ახალი ამბები

ლარის კურსი: ეროვნული ბანკი იმპორტიორებს აფრთხილებს

15 ნოემბერი, 2017 • 5218
ლარის კურსი: ეროვნული ბანკი იმპორტიორებს აფრთხილებს

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი აცხადებს, რომ ლარის გაუფასურება გარკვეულწილად განპირობებულია იმპორტიორების ქცევით:

“ჩვენ რასაც ვხედავთ, იმპორტიორები, ვინც ადრე იანვარ-თებერვალში ყიდულობდა ვალუტას, მათ დაიწყეს შესყიდვა ჯერ კიდევ აგვისტოდან და ახლა არის ეს უფრო გააქტიურებული, რაც ასევე მოლოდინებთან არის დაკავშირებული”, – განაცხადა მესტვირიშვილმა.

მან გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა იმპორტიორებთან მიმართებაში:

“თუ ვინმე ზედმეტად გაზრდის ფასს, მათ შორის იმპორტიორი, მას ეყოლება ადგილობრივი ჩამნაცვლებელი. ჩვენ ადრეც გვინახავს – გააძვირეს და შემდეგ მათი გაყიდვები შემცირდა და მოუწიათ ისევ ფასების შემცირება. ამ პროცესთან გვექნება ისევ საქმე”, – განაცხადა მესტვირიშვილმა.

მესტვირიშვილის თქმით, ეროვნული ბანკი გარკვეულ რეაგირებას მოახდენს, თუ ლარის გაუფასურება ინფლაციის საფრთხეს შექმნის.

“მართალია, ჩვენ გვაქვს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი, მაგრამ თუ დავინახავთ, რომ კურსის გადახრა მისი ფუნდამენტური მაჩვენებლიდან, ჩვენ თუ დავინახავთ, რომ ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი დიდი ხნით იქნება გადახრილი მისი ფუნდამენტური მდგომარეობიდან და ამან შეიძლება შეუქმნას საფრთხე ინფლაციას, ჩვენ მოვახდენთ რეაგირებას, მათ შორის გავამკაცრებთ მონეტარულ პოლიტიკას”, – განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ 21 ოტომბრის შემდეგ ლარი ყველა ვალუტასთან მიმართებაში ყოველდღიურად უფასურდება. დოლარის ღირებულებამ 2.7 ლარს მიაღწია, ხოლო ევროს – 3.15 ლარს, რაც ისტორიული მაქსიმუმია.

მასალების გადაბეჭდვის წესი