ახალი ამბები

არასამთავრობოები პრეზიდენტს არჩევნების თარიღის შეცვლისკენ მოუწოდებენ

3 ივლისი, 2013 • 1207
არასამთავრობოები პრეზიდენტს არჩევნების თარიღის შეცვლისკენ მოუწოდებენ

განცხადებაში ნათქვამია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების 31 ოქტომბერს, ხუთშაბათ დღეს დანიშვნამ საზოგადოებაში ორაზროვნება გამოიწვია:

“გამოითქვა მოსაზრება, რომ პრეზიდენტს საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის უფლება სამუშაო დღეს არ ჰქონდა. აღნიშნული განპირობებულია საარჩევნო კოდექსის მე-6 მუხლის ჩანაწერით, რომლის მიხედვითაც, „მორიგი არჩევნები, რეფერენდუმი/პლებისციტი, გარდა საპრეზიდენტო არჩევნებისა, შეიძლება ჩატარდეს კვირის ნებისმიერ დღეს.“ აღნიშნული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება კვირის ნებისმიერ დღეს არ შეიძლება, თუმცა არც საარჩევნო კოდექსში და არც სხვა რომელიმე კანონში დაკონკრეტებული არ არის, თუ რომელ დღეს არის ნებადართული საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება.

 

საგულისხმოა, კოდექსის აღნიშნული ჩანაწერი თანაარსებობდა კონსტიტუციის იმ ნორმასთან ერთად, რომელიც აკონკრეტებდა, რომ პრეზიდენტის არჩევნები  პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის გასვლიდან აპრილის მეორე კვირადღეს უნდა ჩატარებულიყო. აღნიშნული ნორმა კონსტიტუციაში დღეს აღარ გვხვდება, შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ საარჩევნო კოდექსის მე-6 მუხლის სადავო ჩანაწერი საკანონმდებლო ხარვეზს წარმოადგენს და პრეზიდენტი მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში უფლებამოსილი იყო საპრეზიდენტო არჩევნების დღე თავად განესაზღვრა”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

არასამთავრობოები მიიჩნევენ, რომ არჩევნების სამუშაო კვირის შუაში გამართვა რამდენიმე ფაქტორის საკმაოდ პრობლემატურია. კერძოდ, პრობლემები შეექმნებათ საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს, რომლებისთვისაც არჩევნების დღე, საქართველოსგან განსხვავებით, უქმე დღედ ვერ გამოცხადდება.

  

“სამუშაო კვირის შუა პერიოდში არჩევნების გამართვა საქართველოში მცხოვრები მოქალაქეებისთვისაც გარკვეულ დაბრკოლებას წარმოადგენს, რადგან ხშირ შემთხვევაში ამომრჩეველს მისი რეგისტრაციის ადგილზე სჭირდება მისვლა, რაც ხშირად ერთი ქალაქიდან მეორეში გადაადგლებას გულისხმობს, რისთვისაც ერთი სამუშაო დღის უქმად გამოცხადება საკმარისი არ არის”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მისი  უფლებამოსილება არჩევნების თარიღის დანიშვნის თაობაზე იმგვარად უნდა გამოიყენოს, რომ მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ამომრჩევლების აქტიურობას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ და უზრუნველყოს საქართველოს თითოეული მოქალაქის საარჩევნო უფლების რეალიზების შესაძლებლობა:

“წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, მივიღოთ საქართველოს მოქალაქეების ნიჰილისტური დამოკიდებულება საარჩევნო პროცესების მიმართ, რაც დემოკრატული საზოგადოებისათვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.

 

ზემოაღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, გამომდინარე იქიდან, რომ საპრეზიდენტო არჩევნების კვირა დღეს ჩატარება საქართველოსა და უცხოეთში მცხოვრები თანამოქალაქეების საარჩევნო უფლებების რეალიზების მნიშვნელოვან ფაქტორად მიგვაჩნია,  მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს, მიიღოს შექმნილი სიტუაციიდან ყველაზე ეფექტური, მარტივი და დროული გამოსავალი და არჩევნების თარიღის დანიშვნის შესახებ საკუთარ განკარგულებაში ცვლილებების შეტანის გზით არჩევნების თარიღად ოქტომბრის თვის ერთ-ერთი კვირადღე გამოაცხადოს”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

განცხადებას ხელს აწერენ ორგანიზაციები სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, კონსტიტუციის 42-ე მუხლი,საერთო-სამოქალაქო მოძრაობა – მრავალეროვანი საქართველო, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი, საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრი, სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრი, ადამიანის უფლებათა ცენტრი და საზოგადოებრივი დამცველი

მასალების გადაბეჭდვის წესი