ახალი ამბები

რა შემთხვევაში მოახდენს რეაგირებას ეროვნული ბანკი ლარის დევალვაციაზე-ვიცეპრეზიდენტის განმარტება

15 ნოემბერი, 2017 • 1610
რა შემთხვევაში მოახდენს რეაგირებას ეროვნული ბანკი ლარის დევალვაციაზე-ვიცეპრეზიდენტის განმარტება

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი აცხადებს, რომ ლარის მცურავი გაცვლითი კურსის პირობებში დამახასიათებელია ცვალებადობა. მისი თქმით, ფუნდამენტური ფაქტორები, რამაც უნდა უზრუნველყოს ლარის სტაბილურობა, პოზიტიურია და გაუფასურება მოლოდინებით არის გამოწვეული.

“ჩვენ რასაც ვხედავთ, იმპორტიორები, ვინც ადრე, იანვარ-თებერვალში ყიდულობდა ვალუტას, მათ დაიწყეს შესყიდვა ჯერ კიდევ აგვისტოდან და ახლა არის ეს უფრო გააქტიურებული, რაც ასევე მოლოდინებთან არის დაკავშირებული”, – განაცხადა მესტვირიშვილმა.

მან განმარტა, თუ რა შემთხვევაში ჩაერევა ეროვნული ბანკი ლარის კურსთან დაკავშირებით:

“მართალია, ჩვენ გვაქვს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი, მაგრამ თუ დავინახავთ, რომ კურსის გადახრა მისი ფუნდამენტური მაჩვენებლიდან, ჩვენ თუ დავინახავთ, რომ ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი დიდი ხნით იქნება გადახრილი მისი ფუნდამენტური მდგომარეობიდან და ამან შეიძლება შეუქმნას საფრთხე ინფლაციას, ჩვენ მოვახდენთ რეაგირებას, მათ შორის გავამკაცრებთ მონეტარულ პოლიტიკას”, – განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტმა.

მან ასევე გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა იმპორტიორებთან მიმართებაში:

“თუ ვინმე ზედმეტად გაზრდის ფასს, მათ შორის იმპორტიორი, მას ეყოლება ადგილობრივი ჩამნაცვლებელი. ჩვენ ადრეც გვინახავს – გააძვირეს და შემდეგ მათი გაყიდვები შემცირდა და მოუწიათ ისევ ფასების შემცირება. ამ პროცესთან გვექნება ისევ საქმე”, – განაცხადა მესტვირიშვილმა.

მისივე თქმით, დღეს როვნული ბანკი აპირებს გამოაქვეყნოს ბლუმბერგში ბანკების მონაწილეობა.

“ჩვენ ხშირად გვესმის, რომ ორი ბანკი სისტემაში ახდენს გავლენას კურსზე და ამის საპასუხოდ დღეს, დღის განმავლობაში, გამოქვეყნდება ბანკების მიხედვით მათი წილი ვაჭრობაში”, – განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ 21 ოტომბრის არჩევნების შემდეგ ლარი ყველა ვალუტასთან მიმართებაში ყოველდღიურად უფასურდება. დოლარის ღირებულებამ 2.7 ლარს მიაღწია, ხოლო ევროს – 3.15 ლარს, რაც ისტორიული მაქსიმუმია.

რამდენიმე დღის წინ ფინანსთა მინისტრის მოადგილეებმა ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ ლარის რყევა ბაზარზე მოქმედი სუბიექტების მოკლევადიანი ქცევის შედეგია.

მასალების გადაბეჭდვის წესი