ახალი ამბები

საბავშვო ევროვიზიის ჩატარება საქართველოს 7 მილიონი ლარი დაუჯდება

17 ნოემბერი, 2017 • 2423
საბავშვო ევროვიზიის ჩატარება საქართველოს 7 მილიონი ლარი დაუჯდება

საბავშვო ევროვიზიის ჩატარება საქართველოს 7 მილიონი ლარი დაუჯდება. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩოგოვაძემ განაცხადა.

ჩოგოვაძემ “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ  დახარჯული 7 მილიონი ლარიდან  ქვეყანას გაცილებით უფრო დიდი სარგებელი ექნება.

“დაახლოებით, ეს თანხა შეადგენს 7 მილიონ ლარს და ყველა საორგანიზაციო საკითხს მოიცავს. მთავარი შედეგი, რაც დადგება, იქნება ის, რომ შოუ ტრანსლირებული იქნება 20 ქვეყანაში და მას, დაახლოებით, 20 მილიონი ადამიანი ნახავს. ამ შოუში ინტეგრირებული იქნება მინი ვიდეო რგოლები საქართველოზე, რომელიც ქვეყნის ცნობადობას მნიშვნელოვნად გაზრდის,” – განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.

პროექტის მარკეტინგულ მნიშვნელობაზე ისაუბრა ევროვიზიის სიმღერის კონკურსის აღმასრულებელმა პროდიუსერმა, სერგი გვარჯალაძემაც: 

“ეს არ არის მხოლოდ შოუ, ჩვენ გვაქვს მთელი რიგი მარკეტინგული ელემენტებისა, რომელსაც პარტნიორებს ვაწვდით. უპირველეს ყოვლისა, ეს არის ხანგრძლივი მარკეტინგული კომპანია,” – აღნიშნა  გვარჯალაძემ.

საბავშვო ევროვიზია თბილისში 25-26 ნოემბერს გაიმართება. მასში 16 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას, ხოლო ტრანსლაცია 20 ქვეყნის მასშტაბით მოხდება. ბილეთების ფასი, 25 ნოემბრის გენერალური რეპეტიციისთვის 3-15 ლარი იქნება, ხოლო 26 ნოემბრის შოუსთვის 5-15 ლარი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი