ომბუდსმენი მარნეულის მერს მოუწოდებს, თავი შეიკავოს  სექსისტური გამონათქვამებისგან

სახალხო დამცველმა მარნეულის მერს, თემურ აბაზოვს მოუწოდა,  მომავალში თავი შეიკავოს სექსისტური გამონათქვამებისგან და თავისი საქმიანობისას  ხელი შეუწყოს გენდერულ თანასწორობას რეგიონში.

15 ნოემბერს   ომბუდსმენი სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა მარნეულის რადიოს მიერ გავრცელებული ინფორმაციას და სექსისტურად შეაფასა მარნეულის მერის გამონათქვამები.

“კაჩაგანში მერის პირველი შეხვედრა კაცებთან შედგა” – ამ სათაურით გამოაქვეყნა მარნეულის რადიომ  მერის,  თემურ აბაზოვის შეხვედრა მოსახლეობასთან, რომელსაც მხოლოდ კაცები ესწრებოდნენ.

მარნეულის მერის “შეხვედრა კაცებთან”. ფოტო: http://marneulifm.ge

„ალბათ, ამ დროს, შუადღე არის და თავიანთი მეუღლეებისათვის საკვებს ამზადებენ”, – უთხრა მერმა გამოცემის ჟურნალისტს.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ქალთა თანასწორობის მხრივ დღესაც ბევრი გამოწვევა არსებობს, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა კი ქალთა სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის საკითხია.

“ამის გათვალისწინებით, საზოგადოების თუ თანამდებობის პირების მხრიდან მსგავსი დამოკიდებულება ამყარებს არსებული დისკრიმინაციის წამახალისებელ სტერეოტიპებს ქალისა და მამაკაცის განსაზღვრული როლების შესახებ და ხაზს უსვამს მამაკაცის დომინანტურ მდგომარეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. აღნიშნული კი ქმნის საფრთხეს, რომ ქალები, მომავალში, სქესის გამო უფრო ხშირად დაექვემდებარებიან დისკრიმინაციას. ამასთან, განსაკუთრებით შემაშფოთებელია გენდერულად მჩაგვრელი პრაქტიკის მხარდაჭერა და წახალისება ქალაქის მერის მხრიდან, რომელსაც თავის მხრივ, თანასწორი გარემოს შექმნის ვალდებულება გააჩნია”, – აცხადებს ომბუდსმენი გავრცელებულ განცხადებაში.

ამავე თემაზე:

სხვანაირად ჩავერთვები, თუ შევნიშნავ, ქალები არ მონაწილეობენ მუნიციპალიტეტის ცხოვრებაში-მარნეულის მერი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი