ახალი ამბები

ენმ – მ საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა

17 ნოემბერი, 2017 • 1836
ენმ – მ საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა

დღეს, 17 ნოემბერს, თბილისის საკრებულო კახა კალაძის მიერ წარდგენილ დედაქალაქის ახალი მთავრობის შეამადგენლობას დაამტკიცებს, რომელშიც რამდენიმე დავით ნარმანიას გუნდის წევრიც მოხვდა.

თუმცა თავად კალაძე საკრებულის სხდომას არ ესწრება, რაც ოპოზიციის კრიტიკის საფუძველი გახდა.

ოპოზიციას მთავარი კითხვები ნიკოლოზ ჭონქაძესთან დაკავშირებით აქვს, რომელიც ფეისბუკზე ფსევდონომით  “სულიკო კედელაშვილის” სახელით იყო რეგისტრირებული.  ოპოზიციის განცხადებით,  ის სოციალურ ქსელში სიძულვილის ენის გამოყენებით გამოირჩეოდა.

ოპოზიციონერ დეპუტატებს კითხვები აქვთ მერიის სამსახურების იმ უფროსებზე, რომლებმაც შეინარჩუნეს თანამდებობები – ოპოზიცია აცხადებს, რომ სწორედ მათ დარგშია კატასტროფული მდგომარეობა თბილისში (სატრანსპორტო სამსახური, კეთილმოწყობის სამსახური, ჯანდაცვა და სოციალური მიმართულებები, განათლების და სპორტის სამსახური).

“ნაციონალურმა მოძრაობამ”  დღის წესრიგიდან ნიკოლოზ (ნუგზარ) ჭონქაძის მერიის საქალაქო სამსახურის უფროსად დანიშვნის საკითხის ამოღება მოითხოვა, რაც საკრებულოს უმრავლესობამ არ გაიზიარა. ენმ-ის ფრაქციის თავმჯდომარის, ირაკლი ნადირაძის განცხადებით, ამით მთელი ხელისუფლება იზიარებს მის ჰომოფობიურ და ქსენოფობიურ განცხადებებს. სწორედ ამის გამო ნაციონალურმა მოძრაობამ პროტესტის ნიშნად დატოვა დღევანდელი სხდომა.

მანამდე, სახელისუფლებო გუნდის წევრებმა კი “სულიკო კედელაშვილი” დაიცვეს და განაცხადეს, რომ მხარს  უჭერენ მის 22-წლიანი გამოცდილებას, რომელიც დედაქალაქის უსაფრთხოების სამსახურს სასიკეთოდ წარადგება. მმართველი გუნდის დეპუტატებმა ენმ-ის წევრებს ცხრა წელი კიდევ ერთხელ შეახსენეს და გაიხსენეს ძალადობის ფაქტები, რომელსაც 2012 წლამდე ჰქონდა ადგილი.

საკრებულოს დეპუტატმა ნაციონალური მოძრაობიდან, მარიკა დათუკიშვილმა მმართველ გუნდს “სულიკო კედელაშვილის”  მიერ გამოთქმული ჰომოფიბიური, ქსენოფობიური და შეურაცხმყოფელი განცხადებების ამსახველი მასალა მიაწოდა.  ოპოზიციამ ხელისუფლების წარმომადგენლებს დაუბარეს, რომ ეს ჩანაწერები კახა კალაძისთვის გადაეცათ. მათი თქმით, არ რცხვენიათ ცხრა წელზე საუბარი, რადგან  იმ დროს ბევრი რამ გაკეთდა სასიკეთოდ, დღევანდელი ხელისუფლება კი ყოფილ ენმ-ის წევრებს თანამდებობებზეც ნიშნავს.

ნიკოლოზ ჭონქაძე  სხვა სამსახურის ახალ უფროსებთან ერთად, საკრებულოს სხდომას ესწრებოდა და უსმენდა მის მიმართ მწვავე კრიტიკას, თუმცა ამის შესახებ ის აღარ საუბრობს. ნუგზარ ჭონქაძემ მანამდე დაადასტურა, რომ სულიკო კედელაშვილის სახელით ნამდვილად ის სარგებლობდა სიციალურ ქსელში.

თბილისის მერის კახა კალაძემ კი ამ თემაზე განაცხადა, რომ “თუ ამ ადამიანს არ მოსწონს გარკვეული ორიენტაციის მქონე ადამიანები, ეს მისი ნებაა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი