ახალი ამბები

“რადიო თავისუფლებას” შესაძლოა რუსეთში საქმიანობა შეეზღუდოს

16 ნოემბერი, 2017 • 1673
“რადიო თავისუფლებას” შესაძლოა რუსეთში საქმიანობა შეეზღუდოს

რუსეთის პარლამენტმა 15 ნოემბერს მეორე და მესამე მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ქვეყანაში მოქმედ უცხოური დაფინანსების მქონე მედიასაშუალებებს “უცხოეთის აგენტის” სტატუსით არეგისტრირებს.

“ნიუ-იორკ ტაიმსის” შეფასებით, ახალი რეგულაციის მიზანია, სამაგიერო გადაუხადოს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომელთა სადაზვერვო სამსახურიც ამბობს, რომ რუსული მედიასაშუალება  “Russia Today” კრემლის აგენტია.

ჯერ-ჯერობით  პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტისთვის რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ხელი არ მოუწერია. მისი პრესმდივანის დიმიტრი პესკოვის განცხადებით კი:

“რუსეთის მედიის ნებისმიერი ხელყოფა საზღვრებს მიღმა, არ დარჩება მკაცრი დაგმობის გარეშე”.

“რადიო თავისუფლების” ცნობით, რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ რადიო თავისუფლების რუსულენოვან სამსახურსა და ტელეარხ „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ გაფრთხილებით უკვე მიმართა, რომ შესაძლოა მათ საქმიანობა შეუზღუდოს.

“გამართლებული არ არის დღევანდელი კენჭისყრის განხილვა „საპასუხო“ ზომად მოთხოვნებზე, რომელთაც შეერთებულ შტატებში უყენებენ რუსეთის მიერ დაფინანსებულ ზოგ მედიასაშუალებას. “რაშა ტუდეი” (RT) და „სპუტნიკი“ თავისუფლად მაუწყებლობენ აშშ-ში მაშინ, როცა რადიო თავისუფალმა ევროპა/რადიო თავისუფლებამ დაკარგა თავისი პარტნიორი მაუწყებლები ადმინისტრაციული ზეწოლის შედეგად და არ მოეპოვება წვდომა საკაბელო მაუწყებლობაზე. რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების ჟურნალისტები რუსეთში განიცდიან შევიწროებას, მათ ფიზიკურად უსწორდებიან მაშინ, როცა RT კორესპონდენტები არ დგანან ასეთი საფრთხის წინაშე შეერთებულ შტატებში.

რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების ამოცანაა ზუსტი და ობიექტური ჟურნალისტური ნამუშევრის მიწოდება რუსულენოვანი აუდიტორიისათვის მთელ მსოფლიოში, რუსეთის ჩათვლით. გვსურს, გავაგრძელოთ ჩვენი ჟურნალისტური საქმიანობ”,- ნათქვამია “რადიო თავისუფლების” მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი