომინოს ეფექტი ამას არ მოჰყვებოდა, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში ეს თურქეთისთვის მიუღებელი და მძიმე პრეცედენტი იქნებოდა. ყოველ შემთხვევაში, თვითონ თურქეთი ასე უყურებს ამ საკითხს და მისი პოზიცია ძალიან მტკიცეა. ანკარა ძალიან ბევრი რამის გასაკეთებლადაა მზად სწორედ ამ პოზიციიდან გამომდინარე.

თქვენი აზრით, ხომ არ თამაშობს ერდოღანი, როდესაც საჯაროდ აკრიტიკებს და ემუქრება ერაყის ქურთისტანს? ასეთი აზრიც არსებობს, რომ სინამდვილეში ერაყის ქურთისტანის გაძლიერება სწორედ ანკარას გეგმებში შედის, რადგან ის მისი ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი მოკავშირეა ამ  რეგიონში.

ვფიქრობ,  ეს არ არის თამაში. ეს ვერსია ალბათ იქიდან გამომდინარეობს, რომ მრავალი წლის მანძილზე ერაყის ქურთისტანი მართლაც თურქეთის პარტნიორი იყო. მაგრამ რეფერენდუმის შემდეგ თურქეთის მიერ დაფიქსირებული პოზიცია, ჩემი აზრით, თამაში არ არის.

ვისაუბროთ სირიის ქურთისტანზე, ანუ ქურთებით დასახლებულ კიდევ ერთ რეგიონზე, რომელიც არა ერაყში, არამედ სირიაში მდებარეობს და ისიც ერაყის ქურთისტანის მსგავსად სწორედ თურქეთს ესაზღვრება. ეს რეგიონიც ცდილობს ჯერ ავტონომიის მიღებას. აქ თურქეთი უფრო დიდ საფრთხეებს ხედავს მისი უსაფრთხოების ინტერესებისთვის. რატომ? რა განსხვავებაა ერაყის და სირიის ქურთისტანებს შორის ისეთი, რომ ერთთან წლების განმავლობაში თანამშრომლობდა ანკარა, ხოლო მეორეში დიდ საფრთხეს ხედავდა?

საკვანძო განსხვავება არის ის, რომ სირიის ქურთების ხელმძღვანელობა იდეოლოგიურად და პოლიტიკურად თურქეთში მოქმედ ქურთ მეამბოხეებთან, იგივე PKK-სთანაა დაკავშირებული. იგივეს ვერ ვიტყვით ერაყის ქურთისტანის პოლიტიკურ ხელმძღვანელობაზე. უცხოეთში არსებული ქურთული ორგანიზაციებიდან  თურქეთი #1 მტრად სწორედ სირიის ქურთისტანს მიიჩნევს.

სირიაში ჩრდილო-დასავლეთით არსებობს აფრინის ანკლავი, რომელიც დაშორებულია სირიელი ქურთების მიერ კონტროლირებად ძირითად ტერიტორიას. თუმცა მათ აქვთ სურვილი, რომ ეს ანკლავი თავის ძირითად ტერიტორიას დაუკავშირონ. არ არის გამორიცხული, რომ თურქეთმა პრო-თურქული განწყობის სირიელ მეამბოხეებთან ერთად ამ ანკლავზე სამხედრო ოპერაცია განახორციელოს.

აქამდეც ჰქონდა ხომ გარკვეული მცდელობები?

ეს მცდელობა თურქებმა „ევფრატის ფარის“ სამხედრო ოპერაციით ჩაშალეს. ისინი ადგილობრივი პრო-თურქული სირიელი მეამბოხეების დახმარებით შეიჭრნენ ისე, რომ ქურთებს ამ ორი ტერიტორიის დაკავშირების საშუალება არ მისცეს. ახლა საუბარია იმაზე, რომ შეიძლება აფრინის ანკლავსაც შეუტიონ. ეს იქნებოდა სირიაში თურქეთის პოლიტიკის გაგრძელება, რომელიც ადგილობრივი ქურთების პოლიტიკური და ტერიტორიული ამბიციების წინააღმდეგაა მიმართული.

აფრინის ანკლავის გაერთიანების შეზღუდვა რატომ არის მნიშვნელოვანი თურქეთისთვის?

იმ შემთხვევაში თუ ისინი ტერიტორიების გაერთიანებას მოახერხებდნენ, სირიელ ქურთებს თურქეთის საზღვრის გასწვრივ საკმაოდ გრძელი ტერიტორია ექნებოდათ, რომელიც თურქეთი – სირიის საზღვრის დაახლოებით 90%-ს დაფარავდა. ანუ იქმნებოდა თურქეთისთვის სრულიად მიუღებელი რეალობა: ძლიერი ქურთისტანი პირდაპირ მის საზღვარზე. ეს თურქეთისთვის ერაყის ქურთისტანის დამოუკიდებლობაზე უფრო მიუღებელი სცენარია, რადგან ჯერ ერთი სირიის ქურთისტანი მასთან საზღვრის უფრო გრძელ ტერიტორიას დაფარავდა და მეორე, სირიის ქურთისტანის პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ერაყელი ქურთებისგან განსხვავებით, თურქეთის წინააღმდეგ მებრძოლ ქურთ მეამბოხებთანაა დაკავშირებული.

ის, რომ სირიის ქურთისტანის პოლიტიკური ხელმძღვანელობა PKK-სთანაა დაკავშირებული, ეს დადასტურებული ფაქტია, თუ მხოლოდ თურქეთის პოზიციაა?

ეს რეალურად ასეა. ის თავის დროზე PKK-ს ფილიალად შეიქმნა. მართალია, ახლა ცალკე ორგანიზაციაა, რომელიც სირიაში არსებობს და არა თურქეთში, მაგრამ კავშირი ნამდვილად არის შენარჩუნებული.

თუმცა ასევე არსებობს ინფორმაცია, რომ სირიელ ქურთებს თურქეთის მოკავშირე აშშ უჭერდა მხარს ფინანსურად, იარაღით ოღონდ ISIS-თან ბრძოლის პროცესში?

არამხოლოდ უჭერდა, ეს პროცესი ახლაც გრძელდება, თუმცა აქ ცოტა რთული სცენარია. სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში შეიქმნა კოალიცია სირიის დემოკრატიული ძალები (SDF) რომლის შემადგენლობაშიც შევიდნენ როგორც სირიელი ქურთები, ასევე რამდენიმე სხვადასხვა დაჯგუფება, იქნება ეს არაბული, ქრისტიანული თუ სხვა. ამერიკელები, დიახ, SDF-ს მხარს უჭერენ, იქიდან გამომდინარე, რომ ეს კოალიცია დაეშის ანუ “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ მათი ერთადერთი დასაყრდენი იყო. გასაგებია, რომ ბაშარ ასადის რეჟიმი ამერიკელების ბანაკში არ არის, ასადის სხვა მოწინააღმდეგე სირიელ მეამბოხეებში დაეშის წინააღმდეგ ამერიკელებმა დასაყრდენი ვერ იპოვეს და ასეთი გამოსავლი გამონახეს. სირიელი ქურთები დაეშს ებრძოდნენ და დღესაც ებრძვიან, თუმცა დიახ, გამოდის, რომ ამერიკელები მხარს უჭერენ კოალიციას, რომელშიც სირიელი ქურთები ლიდერობენ.

მაგრამ არგუმენტი არის, ის, რომ დაეში არამხოლოდ თურქეთის არამედ ყველას ინტერესებისთვის იყო დიდი პრობლემა…

დიახ.

რაც შეეხება თურქეთის ურთიერთობებს ირანთან და რუსეთთან და ეს ალბათ სწორედ ამ თემის გაგრძელებაა. როგორ მოხდა, რომ თურქეთი ირანთან და რუსეთთან ერთად აღმოჩნდა მაგიდაზე ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, თან ისე, რომ იქ შეერთებული შტატების ადგილი ჯერჯერობით ვერ მოიძებნა?

თურქეთის გრძელავდიანი ინტერესები არც ირანის საგარეო სტრატეგიასთან და არც რუსეთთან თანხვედრაში არ არის, მაგრამ ამავე დროს ისინი კონკრეტულ საკითხებზე მოკლევადიან ტაქტიკურ თანამშრომლობას ახერხებენ. სწორედ ასე უნდა შევხედოთ ამ საკითხს. მაგალითად ქურთისტანის საკითხი რომ ავიღოთ: თურქეთის ინტერესებშია, რომ ერაყის ქურთისტანმა თავისი ამბიციები შეზღუდოს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ირანსაც აძლიერებს, რადგან მას ერაყელი ქურთების მოწინააღმდეგე ბაღდადზე აქვს გავლენა. ანუ როცა კონკრეტული საკითხის გადაჭრისთვის თურქეთს ირანთან ან რუსეთთან სჭირდება თანამშრომლობა, ის ამაზე მიდის, ანალოგიურად იქცევიან ირანიც და რუსეთიც.

რუსეთს რაც შეეხება, რუსეთთან თანამშრომლობა სირიაში მიმდინარე პროცესების გამო დასჭირდა?

თუ თურქეთი აფრინის ქურთულ ანკლავს შეუტევს, ეს რუსეთის თანხმობით უნდა განხორციელდეს, რადგან იქ ბუფერულ ზონაში რუსული ძალებიც დგანან და საჭირო იქნება მათი იქიდან გასვლა, რაც არ არის გამორიცხული რუსეთის ტაქტიკური საჭიროებებიდან გამომდინარე.

დღეის მდგომარეობით სირიელი ქურთები ამერიკის მოკავშირეები არიან. დაეში პრაქტიკულად განადგურებულია, შესაბამისად რჩებიან ასადი და სირიელი მეამბოხეები, რომლებიც სამხედრო თვალსაზრისით დასუსტებულები არიან და ასადის რეჟიმისთვის დიდ დაბრკოლებას აღარ წარმოადგენენ. ისე გამოვიდა, რომ ახლა სირიაში ასადის მთავარი საპირწონე SDF-ია, რომელშიც  შედიან სირიელი ქურთები და რომელსაც ამერიკელებიც უჭერენ მხარს. ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ რუსეთმა თურქეთის სამომავლო ნაბიჯებს სირიელი ქურთების წინააღმდეგ ხელი არ შეუშალოს ტაქტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, იმის მიუხედავად, რომ რუსეთისა და თურქეთის გრძელვადიანი გეგმები თანხვედრაში არ არის.

ანუ ქურთისტანის საკითხმა ითამაშა გადამწყვეტი როლი იმაში, რომ თურქეთმა, ირანმა და რუსეთმა ერთად დაიწყეს მოქმედება აშშ-ის გარეშე…

დიახ, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ეს ტაქტიკური თანამშრომლობაა, რომელსაც არ აქვს გრძელვადიანი პერსპექტივა.

მაგალითად ასადის საკითხზე, ცნობილია, ირანისა და მოსკოვის პოზიციები, მათ სურთ ამ რეჟიმის შენარჩუნება, თურქეთის დეკლარირებული პოზიცია, რომ რეჟიმი უნდა წავიდეს, იგივე აზრზეა ვაშინგტონიც. ამ საკითხზე როგორ შეთანხმდებიან თურქეთი, რუსეთი და ირანი თუ საერთოდ გაყინავენ ამ თემას?

შეიძლება ითქვას, რომ გარკვეულწილად გაყინეს. თურქეთის პოზიცია გასაგებია, ირანის და რუსეთის აქტიური ჩარევის შედეგად დღეის მდგომარეობით ასადმა მეამბოხეებთან ბრძოლა დიდწილად მოიგო, ტერიტორიის დიდ ნაწილს ის აკონტროლებს და მისმა მოწინააღმდეგე მეამბოხეებმა ბრძოლა დიდი ხნის განმავლობაშიც რომც განაგრძონ (მათ აქვთ ტერიტორიები, რომლებსაც თვითონ აკონტროლებენ), შეტევაზე გადასვლა და ასადის დამხობა მათ მიერ დღეს შეუძლებელია.

თურქეთს ფიზიკურად არ შეუძლია რაიმე გადამწყვეტის გაკეთება ასადის წინააღმდეგ. შესაბამისად, ის ცდილობს თავისი შეზღუდული მიზნების მიღწევას, კერძოდ ქმნის გავლენის ზონებს თავისი საზღვრის გასწვრივ სირიაში და რაც მთავარია: მოქმედებს სირიელი ქურთების წინააღმდეგ.

თქვენ თქვით, რომ თურქეთის მოსკოვთან და თეირანთან პარტნიორობას გრძელვადიანი პერსპექტივა არ გააჩნიაო, ხომ არ ფიქრობთ, რომ მოვლენების განვითარება დიდწილად დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ გაგრძელდება ურთიერთობა ვაშინგტონსა და ანკარას შორის. თუ აშშ და თურქეთი სირიის ქურთისტანის საკითხზე შეთანხმდებიან, ეს ხომ ამ ახლოაღმოსავლურ პაზლს, რომელზეც ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ, სრულიად ამოატრიალებს?

დავით ბატაშვილი

ირანსაც და თურქეთსაც ახლო აღმოსავლეთში თავისი გეოპოლიტიკური პროექტები აქვთ. ეს პროექტები ურთიერთსაპირისპიროა. აქედან გამომდინარე, გრძელვადიან პერსპექტივაში მათ აუცილებლად ექნებათ (დღესაც აქვთ) ფუნდამენტური, სტრუქტურული დაპირისპირება. ეს ასე იქნება იმის მიუხედავად თუ რას მოიმოქმედებს აშშ. ამერიკელების გარკვეულმა ქმედებებმა ირანისა  და თურქეთის ურთიერთობებზე რაღაც გავლენა შესაძლოა იქონიოს – უფრო გაამწვავოს ან პირიქით დაათბოს, მაგრამ ვაშინგტონის პოზიციის მიუხედავად, სანამ თურქეთს და ირანს ფიზიკური რესურსი და ამბიცია ექნებათ, რომ ახლო აღმოსავლეთი თავისი ხედვების მიხედვით მოაწყონ, მათ შორის ფუნდამენტური დაპირისპირება იარსებებს. რაც არ გამორიცხავს კონკრეტულ საკითხებზე ტაქტიკურ თანამშრომლობას. ზუსტად იგივე ითქმის თურქეთისა და რუსეთის ურთიერთობებზეც.

სირიელმა და ერაყელმა ქურთებმა იბრძოლეს დაეშის წინააღმდეგ, საკმაოდ წარმატებულადაც. ალბათ ფიქრობენ, რომ ისე როგორც 1990-იან წლებში, როდესაც ჰუსეინის ჩამოგდების შემდეგ ერაყის ქურთისტანმა ავტონომია მიიღო, დღესაც შეუძლიათ გარკვეული სარგებლის მიღება. აშშ მხარს უჭერს ქურთებს, ვაშინგტონი და თურქეთი  სტრატეგიული პარტნიორები არიან და რატომ არ უნდა ენდოს თურქეთი აშშ-ს ამ შემთხვევაში და რატომ უნდა აღიქვას საფრთხედ თავისი ინტერესებისთვის ის ძალა, რომელსაც მისი სტრატეგიული პარტნიორი ეხმარება? ამის გამო აშშ-სთან ურთიერთობა რატომ უნდ დააყენოს კითხვის ნიშნის ქვეშ?

როდესაც უსაფრთხოების და გეოპოლიტიკის საკითხებს ეხება საქმე, თურქეთი უპირველეს ყოვლისა საკუთარ ხედვას ენდობა. ეს ხედვა მდგომარეობს იმაში, რომ თუ ქურთულ ნაციონალიზმს მის საზღვრებთან დიდი გაქანება მიეცემა, თურქეთის ეროვნულ უსაფრთხოებას კრიტიკული საფრთხე შეექმნება.

თუმცა თურქეთისთვის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაც მნიშვნელოვანია, ხომ? ამ წუთას თითქოს არ ჩანს იგივე  სავიზო სკანდალის შემდეგ რაზე შეიძლება შეთანხმდნენ აშშ და თურქეთი.. იგივე ითქმის თურქეთისა და ევროპის ურთიერთობებზეც, რომელიც ასევე არის ანაკარისთვის მნიშვნელოვანი, ყოველ შემთხვევაში იყო. საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში თურქეთი თავის თავს ევროპულ სივრცეში განიხილავდა და ეს საქართველოსთვისაც მომგებიანი იყო, რადგან თურქეთის ევროკავშირში გაწევრების შემთხვევაში თბილისსაც ექნებოდა ევროკავშირში შესვლის მინიმუმ გეოგრაფიული არგუმენტი.

როგორც უკვე გითხარით, ქურთისტანის საკითხი არის გადამწყვეტი, მაგრამ უფრო ფართო თემებიც არსებობს. დასავლეთთან ურთიერთობა თურქეთისთვის მნიშვნელოვანია და ამიტომაც არის ის ნატოს წევრი, მაგრამ ამავე დროს თურქეთი საკუთარ თავს გეოპოლიტიკურ ცენტრად განიხილავს, რომელმაც თავის გარშემო გარკვეული რეალობა უნდა ააწყოს. ის საკუთარ თავს აღარ აღიქვამს სხვისი რეალობის ნაწილად როგორც ცივი ომის დროს, როცა ის დასავლური სივრცის შემადგენელი ნაწილი იყო.

დღეს მას შეიძლება დასავლეთის საწინააღმდეგო არც არაფერი ჰქონდეს, უბრალოდ თავის თავს რეგიონულ ცენტრად განიხილავს. ეს ნიშნავს იმას, რომ თურქეთს თავისი ინტერესები აქვს რეგიონულ პოლიტიკასთან დაკავშირებით და გარდაუვალია არ დაუპირისპირდეს იმავე რეგიონში მოთამაშე სხვა დიდი ძალების ინტერესებს, მათ შორის ეს შეიძლება იყოს ამერიკის შეერთებული შტატებიც. იგივე სირიელი ქურთების საკითხის მაგალითზე ამას ვხედავთ. ირანს და თურქეთსაც აქვთ საპირისპირო ინტერესები, რადგან პრიორიტეტს ერთსა და იმავე რეგიონზე, ახლო აღმოსავლეთზე აკეთებენ.

უფრო კონკრეტულად რა იგულისხმება თურქეთის გეოპოლიტიკური პროექტში, რა სურს თურქეთს?

საუბარია იმაზე, რომ თურქეთი კონკრეტულ გეოგრაფიულ სივრცეში მოწინავე პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ცენტრი იყოს. რაც ჩინეთს, ინდოეთს, ირანს და ა.შ. სურთ, ასეთივე ამბიციები აქვს თურქეთსაც.

თურქეთის გეოპოლიტიკური ინტერესების ხსენება საქართველოში ხანდახან შიშს იწვევს ხოლმე. ამ შემთხვევაში როგორ უნდა გავიგოთ თურქეთის გეოპოლიტიკური ინტერესები და არის თუ არა ეს კონფიგურაცია საქართველოსთვის საფრთხის შემცველი?

თურქეთის გეოპოლიტიკური ინტერესები ჩვენ უნდა მივიღოთ რეალობად და გავითვალისწინოთ. რაც შეეხება საფრთხეს: საქმე ისაა, რომ თურქეთისა და საქართველოს ინტერესები სტრუქტურულად საკმაოდ ახლოსაა ერთმანეთთან. სამხრეთ კავკასიის სატრანსპორტო დერეფნის არსებობა, ფუნქციონირება და განვითარება თურქეთის ერთ-ერთი პრინციპული ინტერესია. ეს სწორედაც რომ საქართველოს საკვანძო ინტერესიცაა. საქართველოც არის ამ დერეფნის ნაწილი, შესაბამისად ჩვენი ქვეყნის განვითარების პერსპექტივები ამ დერეფანს უკავშირდება. აქედან გამომდინარე, ამ ძალიან მნიშვნელოვან საკითხში იგივე გვსურს, რაც თურქეთს.

ამავე დროს, თუ საქართველო იქნება დასუსტებული და მოშლილი ქვეყანა, ეს დერეფანი მისი გავლით ვერ იფუნქციონირებს. შესაბამისად, თურქეთისთვის საქართველოს ცუდ დღეში ყოფნა მისაღები არ არის, რასაც ვერ ვიტყვით რუსეთზე. რუსეთის შემთხვევაში ჩვენი და მოსკოვის ინტერესები სრულიად საპირისპიროა, მათ შორის ამ დერეფნის საკითხზეც. მოსკოვს არ სურს, რომ ამ დერეფანმა იფუნქციონეროს, თურქეთს პირიქით ეს სჭირდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავებაა მათ შორის თუნდაც ამ საკითხში. აქედან გამომდინარე, ზღაპარია რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება მანამ, სანამ მაგ ქვეყანაში რაიმე პრინციპულად არ შეიცვლება. თურქეთის შემთხვევაში ისეთი ურთიერთობის აწყობა რომელიც ჩვენს ინტერესებშიც შედის აბსოლუტურად შესაძლებელია.

იმ შემთხვევაში თუ თურქეთის აშშ-სთან და ევროპასთან ურთიერთობები გამწვავებული დარჩება, საქართველოს ევროპელებისა და ამერიკელების მონაწილეობის გარეშე დამოუკიდებლად აქვს რესურსი, რომ თურქეთთან გააგრძელოს არსებული პარტნიორობა ისე, რომ არ დაზარალდეს მისი როგორც დემოკრატიისაკენ მიმავალი ქვეყნის იმიჯი და აქ ალბათ უნდა გავიხსენოთ მუსტაფა ემრე ჩაბუქის, დემირელის და შაჰინის სკოლების დახურვის საკითხი საქართველოში…

ჩაბუქის და სკოლების დახურვის ამბები საქართველოს ხელისუფლების უპრინციპობის ნიშანია. თურქეთთან კარგი ურთიერთობების აწყობა არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს უპრინციპობას იმ კუთხით, რომ შიდა პოლიტიკური გადაწყვეტილებები უცხო ქვეყანას დაუქვემდებარო. საჭიროა ორი რამის გონივრული კომბინაცია: ერთი მხრივ, ჩვენი საერთო რეგიონული ინტერესების გატარება სატრანსპორტო და სხვა სტრატეგიულ საკითხებთან მიმართებაში, მეორე მხრივ საჭიროა პრინციპულობის დაცვა, განსაკუთრებით იმ საკითხებში, რომელიც საქართველოს შიდა საქმეებს ეხება. ამ ორი რამის კომბინაციით, მიუხედავად იმისა თუ რა ურთიერთობები და პრობლემები ექნება თურქეთს დასავლეთთან, ჩვენ შეგვიძლია ანაკარასთან კარგი თანამშროლობა.

თუმცა თუ დემოკრატიულ განვითარებას დაშორდება თვითონ თურქეთი, იმ წითელი ხაზების გავლება, რაზეც თქვენ საუბრობთ, რამდენად ადვილი იქნება საქართველოსთვის, ისე, რომ პარტნიორული ურთიერთობა შეინარჩუნოს?

ჩვენ არ ვიცით რა და როგორ განვითარდება. წითელი ხაზების გავლება არცაა აუცილებელი, რადგან ის უკვე გავლებულია – ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეები წითელი ხაზის მიღმაა. უბრალოდ ამ ხაზების პრინციპულად დაცვაა საჭირო. თურქეთს რომ დავანებოთ თავი,  აზერბაიჯანის შემთხვევაშიც კი ვნახეთ ჩვენ, რომ ამ ხაზების დაცვა პრინციპულად არ ხდება, რაც მთლიანად საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. ეს მათი ბრალია და არა თურქეთის ან აზერბაიჯანის. იმის მიუხედავდ თუ როგორი შიდა წყობა აქვს მეზობელს, შენ სუვერენული საკითხების დაცვისას ისე უნდა იმოქმედო როგორც საჭიროა. შენ თვითონ უნდა სცე პატივი საკუთარ სუვერენიტეტს იმისთვის, რომ შენი მეზობლებიც აკეთებდნენ ამას. თუ შენ ისეთ რაღაცებს აკეთებ რაც, როგორც ჩანს, აფგან მუხთარლის შემთხვევაში იკადრეს, შენი მეზობელიც არ იქნება დიდი პატივისცემით განსჭვალული შენს მიმართ.

ბოლოს ალბათ ისიც უნდა ითქვას, რომ თურქეთისა და დასავლეთის ურთიერთობებს ახასიათებს ცვალებადობა, ერთი პერიოდი ემბარგოც კი დაუწესა აშშ-მა, თუმცა შემდეგ მშვენიერი ურთიერთობები ჰქონდათ, ანუ შესაძლოა ეს უთანხმოება დასავლეთსა და თურქეთს შორის სამუდამოდ არ გაგრძელდეს…

რა თქმა უნდა. ნაკლებად სავარაუდოა, რომ სამუდამოდ გაგრძელდეს. კი, ეს ურთიერთობები ცვალებადია და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისეთ მოსისხლე მტრობასთან გვქონდეს საქმე როგორიც დღესდღეობით ამერიკასა და ირანს შორის არსებობს. თურქეთის ურთიერთობას დასავლეთთან წარსულშიც ჰქონია მაღალი და დაბალი წერტილები, მომავალშიც ასე იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი