ახალი ამბები

რატომ გამოაძევეს უკრაინიდან საქართველოს 8 მოქალაქე?

18 ნოემბერი, 2017 • 2229
რატომ გამოაძევეს უკრაინიდან საქართველოს 8 მოქალაქე?

17 ნოემბერს, უკრაინის უშიშროების სამსახურმა ქვეყნიდან საქართველოს 8 მოქალაქე გააძევა. უწყების ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ოპერაცია უშიშროების სამსახურის, ნაციონალური პოლიციის, მიგრაციის სააგენტოსა და სასაზღვრო სამსახურის ჩართულობით განხორციელდა. უკრაინული მხარის ინფორმაციით, დეპორტირებული და სამშობლოშ დაბრუნებული მოქალაქეების ქმედებები საფრთხეს უქმნიდა უკრაინის ეროვნულ უსაფრთხოებას, თუმცა კონკრეტულ დეტალებზე საუბარი არ არის.

მომხდართან დაკავშირებით განსხვავებული ვერსია აქვს საქართველოს ექსპრეზიდენტს და ამჟამად “უკრაინის ახალ ძალთა მოძრაობის” ლიდერს, მიხეილ სააკაშვილს. მან მიმართვა ფეისბუქ გვერდზე გაავრცელა და აღნიშნა, რომ უკრაინიდან დეპორტირებულ მოქალაქეთა ნაწილს ქვეყანა მასთან ურთიერთობის გამო დაატოვებინეს. მისი ინფორმაციით, დაკავებულთაგან ერთ-ერთი სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი2”-ს ოპერატორია, რომელიც, ბოლო 3 წლის განმავლობაში, უკრაინაში მუშაობდა, კიდევ ორი პირი კი ანტიტერორისტული ოპერაციის მებრძოლია. სააკაშვილის ცნობით, სამივე დაკავებული სამართალდამცავებმა ერთი ბინიდან აიყვანეს, დაკავების პროცესში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და კიევი-ჟულიანის საერთაშორისო აეროპორტში წაიყვანეს.

“ნეტგაზეთი” თამაზ შავშიშვილის შესაძლო დაკავებასთან და მის ადგილსამყოფელთან დაკავშირებით, რომელსაც სააკაშვილის “რუსთავი2”-ის ოპერატორად მოიხსენიებს, ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსს, ნოდარ მელაძეს დაუკავშირდა. მისი თქმით, შავშიშვილი არხთან ნამდვილად თანამშრომლობდა. ნოდარ მელაძის ცნობით, შესაძლოა, მის დეპორტაციას მართლაც ჰქონდეს ადგილი, თუმცა, კომუნიკაციის არარსებობის გამო, ინფორმაციის დაზუსტება ვერ ხერხდება.

“ვცდილობთ, დავადგინოთ ადგილსამყოფელი და ვერ ავდგენთ. შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს დეპორტაციას. თუმცა, იმის გამო, რომ მასთან კომუნიკაციის დამყარება ვერ ხერხდება, არ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია. როგორც კიევში მყოფი ჩვენი კორესპონდენტი გვეუბნება, ის არის აეროპორტის სადეპორტაციო ნაწილში და მისი დეპორტაცია უნდა განხორციელებულიყო გუშინ. თუმცა, უფრო ზუსტი ინფორმაციის მოპოვებას, ამ დროისთვის, ვერ ვახერხებთ”, – აღნიშნა მელაძემ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს მოქალაქეების გამოძევებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ფლობენ, თუმცა დამატებით კომენტარს არ აკეთებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი