ახალი ამბები

ევროკავშირის ელჩი სამთავრობო ცვლილებებზე: ველით ახალდანიშნულ მინისტრებთან თანამშრომლობას

16 ნოემბერი, 2017 • 1550
ევროკავშირის ელჩი სამთავრობო ცვლილებებზე: ველით ახალდანიშნულ მინისტრებთან თანამშრომლობას

ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში იანოშ ჰერმანი აცხადებს, რომ სამთავრობო ცვლილებების შემდეგ ახლად დანიშნულ მინისტრებთან თანამშრომლობა წარმატებული იქნება.

“ჩვენ ვნახეთ ცვლილებები მთავრობაში. რა თქმა უნდა, ეს არის საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ჩვენ მადლობას ვუხდით იმ მინისტრებს, რომლებმაც თანამდებობები დატოვეს, მათთან ნამდვილად კარგი თანამშრომლობა გვქონდა. მოუთმენლად ველით ახლად დანიშნულ მინისტრებთან თანამშრომლობას. ბევრი სტურქტურული ცვლილება განხორციელდა და ვიმედოვნებთ, ამ ცვლილებების ფონზე, კონტაქტს შევძლებთ”, – განაცხადა იანოშ ჰერმანმა.


მთავრობის სტრუქტურა შემდეგნაირად იცვლება:

  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უერთდება ენერგეტიკის სამინისტრო და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების პოსტზე ინიშნება დიმიტრი ქუმსიშვილი, რომელიც ინარჩუნებს პირველი ვიცეპრემიერის სტატუსს და კოორდინაციას გაუწევს ეკონომიკური გუნდის მუშაობას;
  • შინაგან საქმეთა სამინისტროში, დღეს მოქმედი საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს შერწყმისა და რეორგანიზაციის შედეგად, იქმნება საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი და მას უხელმძღვანელებს გიორგი მღებრიშვილი. იგი პირდაპირ პრემიერს დაექვემდებარება. ხოლო შს მინისტრის პოსტს დაიკავებს გიორგი გახარია, რომელიც იმავდროულად იქნება ვიცეპრემიერი;
  • განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უერთდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდობის საქმეთა მართვის კომპონენტი და მინისტრის პოსტს დაიკავებს მიხეილ ჩხენკელი;
  • კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უერთდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის კომპონენტი და მინისტრის თანამდებობას დაიკავებს მიხეილ გიორგაძე;
  • გარემოს დაცვის სამინისტროს უერთდება სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ამ უწყებას უხელმძღვანელებს ლევან დავითაშვილი;
  • საგარეო საქმეთა სამინისტროს უერთდება სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში და მინისტრის პოსტს ვიცეპრემიერი მიხეილ ჯანელიძე დაიკავებს;
  • პარლამენტს წარედგინება ცვლილება, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უერთდება საგარეო დაზვერვის სამსახური.

მინისტრების პორტფელები შემდეგნაირად გადანაწილდება:

  1. დიმიტრი ქუმსიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ენერგეტიკის, ბუნებრივი რესურსების მინისტრი, პირველი ვიცეპრემიერი;
  2. გიორგი გახარია, შინაგან საქმეთა მინისტრი, ვიცეპრემიერი;
  3. მიხეილ ჯანელიძე, საგარეო საქმეთა და ევროპასთან ინტეგრაციის მინისტრი, ვიცეპრემიერი;
  4. მამუკა ბახტაძე, ფინანსთა მინისტრი;
  5. მიხეილ ჩხენკელი, განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი;
  6. მიხეილ გიორგაძე, კულტურის, ძეგლთა დაცვის და სპორტის მინისტრი;
  7. ლევან დავითაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი;
  8. დავით სერგეენკო, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრი;
  9. სოზარ სუბარი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი;
  10. ზურაბ ალავიძე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი
  11. ლევან იზორია, საქართველოს თავდაცვის მინისტრი;
  12. თეა წულუკიანი, საქართველოს იუსტიციის მინისტრი;
  13. კახა კახიშვილი, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი;
  14. ქეთევან ციხელაშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი.

მასალების გადაბეჭდვის წესი