ახალი ამბებიეკონომიკა

“გალერია თბილისში” H&M-ი VIP სტუმრებისთვის საზეიმოდ გაიხსნა

16 ნოემბერი, 2017 • 8949
“გალერია თბილისში” H&M-ი VIP სტუმრებისთვის საზეიმოდ გაიხსნა

თავისუფლების მოედანზე “გალერია თბილისში” H&M-ის მაღაზია მხოლოდ მოსაწვევის მქონე ადამიანებისთვის საზეიმოდ გაიხსნა. “გალერია თბილისთან” პოლიცია არის მობილიზებული, მაღაზიის ტერიტორია კი წითელი ფერის ბარიკადებით არის შემოსაზღვრული.

ადგილზეა წითელი ხალიჩაც, რომელზეც მოწვეულმა სტუმრებმა უნდა გაიარონ. 16 ნოემბერს დახურულ ღონისძიებაზე სტუმრებისთვის 20%-იანი ფასდაკლება მოქმედებს.

დღეს, 16 ნოემბერს მაღაზიის გახსნის დახურული ღონისძიებაა, რომელზეც მხოლოდ მოწვეული სტუმრები შევლენ, ოფიციალურად მაღაზია კი 18 ნოემბერს 12 საათზე გაიხსნება. 18 ნოემბერს დღეს სპეციალური ფასდაკლებები იმოქმედებს და გარდა ამისა, სრულ კოლექციაზე იქნება 20% ფასდაკლება.

მათ, ვისაც მოსაწვევი არ ჰქონდა, გახსნას თვალს ბარიკადების მიღმა ადევნებდა.

H&M-ი შვედური ბრენდია და მოიცავს როგორც ქალის, კაცის  და ბავშვის ტანსაცმლის ხაზს, ასევე საოჯახო აქსესუარებს. ბრენდი ამ სეგმენტში მსოფლიოში საცალო გაყიდვების რაოდენობით მეორეა, მას მხოლოდ “ზარა” უსწრებს.

სავაჭრო ცენტრი “გალერია თბილისი”, სადაც H&M-ის მაღაზია მდებარეობს 2017 წლის 30 ნოემბერს გაიხსნება.  სავაჭრო ცენტრში წარმოდგენილი იქნება 100-მდე საერთაშორისო და ადგილობრივი ბრენდის მაღაზია, კინოთეატრი, ბოულინგ კლუბი, ბავშვთა გასართობი ცენტრი და სხვა ობიექტები.

H&M-ის გარდა, სავაჭრო ცენტრში Calvin Klein Jeans, Armani Exchange, Lagerfeld, Lacoste, Guess, Trussardi, United Colors of Benetton, IKKS, Roman და სხვა ბრენდები იქნება წარმოდგენილი. სავაჭრო ცენტრში ასევე იქნება კომპანია Apple-ის ოფიციალური პრემიუმ რისელერი.

“გალერია თბილისი” თანაინვესტირების ფონდის  პროექტია უძრავი ქონების მიმართულებით , რომლის საინვესტიციო ღირებულება 80 მლნ აშშ დოლარია.

მასალების გადაბეჭდვის წესი