ახალი ამბები

“EU-მ მეტად უნდა დაუჭიროს მხარი საქართველოს” – ევროპარლამენტარების განცხადებები სამიტამდე

15 ნოემბერი, 2017 • 1653
“EU-მ მეტად უნდა დაუჭიროს მხარი საქართველოს” – ევროპარლამენტარების განცხადებები სამიტამდე

ბრიუსელში დაგეგმილ სამიტამდე ევროპარლამენტში აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის წინაშე არსებულ  გამოწვევებზე იმსჯელეს და სამიტთან დაკავშირებული რეზოლუციის პროექტი განიხილეს, რომელსაც კენჭი დღეს, 15 ნოემბერს უნდა ეყაროს. სხდომაზე საუბარი საქართველოსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ევროგაერთიანებამ მეტად ეფექტური და თანმიმდევრული ნაბიჯები უნდა გადადგას ქვეყნის მიმართ.

“სოციალ-დემოკრატთა პროგრესული ალიანსის” წევრმა ანდრეს მამიკინსმა აღნიშნა, რომ შედეგის მისაღწევად ევროკავშირმა მიდგომა უნდა შეცვალოს. მისი თქმით,  ევროგაერთიანების მიერ მოლდოვის, უკრაინისა და საქართველოს ერთ კონტექსტში განხილვა არასწორია, ვინაიდან ამ უკანასკნელმა გაცილებით დიდ პროგრესს მიაღწია ბოლო წლების განმავლობაში.

“ვფიქრობ, ევროპული პარტნიორობის პროგრამა იდეოლოგიური გამოწვევის წინაშე დგას. ჩვენ ვაკეთებთ რაღაცას, რაც არ ამართლებს, თუმცა, არ ვიცით, რა არის ეს. უკრაინაში ჩვენს გვაქვს მრავალი პრობლემა მედიის თავისუფლების, კორუფციასთან ბრძოლისა და ეკონომიკური რეფორმების კუთხით. არ გვესმის, როგორ გავუმკლავდეთ პროგრესსა თუ რეგრესს, გავცემთ ცარიელ დაპირებებს პარტნიორი ქვეყნების მიმართ. ჩვენ უნდა შევცვალთ მიდგომა. პოზიტიური მაგალითია საქართველო, სადაც შეიმჩნევა დიდი პროგრესი. ასე რომ, ვფიქრობ, ევროკავშირმა მეტად უნდა დაუჭიროს მხარი ამ ქვეყანას და არ დააყენოს უკრაინისა და მოლდოვის გვერდით”, – განაცხადა მამიკინსმა.

ევროკავშირის პოლიტიკა საკმაოდ ხისტად შეაფასა ევროპარლამენტარმა რებეკა ჰარმსმა, რომელმაც განაცხადა, რომ ორგანიზაცია აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში შემავალ ქვეყნებს საქმეს უფრო მეტად ურთულებს, ვიდრე უადვილებს. მისი თქმით, აღნიშნული სახელმწიფოები რეფორმების გატარების პროცესში მრავალ სირთულეს აწყდებიან, რომელთა მაპროვოცირებელი, ხშირ შემთხვევაში, რუსეთია. სწორედ ამიტომ, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ქვეყნები პუტინის ქმედებებს გაუმკლავდნენ.

“ფანტასტიკურია, რომ ევროპის აღმოსავლეთში გვეგულება ქვეყნები, რომელთაც სურთ ევროპულ სივრცეში ინტეგრაცია. დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ხარისხი ამ ქვეყნებში  მშვიდობისა და სტაბილურობის ერთ-ერთი გარანტია ევროპისთვის. თუმცა რეფორმების გატარების პროცესში ისინი გაცილებით რთულ მდგომარეობაში იმყოფებიან, ვიდრე, მაგალითად, ბალტიკის ქვეყნები.
დღეს ჩვენ მათ საქმეს კი არ ვუადვილებთ, არამედ პირიქით, ვურთულებთ. მინდა მოგიწოდოთ, ნუ დატოვებთ ამ შესაძლებლობას დაუფასებელს, დატოვეთ ღია კარი ამ ქვეყნებისთვის. რადგან, თუ მიმდინარე რეფორმებს ევროპის მხარდაჭერა არ ექნება, პროცესი მეტად გართულდება; რადგან რუსეთი და პუტინი აძლიერებენ ძალისხმევას, რათა შეეწინააღმდეგონ თავისუფალ სახელმწიფოთა გადაწყვეტილებებს.
ცალსახაა, რომ ჩვენ უნდა დავეხმაროთ ამ ქვეყნებს ანექსიის, ოკუპაციისა და გაყინული კონფლიქტების შედეგების წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ, რათა გაუმკლავდნენ პუტინს”, – განაცხადა რებეკა ჰარმსმა ევროპარლამენტში გამოსვლისას.

აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის შესახებ დებატებში “ევროპის სახალხო პარტიის” წევრი ლაიმა ანდრიკიანეც მონაწილეობდა. მან კოლეგებს “აღმოსავლეთ პარტნიორობა+” ფორმატის ამოქმედებისკენ მოუწოდა, რომელიც პარტნიორ ქვეყნებში მეტი საინვესტიციო პროგრამის განხორციელებას, კანონის უზენაესობის გაძლიერებასა და კორუფციასთან ბრძოლას მოიცავს. ანდრიკიანემ აღნიშნა, რომ პროგრამა “წაადგება არა ოლიგარქებს, არამედ აღნიშნულ სახელმწიფოთა მოსახლეობას”.

ბრიუსელში დაგეგმილი სამიტი უნდა იყოს მომავალზე ორიენტირებული, ახალი დინამიკის მომცემი და ნათელი პოლიტიკური ხედვის ჩამოყალიბების წინაპირობა ჩვენი აღმოსავლეთ პარტნიორობისათვის.
თუ სამიტი ამ ყველაფერს უგულებელყოფს, თუ მისი ფინალური დეკლარაცია მოკლებული იქნება სიახლეებს, ის იქნება დაკარგული შესაძლებლობა და  წარმოაჩენს ევროკავშირის ქმედითუუნარობას, გაუმკლავდეს გამოწვევებს.

არსებული გეოპოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, ჩვენ უნდა შევიტანოთ რეკომენდაციებში ახალი გეგმა უშუალოდ ამ ქვეყნებისთის. მასში უნდა აისახოს ახალი საინვესტიციო პროგრამა ინვესტიციებისა და ეკონომიკური განვითარების გასაუმჯობესებლად; ასევე, სტრუქტურული რეფორმები კანონის გაძლიერებისა და კორუფციასთან ბრძოლისთვის. ყოველივე ეს მიმართული უნდა იყოს არა ოლიგარქების, არამედ ჩვეულებრივი ხალხის სასარგებლოდ, გზების კეთილმოწყობისთვის, სამუშაო ადგილებისთვის, საზოგადო სერვისებისთვის, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის და უშუალოდ საომარ მდგომარეობაში მყოფი უკრაინის ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის”.

„აღმოსავლეთ პარტნიორობა“ (EaP)  ერთობლივ ინიციატივას წარმოადგენს. მასში ჩართულია ევროკავშირი, მისი წევრი სახელმწიფოები და  აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყანა: სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა. 24 ნოემბერს ბრიუსელში პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში მეხუთე სამიტი გაიმართება.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი