ახალი ამბები

პრეზიდენტობის კანდიდატების ბრალდებები კალათბურთის ფედერაციას და პირიქით

16 ნოემბერი, 2017 • 4859
პრეზიდენტობის კანდიდატების ბრალდებები კალათბურთის ფედერაციას და პირიქით

საქართველოს კალათბურთის ფედერაცია პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატებს “მიზანმიმართულ, არაჯანსაღ და  საკალათბურთო სამყაროს შეურაცხმყოფელი განცხადებების გავრცელებაში ადანაშაულებს, რომლებიც მიზნად ისახავს კალათბურთის ეროვნული ფედერაციისა და კონკურენტი კანდიდატების დისკრედიტაციას”. ამის შესახებ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც ფედერაცია ავრცელებს”.

11 დეკემბერს საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობამ დანიშნა საერთო, საარჩევნო კრება, რომელზეც მოწვეულმა სრულუფლებიანი-ხმის უფლების მქონე წევრებმა მომდევნო 4 წლის ვადით უნდა აირჩიონ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი. საარჩევნო პროცესი ოფიციალურად ჯერ არ დაწყებულა, თუმცა ვითარება დაძაბულია.

უკვე ცნობილია, რომ არჩევნებში მონაწილეობას აპირებს ყოფილი კალათბურთელი შიო ხეცურიანი, რომელსაც ზაზა ფაჩულია უჭერს მხარს. არჩევნებში მონაწილეობას აპირებს კალათბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი კახა შენგელია, რომელიც საქართველოს ნაკრების ლიდერის, თორნიკე შენგელიას მამაა.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ორი ასისტენტი კოტე ტუღუში და ირაკლი ხოშტარია თანამდებობებიდან გაათავისუფლეს. შიო ხეცურიანი ფიქრობს, რომ ტუღუშის გათავისუფლება ამ უკანასკნელის მხრიდან მასთან მეგობრობასა და მის მხარდაჭერას უკავშირდება.

“კოტე ტუღუში დასაჯეს იმის გამო, რომ  ჩემი მეგობარი და თანამოაზრე. ირაკლი [ხოშტარია] მსხვერპლი გახდა იმისთვის, რომ კოტე ტუღუში დაესაჯათ სამაგალითოდ ჩემს გვერდში დგომის გამო”, – განაცხადა შიო ხეცურიანმა ტელეკომპანია იბერიას ეთერში.

იგი ფიქრობს, რომ ფედერაცია არჩევნების გაყალბებას შეეცდება.

 

ფედერაციის საქმიანობას აკრიტიკებს კახა შენგელიაც:

“მათ მიერ სოციალურ ქსელებსა და მასმედიის საშუალებებით გაკეთებული განცხადებები ატარებს შეგნებულად დეზინფორმაციულ და არამართლზომიერ ხასიათს, მითუმეტეს რომ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის წესდება, რომლითაც სრულყოფილად რეგულირდება საარჩევნო სუბიექტების ვინაობა და მათზე გადანაწილებული ხმათა რაოდენობა მიღებულია ფედერაციის საერთო კრების მიერ და მის შემუშავებაში მონაწილეობა აქვს მიღებული  FIBA-ს, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, კალათბურთის ფედერაციის, საკალათბურთო სამყაროს წარმომადგენლებს და წესდების საბოლოო რედაქციამ დაიმსახურა FIBA-ს უმაღლესი შეფასება. ხოლო რაც შეეხება გამგეობის გადაწყვეტილებას საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საერთო, საარჩევნო კრებაზე წარმოსადგენი სრულუფლებიანი-ხმის უფლების მქონე წევრთა და მათი დელეგატების ხმათა რაოდენობების განსაზღვრის შესახებ, ისიც მიღებულია წესდების სრული შესაბამისობითა და გამგეობის სხდომაზე დამსწრე გამგეობის წევრთა ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე.

ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია მოუწოდებს ფედერაციის პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატებს პატივი სცენ საკალათბურთო საზოგადოებასა და თავიანთ კონკურენტებს, თავი შეიკავონ არამართლზომიერი და შეურაცხმყოფელი განცხადებებისაგან, კეთილსინდისიერად წარმართონ თავიანთი საარჩევნო კამპანიები, ხოლო საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია თავის მხრივ სრულყოფილად განახორციელებს წესდებით მასზე დაკისრებულ მოვალეობას და საპრეზიდენტო კანდიდატებისათვის უზრუნველყოფს ჯანსაღ, ობიქტურ, სამართლიან და თანასწორუფლებიან საარჩევნო გარემოს”, – აცხადებენ კალათბურთის ფედერაციაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი