ახალი ამბები

ვის შეხვდება დევიდ ლინჩი საქართველოში

15 ნოემბერი, 2017 • 2762
ვის შეხვდება დევიდ ლინჩი საქართველოში

18-22 ნოემბერს საქართველოში ამერიკელი რეჟისორი დევიდ ლინჩი ჩამოვა. ლინჩის ვიზიტთან დაკავშირებით, დღეს, 15 ნოემბერს, “თბილისი მარიოტში” პრესკონფერენცია გაიმართა. ვიზიტის ფარგლებში დევიდ ლინჩი სტუდენტებს, ჟურნალისტებს და ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება.

“მოუთმენლად ველი საქართველოში ჩემი ვიზიტის დაწყებას, ჩვენ ავხსნით და ბევრს ვისაუბრებთ ტრანსცენდენტალური მედიტაციის შესახებ და იმაზე, თუ რა სარგებელი მოაქვს მას კაცობრიობისათვის. ეს მშვენიერი მოგზაურობა იქნება”,- ამბობს ლინჩი მიმართვაში, რომელიც საქართველოში გამოგზავნა.

როგორც ვიზიტის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ნინა ცაგარელმა განაცხადა, დაგეგმილია ლინჩის შეხვედრა განათლების მინისტრთან, კულტურის მინისტრთან, თბილისის მერთან და პრემიერ-მინისტრთან. შეხვედრაზე განათლებისა და კულტურის მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლებლობას განიხილავენ.

ლინჩის ვიზიტი უკავშირდება მისი სახელობის ფონდის საქართველოში დაარსებას, რომელიც 2017 წლის ივლისში დაფუძნდა. ფონდის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია დევიდ ლინჩის სახელობის ამერიკული უნივერსიტეტისა და  A კლასის კინოფესტივალის დაარსება და TM (ტრანსცენდენტალური მედიტაციის) პროგრამის მეშვეობით ტრავმული სტრესის ქვეშ მყოფი ადამიანების ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია. სწორედ ამ საკითხებთან დაკავშირებით გამართავს რეჟისორი შეხვედრებს თბილისში.

ლინჩი თბილისის აეროპორტში 18 ნოემბერს, 20:00 საათზე, ჩამოფრინდება. დაგეგმილია პრესკონფერენცია, სადაც ჟურნალისტებს შეკითხვების დასმის შესაძლებლობა ექნებათ.

20 ნოემბერს, 19:00 საათზე, კინოთეატრ “ამირანში” ლინჩის ფილმის “მალჰოლანდ დრაივის” ჩვენება გაიმართება, სადაც რეჟისორი მისასალმებელი სიტყვით მიმართავს იქ მყოფ საზოგადოებას. 20 ნოემბერსვე ლინჩი კლუბში “ხიდი” სტუდენტებს შეხვდება და მათ გაესაუბრება ტრანსცენდენტალური მედიტაციის ტექნიკის საშუალებით შემოქმედებით საქმიანობაში სრული პოტენციალის გამოყენებაზე.

დევიდ ლინჩი 44 წლის წინ დაინტერესდა მედიტაციით, თუმცა ტრანსცენდენტალური მედიტაციის მეთოდი შედარებით გვიან აღმოაჩინა.

“მე გავიგე, რომ ნამდვილი ბედნიერება არ არის სადღაც გარეთ, ნამდვილი ბედნიერება ჩვენს შიგნითაა. მე ვცადე მედიტაციის სხვადასხვა ფორმა და საბოლოოდ ვიპოვე ტრანსცენდენტალური მედიტაცია. ის ნამდვილი დალოცვაა ადამიანებისთვის. ეს მედიტაციის უძველესი ფორმაა, რომელიც მაჰარიში მაჰეშ იოგიმ “გააცოცხლა”. ყველა ადამიანშია განძი, ტრანსცენდენტალური მედიტაცია კი არის ნაცადი და ნამდვილი გზა, რომ დაუკავშირდე ამ საგანძურს”, – ამბობს დევიდ ლინჩი.

ტრანსცენდენტალური მედიტაცია მარტივი პროცედურაა, რომელსაც დღეში 20 წუთი უნდა დაუთმოთ. მედიტაციის დროს კომფორტულად უნდა მოთავსდეთ და თვალები დახუჭოთ. ეს არც რელიგიია, არც ფილოსოფია და არც ცხოვრების წესი. როგორც ტრანსცენდენტალური მედიტაციის ოფიციალურ ვებგვერდზე წერია, ის თვითგანვითარების ყველაზე ფართოდ გავრცელებული, მრავალგზის გამოკვლეული და ყველაზე ეფექტური მეთოდია.

ტრანსცენდენტალური მედიტაციის დროს ადამიანის გონება გადადის ტრანსცენდენტალური შემეცნების/ცნობიერების მდგომარეობაში, რა დროსაც ტვინის ფუნქციები ერთმანეთთან ყველაზე მეტადაა თანხვედრაში, ხოლო ადამიანის სხეული მოსვენებულია. ეშლი დინსის განცხადებით, სწორედ ტრანსცენდენტალური მედიტაციის მიერ მიღებული ტვინის მდგომარეობაა კრეატიულობის მთავარი წყარო.

კავკასიაში დევიდ ლინჩის ფონდის პრეზიდენტის, გიგა აგლაძის თქმით, საქართველოში ტრანსცენდენტალურ მედიტაციას დაახლოები 1000 ადამიანი მისდევს.

“დევიდ ლინჩი, რა თქმა უნდა, შეხვდება ამ ადამიანებს და ასევე შეხვდება ადამიანებს, ვისაც ეცდება, რომ დააინტერესოს ამ ტექნიკით. ეს არის ძალიან მარტივი და ადვილად გასაკეთებელი ტექნიკა, რის შემდეგაც სტრესი არ გვაწუხებს. 21-ე საუკუნე ნევროზებისა და სტრესის საუკუნეა, ეს არის მარტივი საშუალება, რომ ჯანმრთელად ვიყოთ”, – ამობს აგლაძე.

ლინჩის ვიზიტის თანამასპინძელია პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი. ვიზიტის ორგანიზებაში ჩართული არიან კინოთეატრი “ამირანი”, სასტუმროები- “თბილისი მერიოტი” და  “რუმსი” და რესტორანი “ვინოტელი”

 

მასალების გადაბეჭდვის წესი