ახალი ამბები

სტუდენტები: ძეგლზე ბანერის მიყუდების მცდელობისთვის დაგვაჯარიმეს

5 ივლისი, 2013 • 1653
სტუდენტები: ძეგლზე ბანერის მიყუდების მცდელობისთვის დაგვაჯარიმეს

“ჩვენ 26 ივნისს გავმართეთ აქცია #1 სკოლის წინ, ვაფიქსირებდით ჩვენს თავისუფალ აზრს უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით. აქციაზე მივიტანეთ ბანერი, რომელსაც ეწერა”გვანდეთ ჩვენი უნივერსიტეტი”, შეურაცხმყოფელი ბანერზე არაფერი არ ეწერა და ვაპირებდით, რომ ძეგლზე მიგეყუდებინა, მაგრამ ამ დროს ჩვენთან მოვიდნენ სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული პირები, მათ გვერდით გაგვიყვანეს, შემდეგ კი საპატრულო პოლიციამ განყოფილებაში გადაგვიყვანა”, – აცხადებს ნიკოლოზ ჩომახიშვილი. მისი თქმით, პოლიციის განყოფილებაში მათ არ განუმარტეს, თუ რისთვის იყვნენ დაკავებული:

 

“გვითხრეს, ახლა იურიდიული ტერმინებით ვერ დაგელაპარაკებითო. შემდეგ, როდესაც ადვოკატი მოვიდა, უკვე გვეუბნებოდნენ, არ ხართ დაკავებულები, უბრალოდ გამოგარიდეთ სიტუაციას და გაგიშვებთო და მალევე გაგვათავისუფლეს”

 

სტუდენტების სასამართლო პროცესი დღეს, 5 ივლისს გაიმართა, სასამართლომ მათ 1000-1000 ლარიაჯი ჯარიმა დააკისრათ:

 

“ამხელა ჯარიმა არ შეუფარდებიათ 1 მაისის აქციის მონაწილეებისთვისაც კი, რომლებმაც გადახატეს მთელი ქალაქი. ვფიქრობ, ეს იყო დაშინების მცდელობა. ჩვენ არ გვაქვს 1000 ლარი, შესაბამისად, ვერ გადავიხდით. არ ვეთანხმებით სასამართლოს გადაწყვეტილებას და აუცილებლად გავასაჩივრებთ”, – ამბობს თორნიკე ჩიქოვანი.

 

ნიკოლოზ ჩომახიშვილსა და თორნიკე ჩიქოვანს ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის მე–3 ნაწილით ჰქონდათ წარდგენილი, რაც იმ თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯებას გულისხმობს, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში მდებარეობს.

 

მათი დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლე კობა გოცირიძემ გამოიტანა.

მასალების გადაბეჭდვის წესი