ახალი ამბები

ნაცვლიშვილი: სახალხო დამცველის კანდიდატურაზე პარტიებთან კონსულტაციები ჯერ არ ყოფილა

15 ნოემბერი, 2017 • 1631
ნაცვლიშვილი: სახალხო დამცველის კანდიდატურაზე პარტიებთან კონსულტაციები ჯერ არ ყოფილა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ომბუდსმენის პოზიციაზე კონსულტაციები პოლიტიკურ აქტორებს მასთან ჯერ არ ჰქონიათ, თუმცა ამის შესახებ სხვა სექტორებში არის საუბარი.

“პოლიტიკური აქტორებთან კონსულტაციები ჯერჯერობით არ ყოფილა, თუმცა, როგორც განვაცხადე, სხვადასხვა წრეებში მიმდინარეობს ამაზე საუბარი,”- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

კითხვაზე, დაუჭერს თუ არა მხარს ომბუდსმენის პოსტზე მის კანდიდატურას ხელისუფლება, ნაცვლიშვილი პასუხობს, რომ ხელისუფლებამ გამოცდილ და საზოგადოების ნდობით მოსარგებლე ადამიანს უნდა დაუჭიროს მხარი.

“ამ ეტაპზე ვერ ვხედავ ლოგიკურ საფუძველს, რატომ შეიძლება, მმართველმა პარტიამ უარი თქვას არა მხოლოდ ჩემზე, არამედ ნებისმიერ გამოცდილ და საზოგადოების ფართო წრეებში ნდობით მოსარგებლე ადამიანზე – ვფიქრობ, სახალხო დამცველი სწორედ ამ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს. ასევე, არ ვფიქრობ, რომ მხოლოდ ერთი კანდიდატი აკმაყოფილებს დღეს საქართველოში ამ მოცემულობას, ნამდვილად ბევრი ღირსეული ადამიანია,”- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მან ასევე ისაუბრა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სახალხო დამცველის შერჩევის პროცესი:

“ვფიქრობ, ზოგადად, ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანია, იყოს შერჩევის პროცესი და ეს იყოს გამჭვირვალე და ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების ფორმატი,  სადაც საზოგადოებას და დაინტერესებულ პირებს ექნებათ შესაძლებლობა, თვალყური მიადევნონ კანდიდატების ხედვებს. ასევე, გადაწყვეტილების მიმღები პირების მხრდან იყოს გარკვეული დასაბუთება მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ თითოეულ რეალურ კანდიდატთან მიმართებაში.

რაც შემეხება მე, ვთვლი, რომ ჩემი გამოცდილებით და ცოდნით შევძლებ პასუხი გავცე ამ გამოწვევას იმიტომ, რომ ეს მართლაც ძალიან საპასუხისმგებლო პოზიციაა და უმიშვნელოვანესი კონსტიტუციური ინსტიტუტია.  თუ იქნება შესაბამისი შემოთავაზება, ვფიქრობ, მაქვს მონაცემები იმისთვის, რომ ამ პოზიციაზე შევძლო ქვეყნის ინტერესების და ამ ქვეყნის მოქლაქეების ინტერესების დაცვა,”- განაცხადა ანა ნაცვლოშვილმა.

არასამთავრობი სექტორში სახალხო დამცველის პოზიციაზე სამი კანდიდატი განიხილება – ანა ნაცვლიშვილი, ვახუშტი მენაბდე და ზვიად ქორიძე. არც საპარლამენტო უმრავლესობას, არც ოპოზიციურ პარტიებს კადიდატები ჯერ არ დაუსახელებიათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი