ახალი ამბები

კახა კალაძემ თბილისის მერიის სამსახურების ახალი უფროსები წარადგინა

15 ნოემბერი, 2017 • 3741
კახა კალაძემ თბილისის მერიის სამსახურების ახალი უფროსები წარადგინა

თბილისის მერმა, მისი მოადგილეებისა და გამგებლების წარდგენის შემდეგ, დღეს უკვე მერიის საქალაქო სამსახურების ახალი ხელმძღვანელები გააცნო საზოგადოებას.

კახა კალაძის გუნდში რამდენიმე წარმომადგენელმა მისი წინამორბედის, დავით ნარმანიას გუნდიდან გადაინაცვლა, ესენი არიან:

  • საფინანსო საქალაქო სამსახური – გაიოზ თალაკვაძე;
  • ზედამხედველობის საქალაქო სამსახური – გიორგი ბაგრატიონი;
  • ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური – გელა ჩივიაშვილი;
  • კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური – გივი კუბლაშვილი.

რაც შეეხება სხვა სამსახურებს, მათ ხელმძღვანელებად კალაძემ შემდეგი კანდიდატები წარადგინა:

  • თბილისის მერიის ადმინისტრაცია – ვლადიმერ ჭიღლაძე;
  • იურიდიული საქალაქო სამსახური – სერგო ბირკაძე;
  • კულტურის საქალაქო სამსახური – სოფიო ხუნწარია;
  • განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური – ირაკლი გვილავა;
  • ტრანსპორტის საქალაქო სამსახური – მამუკა მუმლაძე;
  • ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური – გიგა გიგაშვილი;
  • შესყიდვების საქალაქო სამსახური – გიორგი პაპავა;
  • უსაფრთხოების საქალაქო სამსახური – ნიკოლოზ (ნუგზარ) ჭონქაძე;
  • ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახური – ანდრია ბასილაია.

კალაძის თქმით, თბილისის მერიის საზოგადოებსთან ურთიერთობის სამსახურს მანანა თოქმაჯიშვილი უხელმძღვანელებს, ხოლო პიარსამსახურს – ეკა ჯოჯუა.

კახა კალაძემ მადლობა გადაუხარა იმ სამსახურის უფროსებს, რომლებიც კვლავ განაგრძობენ დაკავებულ თანამდებობებზე მუშაობას და იმედი გამოთქვა, რომ მათთან თანამშრომლობა მეტად უფრო ნაყოფიერი იქნება, ხოლო დანარჩენი სამსახურების ახალ ხელმძღვანელებს წარმატებული დასაწყისი და პროდუქტიულ საქმიანობა უსურვა.

კახა კალაძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქალაქო სამსახურების საქმიანობა იყოს ეფექტური და თვალსაჩინო თითოეული თბილისელისთვის, არსებული გამოწვევების დასაძლევად კი საჭიროა ერთობლივი და კოორდინირებული მუშაობა.

“თბილისის სწორი განვითარება დგას ჩემი, თქვენი, თითოეული თანამშრომლის პროფესიონალიზმზე, მონდომებაზე და რაც მთავარია სურვილზე – ვემსახუროთ თბილისს. პირველ რიგში, მოვითხოვ თითოეული სამსახურის მუშაობის გამჭვირვალობას და მაქსიმალურ კომუნიკაციას საზოგადოებასთან – თბილისელებმა უნდა იცოდნენ თქვენი საქმიანობა, რას აკეთებთ კარგად, ან რა უნდა გააკეთოთ უფრო კარგად, რა არის დასახვეწი ან რაში გჭირდებათ საზოგადოების გვერდში დგომა. ჩვენ მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობა უნდა მოვახერხოთ დედაქალაქზე ზრუნვის პროცესში,” – აღნიშნა კახა კალაძემ დედაქალაქის მერიაში გამართულ ბრიფინგზე.

თბილისის მერის განცხადებით, საათის მექანიზმივით აწყობილმა სისტემამ მერიის ეფექტური მუშაობა უნდა განაპირობოს. კახა კალაძემ მთავრობის ახალ შემადგენლობას მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი