ახალი ამბები

ბრეგაძე: საზოგადოება არ იმსახურებს “ქართულ მარშს”

15 ნოემბერი, 2017 • 16154
ბრეგაძე: საზოგადოება არ იმსახურებს “ქართულ მარშს”

“ქართული მარშის” ლიდერის, სანდრო ბრეგაძის თქმით, “მარშის” არსებობის გაგრძელების საკითხი სხდომაზე გადაწყდება, რომელიც რამდენიმე დღეში გაიმართება. ბრეგაძის განცხადებით, მან ფეისბუკის პირად გვერდზე მართლაც დაწერა სტატუსი, რომელშიც “მარშის” შესაძლო დაშლასთან დაკავშირებით საუბრობდა, რადგან ფიქრობს, რომ ქართული საზოგადოება მას არ იმსახურებს.

“ქართული საზოგადოება ეგუება მკვლელებს, მწამებლებს, ადამიანების გამაუპატიურებლებს და ისინი ჰყავთ პოლიტიკურ ავანსცენაზე, ჰყავთ პარლამენტში და ხშირ შემთხვევაში, ტაშს უკრავენ ამ ადამიანებს. მათ თვალში დირეს ვერ ხედავენ, მაგრამ მზად არიან, რომ იმ ადამიანების თვალში, რომლებიც გულანთებულები იბრძვიან საქართველოსთვის, დაინახონ ბეწვი. ესაა ზუსტად მიზეზი იმისა, რომ ვიფიქრო, ქართული საზოგადოება არ იმსახურებს “ქართული მარშის” თავგანწირულ ბრძოლას.
…არც კონკრეტულად ქუთაისი არაფერ შუაშია, არც გორი, ხაშური ან თელავი. მე გეუბნებით, რომ 80% საზოგადოებისა გვიჭერს მხარს, თუმცა არის ინერტული. მათ უნდათ, რომ სხვისი ხელით მოკრიფონ ვარდი ისე, რომ ეკლებზე ხელი არ დაეფხაჭნოთ. ასე არაფერი გამოვა”, – თქვა ბრეგაძემ.

მისივე თქმით, “წევრები მოწადინებული არიან, რომ “ქართულმა მარშმა” არსებობა გააგრძელოს”, საბოლოო გადაწყვეტილება კი ზემოხსენებულ სხდომაზე იქნება მიღებული.

“ქართულმა მარშმა” ბოლო აქცია 13 ნოემბერ, ქუთაისში გამართა. “მარშის” წევრები, პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, ტორპედოს სტადიონზე შეიჭრნენ, სადაც საქართველოსა და ბელარუსს შორის ამხანაგური მატჩი მიმდინარეობდა .  ისინი უცენზურო შეძახილებს სკანდირებდნენ არნემის “ვიტესის” კაპიტნისა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ვიცეკაპიტნის, გურამ კაშიას მიმართ.

მატჩის დასრულების შემდეგ სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ისმის, თუ როგორ აგინებენ ქუთაისელების ნაწილს მარშის წევრები.

გურამ კაშიამ მიმდინარე წლის ოქტომბერში, ერედივიზიონის მატჩში მის გუნდს ლგბტ სამკლაურით გაუძღვა. მარში ამ ფაქტს უკვე რამდენიმე კვირაა აპროტესტებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი