ახალი ამბები

ბოკერია: სავარაუდოდ, ომბუდსმენის პოსტზე NGO-ების კანდიდატებიდან ერთ-ერთს დავუჭერთ მხარს

15 ნოემბერი, 2017 • 3125
ბოკერია: სავარაუდოდ, ომბუდსმენის პოსტზე NGO-ების კანდიდატებიდან ერთ-ერთს დავუჭერთ მხარს

ევროპულ საქართველოს სახალხო დამცველის შერჩევის საკითხზე ჯერ პარტიის შიგნით არ უმსჯელია, თუმცა “უდიდესი ალბათობით” არასამთავრობო სექტორში გამოვლენილი 3 კანდიდატიდან ერთ-ერთს დაუჭერს მხარს. ამის შესახებ ნეტგაზეთს პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განუცხადა.

არასამთავრობო სექტორში მხოლოდ ერთ კანდიდატურაზე შეთახნმება არ მოხდა და სახელდება 3 კანდიდატი: ანა ნაცვლიშვილი (იურისტი, საია), ვახუშტი მენაბდე (კონსტიტუციონალისტი), ზვიად ქორიძე (ჟურნალისტი, შეწყალების კომისიის თავმჯდომარე.)

“პარტიის შიგნით დისკუსია არ გვქონია, თუმცა წინასწარ ცნობილია ჩვენი დამოკიდებულება: [კარგი რეპუტაციის მქონე] უფლებადაცვითი ორგანიზაციების რეკომენდაცია სერიოზული ფაქტორია. მითუმეტეს, როდესაც რამდნეიმე კანდიდატურას გთავაზობენ… ამ კანდიდატურებიდან სახალხო დამცველის არჩევა არის ნორმალური დემოკრატიული პრაქტიკა. ეს არის ჩვენი პოზიცია”, – ამბობს გიგა ბოკერია, რომელსაც პოზიციის უფრო დაკონკრეტება ვთხოვეთ და ვკითხეთ, ნიშნავს თუ არა ეს დამოკიდებულება იმას, რომ ევროპული საქართველო სწორედ ამ სამი კანდიდატიდან ერთ-ერთს დაუჭერს მხარს პარლამენტში.

“კი, მე არ მინდა იმაზე ვისაუბრო წინასწარ რაზეც არ გვიმსჯელია, მაგრამ მაქვს მყარი საფუძველი, იმიტომ, რომ ჩვენს პარტიაში ასეთი დამოკიდებულებაა და დარწმუნებულიც კი ვარ თითქმის, რომ საბოლოო გადაწყვეტილებაც ასეთი იქნება. ჩვენ ალბათ გვექნება საშუალება, რომ ამ ორგანიზაციებს შევხვდეთ და გავესაუბროთ, ვითარებაზე, ტაქტიკაზე თუ როგორ უნდა მოხდეს ამ საკითხის პარლამენტში ლობირება, მაგრამ ჩვენი დამოკიდებულება უდიდესი ალბათობით ამ სამი კანდიდატურადან ერთ-ერთის მხარდაჭერა იქნება”, – ამბობს ბოკერია.

ამჟამინდელი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი პარლამენტმა 2012 წლის 8 დეკემბერს აირჩია, შესაბამისად უფლებამოსილების ვად მიმდინარე წლის დეკემბერში ეწურება.

საქართველოს სახალხო დამცველს 5 წლის ვადით ირჩევს საქართველოს პარლამენტი სრული შემადგენლობის ხმების უმრავლესობით.

კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვთ საპარლამენტო ფრაქციას, პარლამენტის წევრთა სულ ცოტა ექვსკაციან ჯგუფს, რომლებიც არ შედიან არცერთ ფრაქციაში.

კენჭისყრის წინ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს პარლამენტს აცნობებს კანდიდატთა სიას და მათ წერილობით თანხმობას საქართველოს სახალხო დამცველის თანამდებობაზე არჩევის შესახებ. ყოველ ასარჩევ კანდიდატს კენჭი ეყრება ცალ-ცალკე. კენჭისყრა ფარულია.

კენჭისყრის შედეგად არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს, მაგრამ არანაკლებ საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის ხმებისა. თუ არჩევისათვის საკმარისი ხმები ერთზე მეტმა კანდიდატმა მიიღო, მაგრამ მიღებულ ხმათა რაოდენობის ტოლობის გამო არჩეული ვერ გამოვლინდა, ამ კანდიდატურებს ერთად ეყრებათ კენჭი და არჩეულად ჩაითვლება ის, ვინც მეტ ხმას მიიღებს, მაგრამ არანაკლებ საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის ხმებისა. მიღებულ ხმათა ტოლობის შემთხვევაში კენჭისყრის პროცედურა გრძელდება სახალხო დამცველის გამოვლენამდე. თუ არჩევისათვის საკმარისი ხმები ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო, კენჭისყრიდან არა უადრეს 7 და არა უგვიანეს 14 დღისა ტარდება ხელახალი არჩევნები.

მასალების გადაბეჭდვის წესი