ახალი ამბები

დავითაშვილი: გარემოს დაცვა და სოფლის მეურნეობა შინაარსობრივად მჭიდროდ დაკავშირებული დარგებია

15 ნოემბერი, 2017 • 1896
დავითაშვილი: გარემოს დაცვა და სოფლის მეურნეობა შინაარსობრივად მჭიდროდ დაკავშირებული დარგებია

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, რომელიც მთავრობის რეორგანიზაციის შემდეგ, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის გაერთიანებული სამინისტროს ხელმძღვანელი იქნება, აცხადებს, რომ ეს ორი დარგი შინაარსობრივად მჭიდროდაა დაკავშირებული.

“როდესაც ვსაუბრობთ გარემოს დაცვასა და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, ეს არის შინაარსობრივად ძალიან მჭიდროდ დაკავშირებული დარგები, რომელთა ერთი გუნდის ქვეშ გაერთიანება, ერთიანი მართვის პირობებში, შეგვიძლია ეს ფუნქციები ეფექტურად შევასრულოთ. ეს არის ჩვენი პირველი რიგის ამოცანა. მთავარია შედეგზე ორიენტირებულობა, რის საშუალებასაც კონსოლიდირებული მენეჯმენტი გვაძლევს. ჩვენ ნამდვილად წარმოგვიდგენია, რომ გაერთიანებული მენეჯმენტის ფარგლებში ყველა იმ ფუნქციის განხორციელება გაუმჯობესდება, რომელიც ამ სამინისტროებს აქვთ”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მისივე თქმით, არ ხდება გარემოს დაცვის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან შეერთება.

“არამედ გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთიანდება სოფლის მეურნეობის სამინისტრო და, შესაბამისად, სახელიც ასეა წარმოდგენილი კანონპროექტში- „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის“ სამინისტრო. რა თქმა უნდა, ჩვენ გარემოს დაცვის კომიტეტთან გვექნება საუბარი, კონსულტაციები გვექნება პარლამენტის სხვადასხვა ფრაქციასა და კომიტეტთან. ჩვენ ამ შემთხვევაში მთავრობის პოზიციას წარმოგიდგენთ, რომელიც პარლამენტთან უნდა შევაჯეროთ”, – განაცხადა დავითაშვილმა.

მისივე თქმით, მას არ შეუძლია თანხების ოპტიმიზაციის და კადრების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ჟურნალისტებისთვის.

“თანხებს რაც შეეხება, ეს ხშირ შემთხვევაში ოპონენტების მიერ წამოწყებული სპეკულაციის საგანია. როდესაც საუბარია, განსაკუთრებით, პოპულიზმით გაჯერებულ ფრაზებზე, თანხების დიდი ნაწილის დაზოგვაზე, პენსიებისკენ მიმართვაზე და ა.შ. პირველ რიგში, ამოცანა არის ეფექტიანი მმართველობა.

თუმცა ოპტიმიზაცია თანხებისა და კადრების კუთხით მაინც მოხდება. გაორება ფუნქციების ვერ მოხდება. საუბარია ადმინისტრაციული პროფილის გაერთიანებაზე. ეს ოპტიმიზაცია და ეს ეკონომია იარსებებს, თუმცა ფუნქციურად ბევრი მიმართულებით გაძლიერებაა საჭირო”, – განაცხადა დავითაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი