ახალი ამბები

შს მინისტრმა მოადგილეები დანიშნა

16 ნოემბერი, 2017 • 2171
შს მინისტრმა მოადგილეები დანიშნა

შინაგან საქმეთა მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა , გიორგი გახარიამ, მოადგილეები დანიშნა. ამის შესახებ განცხადებას, შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.  მიღებული გადაწყვეტილებით, გიორგი გახარიას მოადგილეებად კახაბერ საბანაძე, ნინო ჯავახაძე და მერაბ მალანია დაინიშნა.

შს მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობა კახაბერ საბანაძემ დაიკავა. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, კახაბერ საბანაძე საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორანტია. 2017 წლის მაისიდან , იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა, 2015-2017 წლებში საბანაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო. 2008-2010 წლებში მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობაზე. 2006-2008 წლებში იყო საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის ოპერატიული სამმართველოს უფროსი და ამავე სამსახურის ოპერატიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; 2004-2006 წლებში – საქართველოს შსს-ს კონტრტერორისტული დეპარტამენტის საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის განყოფილების უფროსის მოადგილე.

საერთაშორისო ურთიერთობების, რეფორმებისა და განვითარების, სტრატეგიული კომუნიკაციების, საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებებს და შსს-ს აკადემიას ნინო ჯავახაძე უხელმძღვანელებს.

ნინო ჯავახაძე, გიორგი გახარიას , ეკონომიკის მინისტრობის დროს, მისი მოადგილეს პოზიციას იკავებდა. გარდა ამისა, შსს-ს ინფორმაციით , ნინო ჯავახაძე  ეკონომიკის მაგისტრია. 2013-2015 წლებში ნინო ჯავახაძე იყო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციასთან ურთიერთობისა და სავაჭრო მოლაპარაკებების სამმართველოს უფროსი, ეკონომიკური საბჭოს აპარატის ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსი და ეკონომიკური საბჭოს მდივნის მოადგილე, ასევე, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების მომლაპარაკებელი ჯგუფის წევრი.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობას განაგრძობს მერაბ მალანია. იგი უწყებაში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს, ობიექტების დაცვის დეპარტამენტს, სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტს, მიგრაციის დეპარტამენტს და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს კურირებს.

მერაბ მალანია პროფესიით სამართალმცოდნეა და შსს-ში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. 2015 წელს მერაბ მალანია იკავებდა შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორის, ასევე, შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას. 2016 წლიდან იგი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეა.

მასალების გადაბეჭდვის წესი