ქართული მხარე აცხადებს, რომ შოტლანდიაში აფხაზური მემორიალი ადგილზე დაბრუნდება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, დავით დონდუას სახალხო დამცველის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე შოტლანდიაში იმ აფხაზური მემორიალის საკითხზე მოუწია პასუხის გაცემა, რომელიც ქართული მხარის ჩართულობის შედეგად მოხსნეს.

დავით დონდუა ამბობს, რომ მემორიალის დემონტაჟი ქართულ მხარეს არ მოუთხოვია.

“არავის ჰქონია აზრად, მომხდარიყო ამ მემორიალის ან დანგრევა ან დემონტაჟი, უბრალოდ, ჩვენ მივუთითეთ ადგილობრივ ხელისუფლებას, რომ ეს მემორიალი შეიცავდა პოლიტიზირებულ სიმბოლიკას და არ იყო შესაბამისობაში იმ პოლიტიკასთან, რომელიც დიდ ბრიტანეთს აქვს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. შესაბამისად, ადგილობრივმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ეს ყველაფერი მოეყვანა შესაბამისობაში, გაესწორებინა, დაეკორექტირებინა. ამ მიზნით მოხდა დროებითი დემონტაჟი, და როცა გასწორდება, თავის ადგილზე დაბრუნდება. კიდევ ერთხელ ვამბობ, არავის უთხოვია მისი მოხსნა ან საერთოდ დანგრევა”.

თუმცა, შოტლანდიის ქალაქ კილნმარნოკში 90-იან წლებში დადგმული, აფხაზური დროშის ფონზე ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს დაღუპულთა მემორიალის დემონტაჟის შესახებ 10 ნოემბერს ნეტგაზეთთან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გაერთიანებულ სამეფოში თამარ ბერუჩაშვილმა ისაუბრა და  განაცხადა, რომ თავად პირადად მონაწილეობდა დიდ ბრიტანეთში, კონკრეტულად კი, შოტლანდიაში გამართულ იმ მაღალი დონის შეხვედრებში, სადაც, ქართულმა მხარემ კილნმარნოკში 90-იან წლებში დადგმული აფხაზური მემორიალის დემონტაჟის საკითხი დააყენა.

აფხაზური მემორიალის დემონტაჟის საკითხს ნეგატიურად არა მხოლოდ აფხაზური მხარე გამოეხმაურა. ამ ნაბიჯისთვის, ქართულმა მხარემ, განსაკუთრებით კი სამშვიდობო პროცესებში ჩართულმა საზოგადოების წარმომადგენლებმა საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკეს. ისინი ფიქრობენ, რომ მსგავსი ნაბიჯები აფხაზურ და ქართულ მხარეებს შორის ნდობის აღდგენას ხელს არ შეუწყობს.

“ის, რაც მოხდა 92-93 წლებში, საბრძოლო მოქმედებები აფხაზეთში, იქ ვინც დაიღუპნენ, განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა, ქართველები იქნებიან ეს თუ აფხაზები, თუ სხვა, ყველა ჩვენი მოსახლეობაა და ჩვენ ყველას ვტირით, ჩვენ ყველასი გვტკივა და ეს არის ჩვენი ტრაგედია. ეს ხალხი დაიღუპა იმ ინსპირირებულ ომში, რომელიც თავსმოხვეული იყო მესამე ქვეყნის მიერ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ აღარ მოხდეს და ადგილზე ესკალაცია და აღარ განმეორდეს ასეთი ტრაგედია”, – აცხადებს დავით დონდუა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი