ახალი ამბები

გიორგაძე: თითოეული სამინისტრო ოპტიმიზაციის გეგმას წარუდგენს მთავრობას

15 ნოემბერი, 2017 • 1568
გიორგაძე: თითოეული სამინისტრო ოპტიმიზაციის გეგმას წარუდგენს მთავრობას

საქართველოს კულტურის მინისტრის, მიხეილ გიორგაძის თქმით, ჯერ ისევ უცნობია, თუ რა რაოდენობის თანხა დაიზოგება ბიუჯეტში სამინისტროების ოპტიმიზაციით. მისი თქმით, ეს მთავრობის მომდევნო სხდომისთვის გაირკვევა, როცა სამინისტროები ოპტიმიზაციის გეგმებს წარადგენენ.

“ამ დღეების განმავლობაში ხშირად ისმოდა შეკითვები კონკრეტულ ციფრებთან იმ დანაზოგების ნაწილში, რომელიც როგორც მოგახსენეთ, ადმინისტრაციული მიმართულებით გაკეთდება. თითოეული სამინისტრო ოპტიმიზაციის გეგმას წარადგენს მთავრობაზე, რომლის შემდეგაც უკვე, ბუნებრივია, ეს კონკრეტული რიცხვები იქნება ცნობილი”, – განაცხადა გიორგაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

მისივე თქმით, შემდეგი მთავრობის სხდომისთვის თითოეული მინისტრი, სადაც მოხდა შერწყმა, იქნება მზად იმისთვის, რომ კონკრეტული გეგმა მთავრობას წარუდგინოს.

“მე, სიმართლე გითხრათ, მართლა ვერ ვხვდები, რით არის გამოწვეული ასეთი უარყოფითი მოლოდინი. ჩემ პირად განწყობაში ან დამოკიდებულებაში სპორტთან ვის შეიძლება შეეპაროს ეჭვი, თუ ჩემს წარსულს გადავხედავთ. ნამდვილად ყველაზე თავმდაბლურად რომ ვთქვა, ეს სფერო არაა ჩემთვის უცხო. არაერთი მეგობარი მყავს სხვადასხვა სპორტის სახეობაში – ეს წმინდა პირად დამოკიდებულებას რაც ეხება. ინსტიტუციური თვალსაზრისით, ეს იქნება ზუსტად ისეთივე თანაბარი შესაძლებლობების განვითარების მქონე მიმართულება, როგორიც დღეს არის კულტურა, და ჩემთვის გაუგებარია არგუმენტაცია, რის საფუძველზე შეიძლება ვინმეს უარყოფითი მოლოდინი ჰქონდეს”, – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გაუქმების შედეგად, სპორტის კომპონენტი კულტურის სამინისტროს შეუერთდება და მინისტრი მიხეილ გიორგაძე იქნება. გიორგაძის თქმით, ადმინისტრაციულ ნაწილში ოპტიმიზაცია გარდაუვალია.

“შერწყმა გულისხმობს ერთის მეორეზე მიერთებას, ამიტომ, სწორედ ამ სტრუქტურიდან გამომდინარე, რომელზეც ჩვენ მივალთ და თითოეულ ადამიანზე ფუნქციების განაწილების შემდეგ ჩვენ ვნახავთ როგორც რაოდენობრივად, ასევე, უწყებრივად, სად რამდენი შტატი შეიძლება შემცირდეს. მე სულაც არ ვგულისხმობ, რომ ამ შემთხვევაში მხოლოდ სპორტის სამინისტროს საშტატო ერთეულზე აისახოს ეს. თუ ჩვენ ერთიანი უწყების ფარგლებში განვიხილავთ ამას, ბუნებრივია, ორივეს საშტატო განრიგი თავიდან იქნება გადახედილი. 140 თანამშრომელი გვყავს ჩვენ და 106 ან 116 სპორტის სამინისტროს”, – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი