ახალი ამბები

კომუნიკაციების კომისიამ “რუსთავი 2” და “იმედი” წერილობით გააფრთხილა

17 ნოემბერი, 2017 • 2293
კომუნიკაციების კომისიამ “რუსთავი 2” და “იმედი” წერილობით გააფრთხილა

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „შენების მოძრაობის“ წინასაარჩევნო დებატების პროგრამაში არმიწვევის გამო “რუსთავი 2” და “იმედი” წერილობით გააფრთხილა.

კომისიის ცნობით, წინასააჩევნო მედიამონიტორინგის პროცესში, კომისიას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანებამ წერილით მიმართა, სადაც აღნიშნულია, რომ „შენების მოძრაობამ“(ეროვნული ფორუმი), როგორც კვალიფიციურმა საარჩევნო სუბიექტმა, პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობის მიღების თხოვნით, შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს და შპს „ტელეიმედს“ მიმართა. აღნიშნული მოთხოვნა ტელეკომპანიებმა არ დააკმაყოფილეს.

კომისიის ცნობით, „იმედმა“ განმარტა, რომ „შენების მოძრაობა“ დებატში ტექნიკური ხარვეზის გამო ვერ მოხვდა, თუმცა  საარჩევნო სუბიექტთან მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის თანახმადაც მათ დრო სხვა გადაცემებში დაეთმობოდათ და საკუთარი პროგრამისა და ხედვების წარდგენას შეძლებდნენ.

“რუსთავი 2“-მა კომისიას განუმარტა, რომ საეთერო ბადის დაგეგმარებიდან გამომდინარე, შეუძლებელი იყო ყველა კვალიფიციური სუბიექტის მიწვევა წინასაარჩევნო დებატებში და სტუმრების შერჩევისას ტელეკომპანია საზოგადოებრივი აზრის კვლევებს დაეყრდნო. აგრეთვე ტელეკომპანიამ აღნიშნა, რომ არჩევნებამდე ეთერში დებატების პროგრამის განთავსების შემთხვევაში, „შენების მოძრაობა“ მონაწილეობას მიიღებდა.

კომისიამ მსჯელობისას მიიჩნია, რომ შპს „ტელეიმედის“ პოზიცია, „შენების მოძრაობის“ დებატებში მონაწილეობის უფლების დარღვევა ტექნიკური მიზეზის გამო, ხოლო შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის პოზიცია, რომ დებატის გამართვისას უპირატესობა საარჩევნო სუბიექტებს სოციოლოგიურ კვლევებზე დაყრდნობით მიანიჭეს, კანონით დაკისრებული ვალდებულების თავიდან აცილების საფუძვლად ვერ ჩაითვლება, რადგან კანონი პირდაპირ მიუთითებს, რომ მაუწყებლებმა უნდა უზრუნველყონ არადისკრიმინაციულად ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის თანაბარი მონაწილეობა დებატებში.

2017 წლის ადგილობრივი არჩევნების წინასაარჩევნო მედიამონიტორინგის ფარგლებში გამოვლინდა, რომ შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის და შპს „ტელეიმედის“ ეთერში, მთელი წინასაარჩევნო პერიოდის მანძილზე „შენების მოძრაობა“ (ეროვნული ფორუმი) არც-ერთი წინასაარჩევნო პოლიტიკური დებატების პროგრამაში მიწვეულა არ ყოფილა.

მასალების გადაბეჭდვის წესი