ომბუდსმენი: “ბუღას” შეფუთვა შეურაცხმყოფელია ქალებისთვის

საქართველოს სახალხო დამცველმა  სს “წყალ მარგებელს”  ენერგეტიკული სასმელის “ბუღას” სექსისტური შინაარსის სარეკლამო კამპანიის რებრენდინგის წინადადებით მიმართა.  ამის შესახებ, ომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში სახალხო დამცველი განმარტავს, რომ ენერგეტიკული სასმელი “ბუღას” შეფუთვაზე გაკეთებული ილუსტრაცია “არ არის გოგონებისთვის”და სოციალურ ქსელში გავრცელებული რეკლამა, რომლის მიხედვითაც სასმელი “ძროხა” განკუთვნილია “მხოლოდ ნაშებისთვის” სექსისტური  და ქალებისთვის შეურაცხმყოფელია. 

“სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ „ბუღას“ შეფუთვა შეურაცხმყოფელია ქალებისთვის და ხელს უწყობს ქალთა უთანასწორო მდგომარეობაში ჩაყენებას, რამდენადაც სასმელის შეფუთვა და სოციალურ ქსელში კომპანიის მიერ წარმოებული კამპანია ხაზს უსვამს მამაკაცის დომინანტურ როლს,”- ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

გარდა ამისა, სახალხო დამცველი ხაზს უსვამს, რომ “სექსისტური გამონათქვამების ან/და ფოტო/ილუსტრაციის შემცველი რეკლამა ხელს უწყობს ერთ-ერთი სქესის მიმართ დისკრიმინაციული მიდგომის გაღრმავებას, წარმოადგენს დისკრიმინაციის ხელშემწყობ საშუალებას და ამართლებს ასეთ პრაქტიკას.”

განცხადების ბოლოს, ომბუდსმენი “წყალ მარგებელს”  მოუწოდებს “ბუღას” ბრენდით არ შეუწყოს ხელი ქალთა,  ან ნებისმიერი ჯგუფის დისკრიმინაციას  და პატივის სცეს  მომხმარებლის უფლებებს.

სასმელი “ბუღა” მაღაზიების დახლებზე ამა წლის აგვისტოში გამოჩნდა. მიუხედავად კრიტიკული შეფასებებისა, რომლებიც  “წყალ  მარგებელს” სექსიზმსა და დისკრიმინაციაში ადანაშაულებდნენ, კომპანიამ განაცხადა, რომ სასმელი ვერ იქნება დისკრიმინაციული, ვინაიდან კომპანია “არავის არაფერს უკრძალავს”.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან