ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანელმა წამყვანმა გადაცემის გმირის დასახმარებლად მე-7 კლასელ გოგონას ხელი სთხოვა

20 ნოემბერი, 2017 • 4708
აზერბაიჯანელმა წამყვანმა გადაცემის გმირის დასახმარებლად მე-7 კლასელ გოგონას ხელი სთხოვა

აზერბაიჯანის სოციალურ ქსელებსა და მედიასა ბოლო დღეების განმავლობაში ერთი მოვლენა განიხილება. აზერბაიჯანის ტელეკომპანია “ხაზარზე” ერთ-ერთი სატელევიზიო შოუს წამყვანმა პირდაპირ ეთერში 15 წლის წლის გოგონას [მეშვიდე კლასის მოსწავლე] მშობლებს გადაცემაში მონაწილე კაცის სახელით ხელი სთხოვა.  

სატელევიზიო გადაცემა  “5/5” ის კონცეფციაა ქორწინების თანხმობას მიაღწიონ იმ კაცებმა, რომელთა წინააღმდეგი არიან გოგონების მშობლები. 16 ნოემბრის ეთერის დროს, გადამღები ჯგუფი “ხელის სათხოვნელად” აზერბაიჯანის ერთ-ერთ რაიონში გაემგზავრა.

იმის გამო, რომ კაცმა გოგონას მშობლები ვერ დაარწმუნა მათ შვილზე დაქორწინებაში, მშობლებთან გადაცემის წამყვანი ზაურ ქამალიც გაემგზავრა. გოგონას სახლში სტუმრობისას გაირკვა, რომ ის მეშვიდე კლასის მოსწავლეა და რომ მისი მშობლები შვილის ამ ასაკში დაქორწინების წინააღმდეგი არიან. ამის მიუხედავად, გადაცემის წამყვანი მაინც არწმუნებდა მშობლებს, რომ გოგონა მათთვის გაეყოლებინათ.

აზერბაიჯანის კანონმდებლობის შესაბამისად, ქორწინების ასაკი 18 წელია. შესაბამისად, სატელევიზიო გადაცემა და მისი წამყვანი კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენას ცდილობდნენ.

გადაცემამ ქვეყანაში არაერთგვაროვანი რეაქციები გამოიწვია. სოციალურ ქსელებში განწყობები უკიდურესად ნეგატიური იყო.

ქალთა უფლებების დაცვის კუთხით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია “სუფთა სამყაროს” [თამიზ დუნია] ხელმძღვანელმა, მეჰრიბან ზეინალოვამ აღნიშნული ქმედების გამო ტელერადიომაუწყებლობის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარეს ნუშირევან მაგერამლის მიმართა.

“ქვეყანაში ადრეული ქორწინებების პრობლემის გათვალისწინებით, ნუთუ ზაურ ქემალიმ არ იცის ამ ქვეყნის კანონები და პოლიტიკა? თუ საკუთარ გადაცემას კანონზე მაღლა აყენებს? ვიმედოვნებ, ტელერადიომაუწყებლობის ეროვნული საბჭო ამ და მსგავს გადაცემებთან მიმართებში შესაბამის ზომებს მიიღებს. ეს გადაცემები ადრეული ქორწინებების პროპაგანდაა და ეს პრობლემა არ უნდა იყოს უგულებელყოფილი”, – წერია ტელერადიომაუწყებლობის ეროვნული საბჭოს მიმართ მიმართვაში.  

თავად ზაურ ქემალიმ ბრალდებებზე უპასუხა, რომ “ მას ბიჭის ნათესავებმა სიმართლე დაუმალეს და გოგონას ასაკზე თავადაც არაფერი იცოდა”.

“მითხრეს, რომ გოგონა 17-18 წლისაა. ამ ასაკში ქორწინების წინააღმდეგიც ვიყავი. თუმცა, მითხრეს, რომ თუ 17 წლისაა, დაელოდებიან. ამ იდეით გავემგზავრეთ აგდამში. როდესაც გოგონას დედამ გვითხრა, რომ მისი შვილი მხოლოდ 15 წლისაა, თავიდან ვიფიქრე, რომ უბრალოდ გვატყუებდა. მერე ეზოში შევედით და ვნახეთ, რომ ის მართლაც ბავშვი იყო და საქმე შევწყვიტეთ. ბიჭს კი ვუთხარი, რომ მე ვეღარ გავაგრძელებ საქმეს, რომელშიც მომატყუეს. შემდეგ ისინი სხვა გოგონას ოჯახში წავიდნენ და თანხმობაც მიიღეს. გადაღების ტრანსლირება იქნება და მე მოვყვები ყოველივე ამის შესახებ”.

თავაკულ დადაშოვი, ტელე და რადიო მაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის პრესსამსახურის უფროსი ამბობს, რომ აღნიშნულ საკითხს იძიებენ: “ჩვენ უკვე ვიცით ამ გადაცემის შესახებ. პროგრამაში არ არის საუბარი ქორწინებაზე, ქორწილზე. ისინი უბრალოდ მივიდნენ გოგონას ხელის სათხოვნელად. რა არის ამაში გასაკვირი? ხომ არავინ დაუქორწინებიათ. ეს გოგონა 15 წლისაა. არც წამყვანმა იცოდა ამის შესახებ.”.

ამ ფაქტზე აზერბაიჯანელმა იურისტმა ზაურ გურბანლიმ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ გადაცემაში ნამდვილად არსებობს მშობლებისადმი მოწოდების ფაქტები, რომ შვილი გააყოლონ. და ისინი სისხლის სამართლის კოდექსის 152 მუხლით [სისხლის სამართლის დანაშაულის მომზადება] უნდა გასამართლდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი