ახალი ამბები

კოჟორიძე: ევროპაში სახალხო დამცველს არ აკრიტიკებენ კონსტიტუციური ვალდებულების შესრულებისთვის

16 ნოემბერი, 2017 • 2657
კოჟორიძე: ევროპაში სახალხო დამცველს არ აკრიტიკებენ კონსტიტუციური ვალდებულების შესრულებისთვის

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, კახა კოჟორიძე განცხადებას ავრცელებს, სადაც სახალხო დამცველის მიმართ გაკეთებულ კომენტარებს ეხმაურება.

გავრცელებულ განცხადებაში კოჟორიძე აღნიშნავს, რომ ევროპულ სტანდარტების მიხედვით, სახალხო დამცველს არ აკრიტიკებენ იმის გამო, რომ ის თავის კონსტიტუციურ ვალდებულებას ასრულებს და რომ საზოგადოებას კარგად არ ესმის, თუ რა არის სახალხო დამცველის მანდატის კონსტიტუციური არსი. ნეტგაზეთი განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

,,ჩვენ ერთი მხრივ,  ვამბობთ,  რომ გვინდა ევროპული სტანდარტებით ვიცხოვროთ და მეორე მხრივ,  გვავიწყდება, რომ არსად, ევროპაში მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები სახალხო დამცველს არ აკრიტიკებენ, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ სახალხო დამცველი ასრულებს თავის კონსტიტუციურ ვალდებულებასჩვენ გვახსოვს წლების წინ, როცა სახალხო დამცველს მიტინგის დარბევის დროს ვცემდით.  დღეს აღარ ვცემთ და შეიძლება ვიღაცისთვის ეს პროგრესის მიმანიშნებელი იყოს. თუმცა,  სინამდვილეში,  ეს არის მხოლოდ და მხოლოდ დემონსტრირება იმისა, რომ არ გვესმის კარგად რა არის
სახლახო დამცველის მანდატის კონსტიტუციური არსი.

სახალხო დამცველისთვის ყველა ადამიანი თანასწორია და თუ უფლებები ირღვევა,  მისთვის აბსოლუტურად არაფერს უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა. ის უნდა იყოს ყოველთვის კრიტიკული და დიახ, ზოგჯერ მწვავედ კრიტიკული, როცა ეს საჭიროა,” – განაცხადა კახა კოჟორიძემ.

შეგახსენებთ, რომ 15 ნოემბერს ომბუდსმენმა “ციანიდის საქმეზე” სპეციალური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ გიორგი მამალაძის მიმართ არაკონსტიტუციური მიდგომა გამოიყენეს. სახალხო დამცველის შეფასებით, დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის როგორც გამოძიების, ისე სასამართლო პროცესების მიმდინარეობა საზოგადოებრივი კონტროლის გარეშე წარიმართა, ხოლო საქმის დახურულ სასამართლო სხდომებზე განხილვამ არაერთი უპასუხო კითხვა დატოვა.

ანგარიშს გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი, რომელმაც განაცხადა, რომ უჩა ნანუაშვილი საქართველოს პირველი უსამართლო სახალხო დამცველია.
““რაკი უკვე ბოლო დღეები აქვს ბატონ უჩას ჩვენთან ერთად საქმიანობის, ის არის პირველი უსამარლო ომბუდსმენი საქართველოსი”- აღნიშნა თეა წულუკიანმა.

ომბუდსმენი, წარდგენილი ანგარიშის გამო, გააკრიტიკა პროკურორმა, ჯარჯი წიკლაურმაც. მისი თქმით, ანგარიში სახალხო დამცველის არაკომპეტენტურობაზე მიუთითებს.
“სახალხო დამცველის ღრმა არაკომპეტენტურობაზე მიუთითებს მისი უსაფუძვლო კრიტიკა, რომ ბრალდების მხარემ არ ჩაატარა რიგი საგამოძიებო მოქმედებები და არ მოიპოვა დამატებითი მტკიცებულებები, რასაც თურმე საჭიროდ მიიჩნევდნენ ადვოკატები.”- განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა

უჩა ნანუაშვილი უარყოფითად შეაფასა თბილისის საქალაქო სასამართლომაც. მათი თქმით, სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში სამართლებრივად უსუსურია და რომ ომბუდსმენი საზოგადოების დეზინფორმაციას ცდილობს.

“გამოქვეყნებული 16 გვერდიანი, სამართლებრივად უსუსური  ანგარიში, არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც უჩა ნანუაშვილი სასამართლოს კომპეტენციაში იჭრება და სუბიექტური მოსაზრებებით და პოპულისტური განცხადებებით საზოგადოების დეზინფორმირებას ცდილობს.” – ნათქვამია თბილისი საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი