ჩუგოშვილი: სახალხო დამცველი არის ბოლო, ვისაც გავაკრიტიკებ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ  თამარ ჩუგოშვილმა უჩა ნანუაშვილის საქმიანობის შეფასებისგან თავი შეიკავა. მედიასთან საუბრისას ჩუგოშვილი უჩა ნანუაშვილის მიმართ ბოლო დროს გამოთქმულ კრიტიკულ განცხადებებს გამოეხმაურა აღნიშნა, რომ  მისი პოზიციიდან გამომდინარე სახალხო დამცველის მნიშვნელობასთან დაკავშრებით, აღნიშნული ფიგურა არის ბოლო, ვისაც გააკრიტიკებს.

“მგონია, რომ ამ საკითხზე იმაზე მეტი კომენტარი გაკეთდა, ვიდრე უნდა გაკეთებულიყო. ეს ყველაფერი სასიამოვნო სანახავი ნამდვილად არ არის. მე თავს შევიკავებდი დამატებითი კომენტარისგან და მითუმეტეს, სახალხო დამცველის კრიტიკისგან. სახალხო დამცველი არის ბოლო, ვისაც მე გავაკრიტიკებ, რაც არ უნდა მოხდეს, რადგან გარკვეული წარმოდგენა და პოზიცია მაქვს იმასთან დაკავშირებით, თუ რას წარმოადგენს სახალხო დამცველის ინსტიტუტი ქვეყანაში”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, სახალხო დამცველის პოსტზე მმართველი გუნდის კანდიდატურასთან დაკავშირებით, საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა დასახელდა რამდენიმე კონკრეტული ფიგურა.

“არიან სხვადასხვა ჯგუფები, რომლებიც სხცადასხვა კანდიდატებს ლობირებენ და ადვოკატირებას ახორციელებენ სხვადასხვა კანდიდატების მხარდასაჭერად. ჯერჯერობით, ჩვენ არ გვქონია შეხვედრა, რომელზეც ჩვენს კანდიდატთან დაკავშირებით შევჯერდებოდით. იმედი მაქვს, ეს მომავალი კვირის განმავლობაში მოხდება”.

უჩა ნანუაშვილის მიმართ კრიტიკული განცხადება საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა 16 ნოემბერს გააკეთა. დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე გამოქვეყნებული შეფასების გამო,  წულუკიანმა აღნიშნა, რომ ნანუაშვილი საქართველოს პირველი უსამართლო სახალხო დამცველია. ომბუდსმენი ასევე გააკრიტიკეს პროკურორმა და თბილისის საქალაქო სასამართლომ.

მინისტრის განცხადება უარყოფითად შეაფასეს არასამთავრობო სექტორში, სადაც მიიჩნევნენ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა თავი უნდა შეიკავონ სახალხო დამცველის კრიტიკისგან და ზიანი არ მიაყენონ ომბუდსმენის ინსტიტუტს. ამის შესახებ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივ განცხადებაში წერია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან