ახალი ამბები

შსს: თბილისის აეროპორტში ბომბი არ აღმოჩნდა – ცრუ განგაში იყო

14 ნოემბერი, 2017 • 2903
შსს: თბილისის აეროპორტში ბომბი არ აღმოჩნდა – ცრუ განგაში იყო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბომბი არ აღმოჩნდა, ხოლო ყველა რეისი აღდგენილია და ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს მგზავრთა რეგისტრაცია.

დღეს, 14 ნოემბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ევაკუაცია გამოცხადდა. შსს-ს ცნობით, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება, რომლის საფუძველზეც, პოლიციამ დაიწყო შესაბამისი მოქმედებების განხორციელება:

“მოხდა მგზავრების ევაკუაცია, დეტალურად შემოწმდა აეროპორტის ორივე ტერმინალი და მიმდებარე ტერიტორია. მყისიერად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, დადგინდა, რომ მიღებული შეტყობინება სიმართლეს არ შეესაბამება. ამჟამად, ყველა რეისი აღდგენილია. მგზავრთა რეგისტრაცია ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.”

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიცხადეს, ცრუ შეტყობინებასთან დაკავშირებით გამოძიება თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოში სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე მუხლით დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი