არასამთავრობო ორგანიზაციები სახალხო დამცველის კრიტიკის გამო შეშფოთებას გამოთქვამენ

არასამთავრობო ორგანიზაციები შეშფოთებას გამოთქვამენ ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლების მხრიდან სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის კრიტიკის გამო. განცხადებაში, რომელსაც ხელს თერთმეტი არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს, წერია, რომ  ხელისუფლების წარმომადგენლებმა თავი უნდა შეიკავონ სახალხო დამცველი კრტიკისაგან და ზიანი არ მიაყენონ ომბუდსმენის ინსტიტუტს.

“არასამთავრობო ორგანიზაციები შეშფოთებული ვადევნებთ თვალს მოქმედი სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის მისამართით გამოთქმულ და ამავდროულად, თვით ომბუდსმენის ინსტიტუტის დისკრედიტაციის შემცველ განცხადებებს, რომელსაც ბოლო დღეების განმავლობაში ავრცელებენ საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის – მაღალი თანამდებობის პირები.

აღნიშნული განცხადებები, ძირითადად, უკავშირდება სახალხო დამცველის მიერ 15 ნოემბერს გამოქვეყნებულ მონიტორინგის შედეგებს ე. წ. ციანიდის საქმეზე. დოკუმენტში, რომელიც საქმის გამოძიების მასალების შესწავლისა და სასამართლო პროცესის მონიტორინგის შემდგომ მომზადდა, სახალხო დამცველმა სერიოზულ პროცესუალურ ხარვეზებზე გაამახვილა ყურადღება.

მონიტორინგის დასკვნაში სახალხო დამცველი ეხმაურება ყველა იმ არსებით დარღვევას, რასაც როგორც გამოძიების ეტაპზე, ისე სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას არასამთავრობო ორგანიზაციებიც აღნიშნავდნენ და უარყოფითად აფასებდნენ. კერძოდ, დასკვნაში კრიტიკულად შეფასებულია: ბრალდებულის უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა, ადვოკატებისთვის დაცვის შესაძლებლობის შეზღუდვა ე.წ. გაუთქმელობის ხელწერილის საშუალებით, სასამართლო პროცესის სრულად დახურვა და ა.შ.

სახალხო დამცველის მონიტორინგის შედეგებს მეორე დღესვე საჯარო განცხადებით გამოეხმაურა ე. წ. ციანიდის საქმის პროკურორი, რომლის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებში უკვე ჩანდა აგრესიული გამონათქვამები სახალხო დამცველის მისამართით. მალევე პოლიტიკური შინაარსის განცხადება გაავრცელა თბილისის საქალაქო სასამართლომ, სადაც შეურაცხმყოფელ კონტექსტში სახალხო დამცველის უფლებამოსილების ვადის ამოწურვაზეც არის საუბარი. მიმდინარე პოლიტიკურ კამპანიას შეუერთდა იუსტიციის მინისტრი უსამართლო რეპლიკით, რომ უჩა ნანუაშვილი არის „პირველი უსამართლო ომბუდსმენი,”-წერია განცხადებაში. 

არასამთავრობო ორგანიზაციები განსაკუთრებით შეშფოთებულნი არიან თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებული განცხადები, სადაც სასამართლო მიიჩნევს რომ ანგარიშში სახალხო დამცველი გასცდა მის კომპეტენციის ფარგლებს. NGO-ებს მიაჩნიათ, რომ სასამართლოს ან წარმოდგენა არა აქვს სახალხო დამცველის მანდატის შესახებ, ან ეს წარმოდგენა ემყარება პოლიტიკურ კონიუნქტურას, რაც კიდევ უფრო ამძიმებს ვითარებას.

“აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები სახალხო დამცველს თავს ესხმიან და კრიტიკული პოზიციის გამოხატვის გამო აკრიტიკებენ.

არასამთავრობო ორგანიზაციები მოვუწოდებთ ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებს, თავი შეიკავონ მსგავსი განცხადებებისგან, რითაც ხელს უწყობენ სახალხო დამცველის ინსტიტუტის დაკნინებას და დისკრედიტაციას, განსაკუთრებით – საერთაშორისო საზოგადოების თვალში,”-ნათქვამია განცხადებაში.

დღეს გავრცელებულ განცხადებას ხელს საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო, მედიის განვითარების ფონდი, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, სამოქალაქო განვითარების სააგენტო, ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო“, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, კავშირი „საფარი“, საერთო სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“და სამოქალაქო განათლების განვითარების მულტიეთნიკური რესურსცენტრი აწერენ ხელს.

დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე გამოქვეყნებული ომბუდსმენის  შეფასების გამო, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა რომ უჩა ნანუაშვილი საქართველოს პირველი უსამართლო სახალხო დამცველი უწოდა.

ომბუდსმენი ასევე გააკრიტიკეს პროკურორმა და თბილისის საქალაქო სასამართლომ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.