რატომ (არ) უნდა ჰქონდეს კომერციული რეკლამა “საზოგადოებრივ მაუწყებელს”

“საზოგადოებრივი მაუწყებელი” ცვლილებების მოლოდინშია, თუმცა მაუწყებლის მენეჯმენტი ვერ თანხმდება დეპუტატების ნაწილთან, რომელმაც ეს ცვლილებები უნდა დაამტკიცოს. “საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის” კომერციული რეკლამის მიღების ზრდას არ ეთანხმებიან არც კერძო მაუწყებლები.

14 ნოემბერს პარლამენტის წევრმა გიორგი ხატიძემ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს წარუდგინა, რაც ცხარე დისკუსიის საბაბი გახდა.

დღეისათვის საზოგადოებრივ მაუწყებელზე სპონსორობა და კომერციული რეკლამა დასაშვებია მხოლოდ სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალების და კონკურსის ფარგლებში, რომლის მოცულობაც დღე-ღამის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 30 წუთს, ხოლო საათში – 6 წუთს. მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებებით, მაუწყებელს უფლება ექნება განათავსო რეკლამა  საათში არაუმეტეს  სამი წუთისა.

“ცვლილებებით საზოგადოებრივ მაუწყებელს უფლება ეძლევა, რომ განათავსოს კომერციული რეკლამა, თუმცა ამ რეკლამის განთავსება არ მოხდება პრაიმ თაიმში. ჩვენ შეხვედრა გვქონდა ევროპის მაუწყებელთა კავშირთან, გავეცანით ასევე სხვადასხვა საზოგადოებრივი მაუწყებლების პრაქტიკას ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში და ის დრო, რომელიც პროექტში წარმოდგენილია კომერციული რეკლამისთვის, ეს არის მინიმალური დრო. სხვა ქვეყნებში ეს დრო გაცილებით მაღალია.  თუ კანონპროექტში 3 წუთზეა საუბარი, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში გვაქვს სიტუაცია, სადაც ეს დრო 12 წუთამდეც აღწევს”,- განაცხადა გიორგი ხატიძემ.

რას ფიქრობენ დეპუტატები

აღმოჩნდა, რომ კომიტეტის წევრები არც რეკლამის და არც სხვა ნაწილში აღნიშნულ ცვლილებებს არ ეთანხმებიან. დეპუტატი ნინო გოგუაძე მიიჩნევს, რომ გარანტირებული დაფინანსების პირობებში, რეკლამის მოპოვებისას “საზოგადოებრივი მაუწყებელი” კონკურენციაში არ უნდა შედიოდეს კომერციულ მაუწყებლებთან:

“არც კომერციული რეკლამა არ არის დადგენილი საერთაშორისო სტანდარტი, ვიცით ჩვენ მაუწყებლები, რომლებსაც საერთოდ არ აქვთ კომერციული რეკლამა, ვიცით მაუწყებლები, რომლებსაც აქვთ საერთაშორისო რეკლამა, მაგრამ მათი ბიუჯეტიდან დაფინანსების პირობები არის სრულიად სხვაგვარი. ზოგ შემთხვევაში გაცილებით ნაკლებია შეფარდება კომერციული რეკლამიდან მიღებულ შემოსავლებსა და ბიუჯეტიდან და სალიცენზიო მოსაკრებლებიდან მიღებულ თანხებს შორის.

ამიტომ, ჩვენი რეალობიდან უნდა ამოვიდეთ. ჩვენ გვაქვს, ერთ-ერთი საუკეთესო ხელშეწყობა საზოგადოებრივი მაუწყებლის, როდესაც დაფინანსება მიბმულია ქვეყნის შიდა პროდუქტზე და ის არის წლიდან წლამდე მზარდი. ყველაზე დაბალი მაჩვენებლითაც რომ განვითარდეს ქვეყნის ეკონომიკა, მაინც მაუწყებლის დაფინანსება იქნება მზარდი და ამხელა დაფინანსებით კომერციული რეკლამის ბაზარზე შესვლა და სხვა კერძო მაუწყებლებთან კონკურენცია, ვფიქრობ, სწორი არ იქნება და ამას მაინცდამაინც კარგი დასაბუთება არ აქვს”,- ამბობს გოგუაძე.

კონკურენციის საკითხზე აპელირებს დეპუტატი კახა ოქრიაშვილიც.  მისი თქმით, ეს ინიციატივა შესაძლოა ეწინააღმდეგებოდეს კონკურენციის შესახებ კანონს:

“რეკლამასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, კონკურენციის შეზღუდვასთან დაკავშირებული საკითხები ხომ არ არის, რომელსაც არეგულირებს კონკურენციის შესახებ კანონი და ხომ არ შევა [ეს ინიციატივა] ამ კანონთან კოლიზიაში?” – კითხულობს ოქრიაშვილი.

დეპუტატ ბექა ნაცვლიშვილისთვის გაუგებარია, რატომ აკეთებენ აქცენტს რეკლამის საკითხზე, მსჯელობის საგანი მაუწყებლის დაფინანსების წესი უნდა იყოს:

“ ჩვენ თუ არ მოგვწონს საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების წესი, რომელიც ყოველწლიურად იზრდება, ეს შეიძლება დავაყენოთ კითხვის ნიშნის ქვეშ, თვითონ წესი შევცვალოთ, თორემ კომერციული რეკლამა განთავსების საკითხს რატომ ვაყენებთ კითხვის ნიშნის ქვეშ, ამას ვერ ვხდები. ზოგიერთ ტელევიზიაში რეკლამა შეიძლება არცერთმა მოსურნემ არ განათავსოს, რადგან მაყურებელი არ ჰყავდეს. ვისაც მაყურებელი ჰყავს, რა თქმა უნდა, იქ ეცდება რეკლამის განთავსებას.

აქ კონკურენცია “საზოგადოებრივ მაუწყებელსა” და კომერციულ ტელევიზიებს შორის არ არის, რადგან რეკლამის განთავსება არ ხდება ყველგან. თუ საზოგადოებრივ მაუწყებელს ექნება მაღალი ჩართვა მოსახლეობის მხრიდან, ყველა დაინტერესებული იქნება, რომ იქ კომერციული რეკლამა განათავსოს. ჩვენ თუ არ გვინდა, რომ “საზოგადოებრივ მაუწყებელს” დიდი დაფინანსება ჰქონდეს, ამაზე ვიფიქროთ, რომ დაფინანსების წესი შევუცვალოთ, რეკლამას რატომ ვეხებით, არ ვიცი”, – ამბობს ნაცვლიშვილი.

დეპუტატი დავით ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ კომერციული რეკლამა “საზოგადოებრივ მაუწყებელზე” კომერციულ გავლენას გაზრდის და ეს ინიციატივა ამიტომ არ მოსწონს:

“რაც შეეხება რეკლამას, ვთვლი, რომ თუ “საზოგადოებრივი მაუწყებელი” ვიღაცის ფულზე უნდა იყოს დამოკიდებული, ვინც რეკლამას დაუკვეთავს, ის დაუკვეთავს პოლიტიკას. ბევრი რეკლამა და ის ადამიანები იქნებიან უკეთესად წარმოდგენილი, იგივე თუნდაც ბანკები. რატომ უნდა ჰქონდეთ ბანკებს იქ წვდომა? ისინი საზოგადოების წინააღმდეგები არიან თავისი არსით, შესაბამისად, დაუკვეთავენ რეკლამას და იქნება, რომ სახელმწიფო პოლიტიკა გამოჩნდება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან, რომ ის მხარდამჭერია [ბანკების]”.

რას ფიქრობენ კერძო მაუწყებლები

კომიტეტის სხდომას ესწრებოდნენ კერძო მაუწყებლების წარმომადგენლებიც, რომლებმაც “საზოგადოებრივი მაუწყებლის” წარმომადგენლებს არაერთხელ შეახსენეს, რომ მათი საბიუჯეტო დაფინანსება,  53 მილიონი ლარი, მთლიანი სარეკლამო ბაზრის, 93 მილიონი ლარის 50%-ზე მეტს შეადგენს.  შეახსენეს დაბალი რეიტინგიც და ისიც, რომ სპონსორობის უფლება არცერთ”საზოგადოებრივ მაუწყებელს” არ აქვს დასავლეთში:

“მე შემიძლია ვთქვა, რომ სპონსორობა არცერთ საზოგადოებრივ მაუწყებელზე არ არის ნებადართული. სპონსორობა ნიშნავს გადაცემის შინაარსში იმდენად სიღრმისეულად ჩარევას, რომ კომერციული ზეგავლენის ძალიან დიდ საფრთხეს ქმნის, რისგანაც “საზოგადოებრივი მაუწყებელი” უნდა იყოს დაცული. ჩვენ გართულება დღემდე გვაქვს პოლიტიკურ გავლენაზე, მთელი მსოფლიო უკვე კომერციულ გავლენას ებრძვის და ეს უკვე დიდ საფრთხედ აღიქმება, ვიდრე პოლიტიკური გავლენა.

რაც შეეხება რეკლამას, თქვენ გაქვთ პრაიმტაიმში დღესაც რეკლამა, ოღონდ სპეციფიკურ პროდუქტში, “ევროვიზიაში” არ უშვებთ რეკლამას? სპორტულ ღონისძიებებში? პრაიმ ტაიმში თქვენ გაქვთ რეკლამა, მინდა ვთქვა, რა საფრთხეები იქმნება ამ ცვლილებებით.ასე უწყინრად არ არის საქმე. პროექტში, როგორც მახსოვს, სპორტულ ღონისძიებებში იზრდება თითქმის ულიმიტოდ, 12 წუთამდე. რა უშლის ხელს “საზოგადოებრივ მაუწყებელს” შექმნას სპორტული არხი, სადაც აბსოლუტურად შეუზღუდავი იქნება რეკლამა, სამაგიეროდ მას რა უპირატესობა ექნება?! მას აქვს გარანტირებული დაფინანსება ბიუჯეტიდან, რომლითაც შეუძლია სხვა ყველა კომერციულ არხს მოუგოს და წაიღოს კომერციული ბაზრის ძალიან დიდი წილი” – ამბობს ნინო ჯანგირაშვილი, ტელეკომპანია “კავკასიის” ხელმძღვანელი.

“თქვენ გაქვთ გარანტირებულად ძალიან დიდი თანხები და ჩვენ გვიწევს ბრძოლა თითოეული ციფრისთვის. როცა რეიტინგები მოდის ყოველდღიურად, არის დღეები, როდესაც ჩვენს არხს, რომელსაც თქვენი მეთხუთმეტედი დაფინანსება არ გვაქვს, გვაქვს თქვენზე მეტი რეიტინგი და თქვენ გაქვთ ჩვენზე 15-ჯერ მეტი დაფინანსება, თანაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან და ისეთი რეიტინგიც არ გაქვთ ხანდახან, როგორც ჩვენ”- განაცხადა ნანა აბურჯანიძემ ტელეკომპანია “პირველიდან”.

საზოგადოებრივი მაუწყებლის არგუმენტები

“საზოგადოებრივ მაუწყებელმა”, იმის გარდა, რომ კომიტეტზეც უპასუხა აღნიშნულ საკითხებსა და მოსაზრებებს, ასევე თავისივე არხიდან “აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად” გასცა პასუხი დეპუტატებს. არხის მენეჯმენტი მიიჩნევს, რომ მოწინააღმდეგეებს არ სურთ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” განვითარება:

“მე რომ მკითხო, საშიში სიგნალები ისმოდა დღეს, რომ “საზოგადოებრივი მაუწყებელი” არ უნდა ვითარდებოდეს და უნდა იყოს გაყინული ერთ პოზიციაზე და არ უნდა უნდოდეს განვითარება,”- ამბობს თიკო ბერძენიშვილი.

“საზოგადოებრივი მაუწყებლის” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი გვიმრაძე მიიჩნევს, რომ კომიტეტზე წარმოდგენილი არგუმენტები მისთვის მიუღებელია:

“ძირითადი არგუმენტაცია ჩვენი კანონის საწინააღმდეგოდ იყო, რომ ამით შეიძლება დაზარალდნენ კომერციული მაუწყებლები, ჩემთვის მიუღებელია. ჩვენ ვსაუბრობთ საზოგადოებრივ სიკეთეზე და იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს საზოგადოებრივი მაუწყებელი. იყოს თუ არა ის წარმატებული. თუ ჩვენ კომერციული მაუწყებლების წარმატება გვინდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ხარჯზე, ეს სრულიად მიუღებელი მდგომარეობაა. თურმე ისინი არ უნდა დაზარალდნენ, მაშინ როცა ჩვენ ვამბობთ, რომ არც დაზარალდებიან.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანას იმ დათქმით, რომ მეორე მოსმენამდე პრინციპული საკითხები რეკლამასთან, სამეურვეო საბჭოს ფუნქციებთან და სტარტაპებთან დაკავშირებით შეჯერდება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com