წულუკიანი შალელაშვილზე: ერთადერთი დეპუტატია, რომელიც ხელფასს იღებს და სამსახურში არ დადის

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უმრავლესობის წევრს შოთა შალელაშვილს პასუხობს. წულუკიანი ამბობს, რომ ომბუდსმენზე მისმა შეფასებამ დეპუტატს “სამსახურში სიარული დააწყებინა”

“ეს არის 180 პირიან პარლამენტში ერთადერთი დეპუტატი, რომელიც ხელფასს იღებს და სამსახურში არ დადის, კარგია, თუ ჩემმს განცხადებამ ის სამსახურში მიიყვანა და მუშაობა დააწყებინა. რაც შეეხება ბატონ უჩას საქმიანობას, მე გუშინდელი შეფასება 17 წლიანი დაკვირვების შედეგის საჯაროდ განცხადებით არ დამისრულებია, ამ საქმიანობას კიდეევ შევაფასებ, მანამ ის არის ომბუდსმენი და მერეც, როცა ომბუდსმენი აღარ იქნება. თუ მისი სურვილი იქნება, როდესაც ის შეწყვეტს ომბუდსმენობას, მზად ვარ მასთან გავმართო საჯარო პოლიტიკური დებატი”,- განაცხადა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე გამოქვეყნებული ომბუდსმენის  შეფასების გამო, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა რომ უჩა ნანუაშვილი საქართველოს პირველი უსამართლო სახალხო დამცველი უწოდა. ომბუდსმენი ასევე გააკრიტიკეს პროკურორმა და თბილისის საქალაქო სასამართლომ.

უმრავლესობის დეპუტატის შოთა შალელაშვილის განცხადებით, იუსტიციის მინისტრის მიერ ომბუდსმენის შეფასება, რომლის მიხედვითაც წულუკიანმა ნანუაშვილს უსამართლო სახალხო დამცველი უწოდა, პოლიტიკური და სამართლებრივი თვალსაზრისით აბსოლუტურად გაუმართლებელი ნაბიჯია

“მინდა გამოვეხმაურო იუსტიციის მინისტრის დღევანდელ განცხადებას, რომლითაც ქალბატონი წულუკიანი საქართველის ისტორიაში ყველაზე უსამართლო ობმუსმენდს უწოდებს საქართველოს სახალხო დამცველს. მე კი ვფიქრობ, რომ ასეთი უპასუხისმგებლო განცხადება არ გაუკეთებია ,,ქართული ოცნების’’ არც ერთ ლიდერს და პოლიტიკური თანამდებობის პირს”.- ამბობს შალელაშვილი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com