ახალი ამბებიხელოვნება

გირჩი კულტურის სამინისტროს გაუქმებას ითხოვს

16 ნოემბერი, 2017 • 5355
გირჩი კულტურის სამინისტროს გაუქმებას ითხოვს

გირჩი კულტურის სამინისტროს გაუქმებას ითხოვს, ხოლო მიზეზებზე, თუ რატომ არ უნდა ფინანსდებოდეს კულტურა და ხელოვნება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მწერალი ტორესა მოსი საუბრობს.

2018 წელს კულტურის სამინისტროს ბიუჯეტი იქნება 116 მილიონ ლარზე მეტი, საიდანაც 56 მილიონი, ანუ 48%, ანუ თითქმის ნახევარი დაიხარჯება შრომის ანაზღაურებაზე.

ტორესა მოსის განცხადებით, საქართველოს გაჭირვებული მოსახლეობის მიერ გადახდილი 116 მილიონის ნახევარს მომავალ წელს სახელმწიფო კულტურის სფეროში მოღვაწე 6,762 ადამიანს დაურიგებს ხელფასის სახით.

“თქვენ ახლა შეიძლება ამ ტექსტს კითხულობდეთ და ამავე დროს ეძებდეთ სამუშაოს, არ გქონდეთ შემოსავალი, დილით გაღვიძება გეზიზღებოდეთ ან საერთოდ ვერ იძინებდეთ, მაგრამ თქვენ რომ ძერწავდეთ თიხის ქოთნებს და იყოთ იმ ბედნიერ 6,762 ადამიანში, გექნებოდათ გარანტირებული ყოველთვიური შემოსავალი ჩვენს ხარჯზე, სხვა მოქალაქეების ხარჯზე,” – აცხადებს ტორესა მოსი.

რაში იხარჯება 116 მილიონის მეორე ნახევარი, რომელსაც არ ვხარჯავთ ხელფასებში?

ტორესა მოსი აცხადებს, რომ მოქალაქეებს ხშირად სჯერათ, რომ თუ ამ ფულს არ დავხარჯავთ, კულტურული მემკვიდრეობა განადგურდება, სინამდვილეში კი კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე იმ 116 მილიონიდან იხარჯება მხოლოდ 5 მილიონ 895 ათასი ლარი, ანუ მხოლოდ 5%.

სად მიდის დანარჩენი ფული?

ტორესა მოსის თქმით, ეს ფული ტაშ-ფანდურში და ისეთი ორგანიზაციების დაფინანსებაში იხარჯება, რომლებიც ბაზარზე ვერ ყიდიან საკუთარ პროდუქტს, რადგან მათი პროდუქტი უხარისხოა ან ძვირია: “ანუ გაჭირვებულ მოქალაქეებს სხვა უფრო მნიშვნელოვანი პრიორიტეტები აქვთ საკუთარი ფულის დასახარჯად.”

მაგალითად, ფულის დიდი ნაწილით ფინანსდებიან:

  • 29 თეატრის სსიპი;
  • 1 კინოს სსიპი;
  • 10 მუსიკალური ანსამბლის სსიპი;
  • 2 ლიტერატურული სსიპი;
  • 14 სახელოვნებო საგანმანათლებლო სსიპი;
  • 27 სამუზეუმო სსიპი.
როგორც მწერალი აცხადებს, კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში, ჯამში, 83 სსიპის დაფინანსებაზე იხარჯება თანხები, რომლებსაც საკუთარი თავის შენახვა არ შეუძლიათ და ზურგზე აზიან გაჭირვებულ მოსახლეობას.

რას ნიშნავს სახელმწიფო ბიუჯეტიდან კულტურის/ხელოვნების დაფინანსება? – ტორესა მოსი განმარტავეს:

  1. პირველი – დავიწყოთ იმით რომ სუბსიდია გულისხმობს ძალადობას – იმისათვის რომ სახელმწიფომ დააფინანსოს კულტურა ან კულტურის მოღვაწეები, მან ჯერ ეს ფული უნდა წაართვას სხვებს, სხვა მოქალაქეებს; მათ ვისაც არ უნდა კულტურის დაფინანსება. სხვა შემთხვევაში ის ადამიანები იყიდდნენ სპექტაკლის ან კონცერტის ბილეთს. მაგრამ მათ აქვთ სხვა, უფრო მნიშვნელოვანი პრიორიტეტები, რაშიც ურჩევნიათ მწირი შემოსავლის დახარჯვა. რომელიმე თქვენგანი საკუთარ მეზობელთან მიაგზავნიდით პოლიციას რომ მისთვის წაერთმია ფული და შემდეგ მიეცა მეორე მეზობლისთვის რომელიც ხატავს ან სპექტაკლში თამაშობს? ნაკლებად სავარაუდოა. როდესაც მხარს უჭერთ ბიუჯეტიდან კულტურის დაფინანსებას, სინამდვილეში მხარს უჭერთ სწორედ ამას – რომ პოლიციის ძალით წაართვათ ფული ამ ქვეყნის ყველა მოქალაქეს და შემდეგ ეს ფული აჩუქოთ მოქალაქეტა ერთ ჯგუფს, ე.წ. კულტურის მოღვაწეებს.
  2. მეორე – როდესაც ადამიანები თავად წყვეტენ რომელ სპექტაკლზე წავიდნენ, რომელი ნახატი იყიდონ, რომელ მუსიკოსს მოუსმინონ და სხვა – ადამიანების გადასაწყვეტი ხდება ის თუ რა არის დროის კონკრეტულ მომენტში მოთხოვნადი, რას უყურებენ, რას უსმენენ და ა.შ. როდესაც კულტურას / ხელოვნებას ვაფინანსებთ გადახდილი გადასახადებით, კონკრეტული ბიუროკრატები და მათთან დაახლოებული ექსპერტები წყვეტენ რა უნდა დაფინანსდეს და რა არა, ანუ რა არის კარგი ხელოვნება და რა არა. სახელმწიფო ხდება კარგი, დასაფასებელი ხელოვნების განმსაზღვრელი, ზუსტად ისე როგორც ეს იყო საბჭოთა კავშირში ან ნებისმიერ სხვა ტოტალიტარულ სახელმწიფოში.
  3. მესამე – სუბსიდირებული ანუ გადასახადებით დაფინანსებული კულტურა/ხელოვნება ყველა შემთხვევაში არის პოლიტიზირებული კულტურა/ხელოვნება. ეს განსაკუთრებით ნათლად სჩანს ისეთ განვითარებად ქვეყნებში როგორიც საქართველოა. გაიხსენეთ თუნდაც ქართველი ე.წ. ესტრადის მომღერლები – ერთი ნაწილი უმღერის ხელისუფლებას რადგან ბიუჯეტიდან იკვებება, მეორე ნაწილი კი, რომელსაც არ აჭმევენ, კრიტიკულია ხელისუფლების. შემდეგ იცვლება ხელისუფლება და იცვლება ამ მომღერალთა როლებიც. იგივე ხდება თეატრის, კინოს თუ სხვა მიმართულებებითაც. კულტურის პოლიტიკა სინამდვილეში ძალაუფლების შენარჩუნების პოლიტიკაა, ხოლო ე.წ. ‘ხელოვნების მუშაკები’ ამ პოლიტიკის ინსტრუმენტები არიან.
  4. მეოთხე – კულტურის ცენტრალიზებულად, გადასახადებით დაფინანსება აუარესებს ხარისხს. ბიუჯეტიდან დაფინანსებული ადამიანები როგორც წესი არ არიან საუკეთესო ხელოვანები. ისინი არიან ბიუროკრატიასთან დაახლოების ნიჭისა და უნარის მქონე ადამიანები. შემთხვევათა უდიდეს ნაწილში მათ სწორედ ამიტომაც სჭირდებათ ბიუჯეტის ფული, რადგან ვერ ახერხებენ ღირებული პროდუქტის შექმნას რომელიც ბაზარზე გაიყიდებოდა და ადამიანები მასში ნებაყოფლობით გადაიხდიდნენ ფულს.
  5. მეხუთე – ბიუჯეტიდან დაფინანსებული კულტურა / ხელოვნება ცენზურას იოლად დაქვემდებარებული ხელოვნებაა. და შესაბამისად არც ხელოვნებაა და არც კულუტრა. ბოლოს როდის ნახეთ რომ მომღერალს საჯაროდ შეეგინოს ბიუჯეტით დაფინანსებულ კონცერტზე ან სპექტაკლზე? შეიძლება არსებულ რეალობაში არც ერთ მომღერალს გინება არ უნდებოდეს? შევეშვათ გინებას, ბოლოს როდის ნახეთ რომ ბიუჯეტიდან დაფინანსებულ რომეიმე ე.წ. კულტურულ ღონისძიებაზე რომელიმე ე.წ. ხელოვნების მუშაკს რაიმე კრიტიკული ეთქვას ხელისუფლებაზე? გაეკრიტიკებინოს ხელისუფლების რომელიმე ნაბიჯი? ნუთუ ყველაფერი მოსწონთ?
  6. მეექვსე – კულტურის / ხელოვნების ბიუჯეტიდან დაფინანსება კლავს ბუნებრივ სტიმულს ადამიანებში თავად დააფინანსონ ეს მიმართულება და ‘აფუჭებს’ ბაზარს. რატომ უნდა დააფინანსოს რომელიმე ბიზნესმა რაიმე დაკავშირებული ხელოვნებასთან როდესაც იცის რომ ეს პასუხისმგებლობა უკვე სახელმწიფომ აიღო თავის თავზე? რატომ უნდა სცადონ დამწყებმა ბიზნესებმა რაიმეს კეთება კულტურის / ხელოვნების სფეროში, როდესაც წინასწარ იციან რომ ბაზრის იგივე სეგმენტზე მოულოდნელად შეიძლება შემოვარდეს სახელმწიფო, პრივილეგირებული, სუბსიდირებული ბიზნესით, და იგივე საქმე გააკეთოს, ანუ ფაქტობრივად გაგადოს ბაზრიდან? გაიხსენეთ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ფესტივალები და კონცერტები.
  7. და ბოლოს, მეშვიდე – კულტურის ბიუჯეტიდან დაფინანსება სინამდვილეში არის კულტურული ელიტის მხარდაჭერა და წახალისება. ადამიანების, რომლებიც საუკეთესო საბჭოთა ტრადიციით გულწრფელად თვლიან რომ კულტურის სფეროში საქმიანობა რაღაც განსაკუთრებულია, რაღაც აღმატებულია, და შესაბამისად უფრო დაფასებული უნდა იყოს ვიდრე სხვა პროფესიები, იქნება ეს დალაქობა თუ მეწაღეობა. ამ ე.წ. ‘კულტურის მოღვაწეებს’ სჯერათ რომ ჩვენ ყველას, ნებისმიერი სხვა სფეროს ნებისმიერ ადამიანს მათი ვალი გვაქვს იმ უბრალო მიზეზის გამო რომ მათ ნებაყოფლობით აირჩიეს ისეთი პროფესია რომლის პროდუქტსაც ჩვენ ნებაყოფლობით არ ვყიდულობთ. საბიუჯეტო დაფინანსების არსებობა მხოლოდ და მხოლოდ ამყარებს მათი აღმატებულობის ამგვარ რწმენას.

სწორედ ჩამოთვლილი მიზეზების გამო, ტორესა მოსი აცხადებს, რომ კულტურის დაფინანსება უსამართლოა და ღატაკი მოსახლეობის ფულის კულტურული ელიტების ჯიბეში გაშვება, არაეფექტურია, რადგან ნაცვლად ხელოვნების ხელშეწყობისა, პირიქით, ხელს უშლის ხელოვნების განვითარებას. გირჩისთვის, ასევე, პოლიტიკურად გაუმართლებელია ამ სამინისტროს დაფინანსება, რადგან კულტურის პოლიტიკა ბუნებრივად იქცევა ძალაუფლების შენარჩუნების ინსტრუმენტად.

თუ გვინდა რომ ამ ქვეყანაში ხელოვნებამ დაიბრუნოს თავისი ნამდვილი, პირვანდელი მნიშვნელობა, ტორესა მოსის თქმით, კულტურის/ხელოვნების ბიუჯეტიდან დაფინანსება უნდა შეწყდეს და კულტურის სამინისტრო უნდა გაუქმდეს.

ტორესა მოსი. ფოტო: გირჩი

მასალების გადაბეჭდვის წესი