ახალი ამბები

კანონი მოსმენებზე, Birja Mafia-ს საქმე – საქართველო Freedom House-ს ინტერნეტის თავისუფლების რეიტინგში

14 ნოემბერი, 2017 • 2023
კანონი მოსმენებზე, Birja Mafia-ს საქმე – საქართველო Freedom House-ს ინტერნეტის თავისუფლების რეიტინგში

ორგანიზაცია “Freedom House”-ს ინტერნეტის თავისუფლების რეიტინგში საქართველო, გასული წლის მსგავსად, თავისუფალი ქვეყნების ნუსხაში მოხვდა. ქვეყანამ პოზიცია ერთი პუნქტით, 24-მდე გაიუმჯობესა და ამ კუთხით რეგიონში ლიდერის სტატუსი შეინარჩუნა. ცნობისთვის, ორგანიზაციის შეფასების სისტემით, 0 ქულა საუკეთესო, 100 კი ყველაზე ცუდი შედეგია.

ქვეყანაში ინტერნეტის თავისუფლებასთან დაკავშირებით ანგარიშში სამი საკვანძო საკითხია განხილული. ესენია:

  • 2016 წლის მარტში მთავრობის მიერ ვიდეოპორტალ “Vimeo”-ს დაბლოკვა, რაც ვებგვერდზე ერთ-ერთი პოლიტიკოსის ე.წ. პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნებას მოჰყვა.
  • სამოქალაქო საზოგადოების ინტერნეტ კამპანია(“ეს შენ გეხება”) მოსმენების შესახებ კანონის წინააღმდეგ.
  • კრიტიკა მოსმენების კანონის იმ ნაწილთან დაკავშირებით, რომელიც მომხმარებლის პირად ინფორმაციაზე “არამართლზომიერ” წვდომას შესაძლებელს ხდის.

“საერთო ჯამში, საკანონმდებლო დადგენილებებისა და სასამართლო გადაწყვეტილებების შემდეგ,  სახელმწიფოს გაეზარდა ვირტუალურ სივრცეში მოქალაქეთა კონტროლის შესაძლებლობა”, – აღნიშნულია ანგარიშში.

დოკუმენტში საუბარია სამოქალაქო სექტორის კრიტიკაზე  2017 წლის მარტში მიღებულ კანონთან დაკავშირებით მოსმენების შესახებ, რომელიც პარლამენტმა მას შემდეგ შეიმუშავა, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ მანამდე არსებული რეგულაციები არაკონსტიტუციურად ცნო. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ კანონის  მიხედვით, ახლად შექმნილ, სახელმწფოზე დაქვემდებარებულ სააგენტოს წვდომა უნდა ჰქონოდა კომპიუტერულ და სატელეკომუნიკაციო სისტემებზე, ასევე შეეძლო, შეემოწმებინა ელექტრონული კომუნიკაციების კომპანიები; ეს და სხვა ფაქტორები კი არასამთავრობო სექტორის კრიტიკას იწვევდა, რომელიც მოქალაქეთა პირადი მონაცემების ხელშეუხებლობის დარღვევაზე მიუთითებდა.

ანგარიშის იმ ნაწილში, რომელიც სახელმწიფო მართლმსაჯულებისა და ინტერნეტის თავისუფლების საკითხებს ეხება, აღნიშნულია, რომ საქართველოს მოქალაქეები ინტერნეტ აქტივობებში თავისუფლანი არიან და სანქციებით არ იზღუდებიან. თუმცა ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს ჯგუფ “ბირჟა მაფიას” რეპერების დაკავებაზე. “Freedom House” აღნიშნავს, რომ “პოლიცია დაკავებულ მომღერლებს ნარკოტიკის შენახვაში ადანაშაულებდა, თუმცა დაკავებულები და მათი მხარდამჭერები ამტკიცებდნენ, რომ ბრალდება ყალბია და ის Youtube-ზე განთავსებულ კლიპს უკავშირდება, რომელშიც სამართალდამცავები იყვნენ გაშარჟებულნი”.

ამავე ნაწილში საუბარია 2016 წლის აპრილში თბილისის ფორუმის მომხმარებელ სულხან წულაძის დაკავების ფაქტზე. მაშინ დაკავებულის ოჯახი ამტკიცებდა, რომ წულაძე Forum.ge-ზე გახსნილი თემის გამო დააკავეს, სადაც ხუმრობით აღნიშნავდა, რომ აშშ-ის საელჩოს აფეთქებას გეგმავდა. ანგარიშში წერია, რომ “ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციები უკანონოდ აფასებდნენ გადაწყვეტილებას; აღნიშნავდნენ, რომ წულაძე ცნობილი იყო თავისი პროვოკაციული განცხადებებით და მისი პოსტი ხუმრობას წარმოადგენდა”.

“Freedom House”-ს მონაცემები საქართველოში ინტერნეტის თავისუფლების კუთხით არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით 2016 წლის 1 ივნისიდან 2017 წლის 31 მაისამდე პერიოდს მოიცავს. ზოგად სურათთან ერთად, კვლევაში ციფრებშია მოცემული ინფორმაცია ინტერნეტის ხელმისაწვდომობის, მომხმარებელთა უფლებებისა და სხვა დეტალების შესახებ. ინტერნეტით სარგებლობის სიმარტივის მაჩვენებელზე ორგანიზაციას 25 ქულა(ყველაზე ცუდი) აქვს მინიჭებული, საიდანაც საქართველომ 7 ქულა დააგროვა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 1 ქულით ნაკლებია. სწორედ აღნიშნულ ცვლილებას უკავშირდება საერთო შედეგის გაუმჯობესება. რაც შეეხება ინტერნეტ-რესურსების კონტროლს, ამ კუთხით ქვეყანა 35-დან 6 ქულით შეფასდა, მომხმარებელთა უფლებების დარღვევის კუთხით კი, 40-დან 11 ქულით.

აღსანიშნავია, რომ გაუმჯობესებულია ინტერნეტის ხელმისაწვდომობის მაჩვენებელიც: გასული წლის 45%-იანი მაჩვენებელი 50-მდეა გაზრდილი.

რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს: აზერბაიჯანს გასულ წელთან შედარებით მდგომარეობა 1 პუნქტით გაუუარესდა და 58 ქულა მიენიჭა, რომლითაც ნახევრად თავისუფალ ქვეყნებს შორის მოხვდა. შედეგი გააუარესა სომხეთმაც, რომელსაც ორგანიზაციამ 32 ქულა მიანიჭა და ინტერნეტ-თავისუფალი სახელმწიფოების ნუსხიდან ნახევრად თავისუფალ ქვეყნებს შორის გადაინაცვლა. 2016 წელს “Freedom House”-მა სომხეთში ინტერნეტის თავისუფლების მაჩვენებელი 30 ქულით შეაფასა.

მასალების გადაბეჭდვის წესი