საქართველოში ქალებს კაცებზე უკეთესი განათლება აქვთ, თუმცა ეს დასაქმებაზე არ აისახება -კვლევა

საქართველოში მცხოვრები ქალების განათლების დონე უფრო მაღალია ვიდრე კაცების. ეს ტენდენცია გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისისა და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ერთობლივი პროექტის ფარგლებში მომზადებულმა კვლევამ გამოკვეთა.

კვლევის მიზანი 2014 წელს ჩატარებული მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგების გენდერულ ჭრილში გაანალიზება იყო. პროექტის ფარგლებში გაანალიზებულ იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა დაბადებისას სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობა, ადრეული ქორწინება და სხვა საკითხები.

როგორც კვლევის ავტორები აცხადებენ, საქართველოში ქალებს უკეთესი განათლება აქვთ, ვიდრე კაცებს. ქორწინებაში მყოფი ქალების დიდ ნაწილს კი საკუთარ მეუღლეზე მაღალი განათლების დონე აქვს, თუმცა როგორც კვლევის ავტორები აღნიშნავენ, ეს უკეთესად დასაქმების წინაპირობა არ აღმოჩნდა.

საქსტატის მონაცემებით, რომელსაც კვლევა ეყრდნობოდა, უმაღლესდამთავრებული ქალების რაოდენობა აჭარბებს უმაღლესდამთავრებული კაცების რაოდენობას თითქმის ყველა სამეცნიერო დარგში, მათ შორის მეცნიერებასა და სოფლის მეურნეობის დარგებში, გარდა სამშენებლო და მომსახურების დარგებისა.

მიუხედავად ამისა, ქალების ეკონომიკური აქტიურობის მაჩვენებელი კაცებზე დაბალია. კვლევის მიხედვით, 15 წელზე უფროსი ასაკის ქალების, რომლებიც ქალაქში ცხოვრობენ, 46,1 და სოფლად მცხოვრები ქალების 34,3 პროცენტი ეკონომიკურად აქტიური არ არის. კაცებში ეს მონაცემები 30,1 ქალაქში და 15,2%-ა სოფლად.  

კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც კვლევა შეეხო, ადრეული ქორწინებაა. კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ მაჩვენებელი საგანგაშო არაა, თუმცა ის კვლავ მაჭალია. მსგავსი ქორწინების შემთხვევები უფრო ხშირი სასოფლო დასახლებებშია (10,9%) ვიდრე საქალაქო დასახლებებში (4,4%), ხოლო თბილისში ყველაზე მცირეა. 18 წლამდე ასაკის მუსლიმი გოგონების 19,6 პროცენტი, კვლევის ავტორთა თქმით, ქორწინებაში იმყოფება. 15-17 წლის ასაკობრივ ჯგუფში დაქორწინებული ქალების რაოდენობა ქვეყანაში 7,1%-ა. ყველაზე მაღალი ეს რიცხვი რეგიონების მიხედვით ქვემო ქართლშია, სადაც ამ ასაკობრივი ჯგუფის გოგონების 14,4% რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება. მას მოსდევს კახეთი (12,4%) და აჭარა (10,2%).

როგორც კვლევის ავტორები ამბობენ, სხვა ქვეყნებში ადრეული ქორწინებისას მეუღლეებს შორის დიდი ასაკობრივი სხვაობა იკვეთება, თუმცა საქართველოში ეს ტენდენცია არ შეინიშნება.

რაც შეეხება სელექციურ აბორტებს, კვლევის ავტორთა თქმით, 1990-2015 წლებში ვაჟის ყოლის სურვილის გამო საქართველოში 31 446 გოგონა არ დაიბადა. კვლევის მიხედვით, საქართვლეოში დაბადებისას სქესთა რაოდენობრივი თანაფარტობა პირველი ორი მშობიარობის დროს ნორმასთან შედარებით ახლოსაა, თუმცა ყოველი მომდევნო მშობიარობისას ბიჭისკენ იხრება. ყოველ ცოცხლად დაბადებულ ახალშობილზე გენრედული თანაფარდობა ნორმის მიხედვით, 150 ბიჭი 100 გოგოზეა. საქართველოში პირველი შვილის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 107 – 100-ზეა. მეორე შვილის შემთხვევაში 106 ბიჭზე 100 გოგონა იბადება მესამე და მომდევნო შვილის ყოლის შემთხვევაში კი გოგონათა დაბადების რიცხვი მცირდება და 123 ბიჭო 100 გოგოზეა.

როდესაც პირველი ორი შვილი გოგოა, ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო იმატებს და ასეთ ოჯახებში დაბადებისას სქესთა თანაფარდობა ასე გამოიყურება 174 ბიჭი – 100 გოგო.

კვლევის მიხედვით, შვილების სქესი გავლენას ახდენს ოჯახში მომდევო შვილის ყოლის გადაწყვეტილებაზეც. მეოთხე შვილის ყოლის ალბათობა სამი ფოფოს შემთხვევაში 43 პროცენტია, როცა სამი ბიჭის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 25%-ს შეადგენს.

კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ ეს ტენდენცია რამდენიმე ფაქტორითაა გამოწვეული. მათ შორისაა საზოგადოებაში დამკვიდრებული შეხედულებებია კაცის როლზე ოჯახში. თუმცა, აღნიშნავენ, რომ ეს ტენდენცია ბოლო წლებში შემცირდა, 2016 წელს კი ნორმასთან ყველაზე ახლოს იყო.

კვლევის ავტორები მოუწოდებენ შესაბამის უწყებებს აწარმოონ გენდერული მონაცემების მონიტორინგი, შეისწავლონ ვაჟებისადმი უპირატესობის მინიჭების დინამიკა და იზრუნონ აღნიშნული პრაქტიკის შემცირებაზე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.