ახალი ამბები

არჩევნების თარიღი კვლავ შეიცვალა – არჩევნები 27 ოქტომბერს ჩატარდება

3 ივლისი, 2013 • • 2151
არჩევნების თარიღი კვლავ შეიცვალა – არჩევნები 27 ოქტომბერს ჩატარდება

 

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაიზიარა არასამთავრობო ორგანიზაციების არგუმენტები არჩევნების თარიღის შეცვლის აუცილებლობასთან დაკავშირებით.

 

ბარნოვის განმარტებით, არასამთავრობო ორგანიზაციების არგუმენტები თარიღის შეცვლასთან დაკავშირებით უკავშირდებოდა იმას, რომ 27 ოქტომბერი, ხუთშაბათი არ არის უქმე დღე და იყო კითხვები, თუ რამდენად შეძლებდნენ უცხოეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები ამ დღეს არჩევნებში მონაწილეობას. ბარნოვის თქმით, არასამთავარობო ორგანიზაციებთან შეხვედრის შემდეგ იგი ესაუბრა პრეზიდენტს და გადაწყდა, რომ მიღებულ იქნეს ის გადაწყვეტილება, რაც საზოგადოებას სურს და არჩევნები დაინიშნოს 27 ოქტომბერს, კვირადღეს.

 

“დიდი მადლობა მინდა ვუთხრა არასამთავრობო სექტორის მართლაც გამორჩეულ წარმომადგენლებს. შეხვედრისას მადლიერებით აღვნიშნე კიდეც, რომ მათ სწორი განმარტებები გააკეთეს იმ ისტერიასთან დაკავშირებით, რომელიც არარსებულ სამართლებრივ პრობლემებს შეეხებოდა. ვისაუბრეთ სულ სხვა არგუმენტებზე; საუბარი, ძირითადად, შეეხო მიგრაციას, ჩვენს უცხოეთში მყოფ თანამემამულეებს და იმას, თუ რამდენად იქნებოდა მათთვის მოსახერხებელი. ვუთხარი ჩემი არგუმენტები, ჩვენი მანამდელი არგუმენტები, რის გამოც მაინც გადაწყდა, საბოლოო ჯამში, ხუთშაბათს ამის დანიშვნა, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ როდესაც საზოგადოებას, საზოგადოების აქტიურ წარმომადგენლებს აქვს სწორი, ჩამოყალიბებული აზრი, არგუმენტები, იმისათვის, რომ რაღაც გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინონ, ცხადია, ჩვენ ამას მივესალმებით. ჩვენი შეხვედრის შემდეგ ვესაუბრე პრეზიდენტს და გადაწყვეტილება მივიღეთ ისეთი, როგორიც საზოგადოებას სურს – არჩევნები გაიმართება 2013 წლის 27 ოქტომბერს, კვირადღეს და სულ მალე ამას ოფიციალურადაც გავაფორმებთ”, – განაცხადა ბარნოვმა.

 

მისივე თქმით, შესაბამის სამართლებრივ დოკუმენტს, რომელშიც არჩევნების ახალი თარიღი იქნება დაფიქსირებული,  პრეზიდენტი უახლოეს ხანებში გამოსცემს.

 

“დადებითად შევაფასებდით პრეზიდენტის გადაწყვეტილებას. უფრო მიზანშეწონილია, რომ არჩევნები ჩატარდეს კვირადღეს, რადგანაც უფრო მეტ მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, რომ მონაწილეობა მიიღოს. ზუსტად ეს იყო ჩვენი არგუმენტი. ჩვენ ვფიქრობდით, რომ მათ შორის უცხო ქვეყნებში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის არჩევნებში მონაწილეობის მიღება უფრო რთული იქნებოდა [სამუშაო დღეს]. მთავარობის ინტერესი უნდა იყოს, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა”, – განაცხადა “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” წარმომადგენელმა ეკა გიგაურმა, რომელიც ბარნოვთან შეხვედრას ესწრებოდა.

 

“ჩვენი კვლევებიც და ასევე ოფიციალური ინფორმაცია ადასტურებს, რომ სადღაც 40 პროცენტამდეა საქართველოში შიდა და გარე მიგრაცია. ხუთშაბათს არჩევნების დღედ დანიშვნით გამოდის, რომ ამომრჩევლების 40 პროცენტს ეზღუდება და სერიოზული დაბრკოლებები ექმნება არჩევნებში მონაწილეობის. მე მივესალმები ასეთ დროულ რეაგირებას პრეზიდენტის მხრიდან და იმედი მაქვს, რომ საქართველოს მოქალაქეები იაქტიურებენ არჩევნების დღეს და ეს მათთვის წამახალისებელი ფაქტორი იქნება, რომ წავიდნენ არჩევნებზე”, – განაცხადა “სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელმა ნინო ლომჯარიამ ბარნოვთან პრეზიდენტის ადმინსიტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ.

 

როგორც ცნობილია, პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ 1 ივლისს გამართულ ბრიფინგზე არჩევნების თარიღად სწორედ 27 ოქტომბერი დაასახელა, თუმცა მოგვიანებით პრეზიდენტის ადმინისტრაციამ თარიღი შეცვალა და არჩევნები 31 ოქტომბერს დანიშნა. ამ ფაქტმა ემიგრნატების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. მათი თქმით, 31 ოქტომბერი სამუშაო დღეა და ისინი ხმის მიცემას ვერ მოახერხებენ. აღნიშნული გადაწყვეტილების გამო პრეზიდენტი გააკრიტიკეს პრემიერ–მინისტრმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა და დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმაც. გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილს დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა მიმართეს ერთობლივი განცხადებით საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის შეცვლის მოთხოვნით. პრეზიდენტმა კი განაცხადა, რომ 31 ოქტომბერი აკვიატება არ არის და მან ადმინისტრაციის უფროსს, ანდრო ბარნოვს არასამთავარობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა დაავალა. სწორედ აღნიშნული შეხვედრის დასრულების შემდეგ შეიცვალა არჩევნების თარიღი.

მასალების გადაბეჭდვის წესი