ახალი ამბები

ქვიშხეთი-ზვარეს სარკინიგზო გვირაბის გაყვანა დასრულდა

19 ნოემბერი, 2017 • 6885
ქვიშხეთი-ზვარეს სარკინიგზო გვირაბის გაყვანა დასრულდა

დღეს, 19 ნოემბერს, საქართველოში სიგრძით ყველაზე დიდი, თითქმის 8,5 კმ-იანი გვირაბის ქვიშხეთი-ზვარეს გვირაბის მშენებლობის პრეზენტაცია გაიმართა. ეს გვირაბი თბილისი-მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტის ნაწილია.

“ამ მასშტაბური პროექტის განხორციელების შედეგად გაიზრდება სარკინიგზო ხაზის გამტარუნარიანობა, გაძლიერდება უღელტეხილის მონაკვეთზე მოძრავი შემადგენლობის უსაფრთხოება, და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, შემცირდება მგზავრობის დრო და მატარებელი თბილისიდან ბათუმამდე მანძილს კიდევ უფრო მოკლე დროში დაფარავს,”- განაცხადა პრეზენტაციაზე გიორგი კვირიკაშვილმა და დასძინა, რომ პროექტი 2020 წელს დასრულდება.

კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ რკინიგზის მშენებლობის პროც ესში ჩართული არიან უცხოელ ექსპერტთა, სპეციალისტთა და მშენებელთა ძალიან მნიშვნელოვანი ჯგუფები, როგორიც არის “ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო”, რომელიც უღელტეხილის მონაკვეთზე რთული საინჟინრო ნაგებობების მშენებლობას ახორციელებს.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ის ფაქტი, რომ საქართველო არის ბუნებრივი დერეფანი ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის, აქვს დიდი შესაძლებლობა, მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს რეგიონში, მათ შორის, ვაჭრობისა და ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვების მიმართულებით.

“ჩვენ გვაქვს საშუალება, დავიბრუნოთ ისტორიული ფუნქცია ახალი აბრეშუმის გზის ფარგლებში. ამდენად, ეს პროექტი უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის ზრდის კუთხით… თბილისი-მახინჯაურის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტი მნიშვნელოვანია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებისთვისაც. ეს ორი პროექტი ერთობლივად, ფუნდამენტურად შეცვლის საქართველოს სატრანზიტო პოტენციალს და ეკონომიკურ ლანდშაფტს, ამიტომ მათი წარმატებით განხორციელება არის ჩვენი ქვეყნის მთავარი ამოცანა. ეს არის პროექტები, რომლებმაც უდიდესი გარდატეხა უნდა მოახდინოს ქვეყანაში. ჩვენთვის ცნობილია, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმი მოლაპარაკებაშია ასევე ჩინურ კომპანიებთან. მინდა, საქართველოს მთავრობის სახელით ვთქვა, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, ამ პროექტში ჩინური მხარე ძალიან სერიოზულად იყოს წარმოდგენილი.

“ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს” მიერ ზვარეში გვრაბის მშენებლობისას 2016 წელს ქართველ მუშებსა და ხელმღვანელობას შორის დაპირისპირება იყო. მუშები  აცხადებდნენ, რომ “ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო” არ იცავდა უსაფრღხოების ნორმებს და ასევე, მუშებს არ აძლევდა  დასვენების კუთვნილ დღეებს.  მუშების გაფიცვა სოფელ ზვარეში 15 დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი